შოაიფ მარგოშვილს, ჯაბრაილ ქუშანაშვილსა და იუსუფ ხანგოშვილს სუს-ში დაკითხვაზე გამოძახების თაობაზე უწყებები 14 იანვარს ჩააბარეს. მანამდე, 13 იანვარს, საღამოს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა, ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან ერთად იუსუფ ხანგოშვილიც იყო გადაღებული, თუმცა სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში მისი სახე დაფარულია.
იუსუფ ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის და უხუცესთა კავშირის წევრის, ჯარაფ ხანგოშვილის შვილია. შოაიფ მარგოშვილი კი პანკისში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის, რამაზ მარგოშვილის შვილია.
დადასტურებული ინფორმაციით, სუს-ში დაბარებული სამივე ახალგაზრდა, დაახლოებით 2 წლის წინ, პანკისიდან სასწავლებლად ირანში იყო გაგზავნილი.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს, თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლანბეგ სოლტახმადოვი და წინა დღეს, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი, 2016-2017 წლებში პანკისის ხეობაში ყველაზე ხშირად რამაზ მარგოშვილს სტუმრობდნენ. რამაზ მარგოშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი მეზობლები იყვნენ. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, თემირლანმა აღნიშნული პირები პანკისში გაიცნო. ისინი საკუთარ თავს სეიფულას და აბდულას უწოდებდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.