• ჩატაევი და მისი ჯგუფი ქვეყანაში არ შემოვიდოდა აქ დასაყრდენი რომ არ ჰქონოდათ – სესიაშვილი

    ორშაბათი, 15 იანვარი 2018 16:44 view 4012
    ჩატაევი და მისი ჯგუფი ქვეყანაში არ შემოვიდოდა აქ დასაყრდენი რომ არ ჰქონოდათ – სესიაშვილი

    „საერთაშორისო დონის ტერორისტები, ვინც ქვეყანაში შემოვიდნენ, არ შემოვიდოდნენ მყარი დასაყრდენი რომ არ ჰქონოდათ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პანკისსა და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ჩვენს ხელთ არის ჩატაევის კომპიუტერი, ტელეფონები, ჩანაწერები და სხვა მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩატაევი სხვა პირებთან ერთად აპირებდა ტერორისტული აქტების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მასთან კავშირზე გავიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ხელს უწყობდნენ იარაღის მოპოვებაში, სხვადასხვა ტექნიკური საშუალების შეძენაში, საბანკო მიმოქცევაში და ასე შემდეგ. ესეც ფაქტია და ამასთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები.

    საერთაშორისო დონის ძებნილები შემოდიან ქვეყანაში უკანონოდ და როგორ გგონიათ, თუ მაქსიმალურად არ ენდობიან ადამიანს, ისე უბრალოდ ვინმეს დაუკავშირდებოდნენ? სხვას რატომ არ დაუკავშირდნენ? ჩვენ ხომ მუდმივი თვალთავალი გვქონდა.

    არა, გამიზნულად ჰქონდათ ურთიერთობა მხოლოდ ამ ადამიანებთან და მეტიც, მას შემდეგ რაც სპეცოპერაცია ჩატარდა და მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ სამი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ, ამ ხუთი ადამიანიდან არცერთი არ გამოცხადებულა სამართალდამცავ ორგანოებში და არ უთქვამს, მათთან ურთიერთობა მქონდა და არ ვიცოდი, თუ ტერორისტები იყვნენო. მათი მხრიდან სრული დუმილი იყო. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს დავიცავ, თუმცა სხვა მიდგომას ვერ გავამართლებ. მესმის, რომ ტრაგედიაა ოჯახისთვის და მძიმე ფაქტი მოხდა, თუმცა ამ ფაქტის გამო არ შეიძლება რაიმე სახით გავამართლოთ ტერორიზმთან მათი კავშირი და მხარდაჭერა“, – განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

    მისივე თქმით, სპეცრაზმს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია არ სურდა. ირაკლი სესიაშვილმა არასწორი უწოდა ინფორმაციას, რომ ვიდეომასალა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილისა და ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრების ნაცნობობას ადასტურებს, ერთი წლის წინ არის გადაღებული.

    „ეს არის 2017 წლის ნოემბრის კადრები. მას შემდეგ, რაც ეს სამკაციანი ჯგუფი შემოვიდა, მათ ხუთმა ადამიანმა მხარდაჭერა გამოუცხადა და მათი მიზნების მისაღწევად ეხმარებოდნენ სხვადასხვა საქმეებში. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენებები, ჩანაწერები და ამ ნაწილში თუ დავიწყებთ რაღაცის გამართლებას იმის გამო, რომ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, ეს არ იქნება სწორი.

    სამწუხაროდ პანკისში, ისეთივე კარგი ოჯახებიდან ხდებოდა ახალგაზრდების წაყვანა „ისლამურ სახელმწიფოში“. სამწუხაროდ, ისევ და ისევ ამაში პანკისელი მოქალაქეები ეხმარებოდნენ. როდესაც ამას გავამართლებთ, როცა ამაზე თვალს დავხუჭავთ, ტრაგედია დატრიალდება.

    სპეცრაზმელი დაგვეღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ეს არავის უხარია - არც ერთ ოჯახს და არც მეორე ოჯახს.

    მეტი ყურადღება გვჭირდება. როცა ვსაუბრობთ, ტრადიციები გვეუბნება, რომ სტუმარი ოჯახში უნდა მივიღოთ, ეს ტრადიცია თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ტრადიციებით ნუ დავფარავთ იმას, რომ სამწუხაროდ, ეს ადამიანები გამიზნულად ურთიერთობდნენ ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

    მან კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილ გვერდთან დაკავშირებით, სადაც ე.წ. „ისლამური სახელმწფოს“ მხარდამჭერი მასალებია გამოქვეყნებული.

    „სპეცსამსახურებს თავისი სპეციფიკა აქვთ. სპეცსამსახურებს თუ მოსთხოვთ, რომ ყველა ასეთ გამოვლინებაზე მოქმედება განახორციელონ, მერწმუნეთ ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

    სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, ვისაც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპატიები გააჩნია სხვადასხვა მოტივებით. ჩვენ მათ სიმპატიებს ვერ მივიღებთ საკმარის მტკიცებულებად, რომ მათ მიმართ განხორციელდეს დასჯითი ღონისძიება“, 

    – განაცხადა სესიაშვილმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა საკუთარ საძინებელ ოთახში დაკავებისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილი და დაკავებული ოთხი პირი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებს ეხმარებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის, თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია, როდის არის გადაღებული ეს ვიდეო. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში პანკისის ხეობაში ხშირად იმყოფებოდნენ და მათ სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდნენ. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]