• თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

    კვირა, 04 თებერვალი 2018 19:03 view 5292
    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი განმარტებას აკეთებს მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, „საქართველო პანკისხეობას დაკარგავს“. ოჯახი განმარტავს, რომ ეს განცხადება ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემას უსვამს ხაზს. 

    მაჩალიკაშვილების ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადასხვა ადამიანების და ჯგუფების მიერ.

    დასაწყისშივე გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი ოჯახის ემოციური მდგომარეობა ეხლა უაღრესად მძიმეა. ჩვენმა ოჯახმა ყველაზე მძიმე ფორმებით განიცადა უსამართლობა და ამ სტრესის და ტკივილის გადატანას უზენაესი ალაჰისა და ჩვენი ქისტი და ქართველი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე სამართლიანობის იმედით თუ ვახერხებთ.

    ჩვენი 19 წლის შვილი ჩვენივე სახლში ღამით ყველაზე სასტიკი და აგრესიული ფორმით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს. სპეცრაზმელები ჩვენს ოჯახს, როგორც დამნაშავეებს და არაადამიანებს მოგვექცნენ. იარაღების დამიზნებით იატაკზე დაგვყარეს და გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში ვყავდით გამოკეტილები და იარაღებით კბილებამდე შეიარაღებული პირები გადაადგილების შესაძლებლობას და ჩვენი შვილის დაჭრის შესახებ ინფორმაციის გაგების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევდნენ. ერთი საათის განმავლობაში თემირლანი საკუთარ ოთახში სისხლისგან იცლებოდა და ჩვენ ჩვენი შვილის დახმარების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ჩვენი სასოწარკვეთა და ტრაგედია იმდენად ღრმა არის, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია და ამას ჩვენი ქისტური სიმამაცის ეთიკაც არ გვაძლევს.

    პირველივე დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო თემირლანისგან დამნაშავის ხატის შექმნა და საკუთარ განცხადებებში სუს-მა ის ყოველგვარი ვარაუდის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადა. საკუთარი შეცდომების და უსამართლობის აღიარების ნაცვლად, ხელისუფლება თემირლანის დისკრედიტირებას ცდილობდა, რაც ცხადია, მისი მხრიდან დაშვებული უსამართლობის გადაფარვის და ჩვენი ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტების მცდელობა იყო.

    ცხადია, თემირლანის, უდანაშაულო ახალგაზრდის საკუთარ სახლში ამ ფორმით სიცოცხლის ხელყოფის საქმე აღელვებს არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ მთელ ხეობას. ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობას ყველა ხელისუფლება საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავდა და ადგილობრივ ხალხს მუდმივად იმის მტკიცება გვჭირდება, რომ ტერორისტები და რადიკალები არ ვართ. სირცხვილის და თავის მართლების ეს მდგომარეობა რეგიონში სწორედ ხელისუფლებების არასწორმა პოლიტიკამ შექმნა.

    ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ღრმა კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთვის გამოიყენოს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ხეობაში ძირითადი მოქმედი სახელმწიფო უწყება სუს-ია, რომელიც სწორედ დასჯის და კონტროლის საშუალებებით მუშაობს ჩვენზე.

    ბოლოს ჩატერებული სისხლიანი სპეცოპერაცია და მის გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოციალური შინაარსისგან დაცლილი, გაუაზრებელი განცხადებები ჩვენს ამ განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩვეთვის მოყენებული ტკივილი და დასუსტებული ნდობა შეეცვალა, მაღალი თანამდებობის პირები არც კი ჩამოვიდნენ ხეობაში. ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ეს უმოქმედობა უმეცრებაა მხოლოდ, თუ რაიმე სტრატეგია. ხელისუფლებამ ღია ჭრილობებით და ტკივილით მიგვატოვა პანკისელები და დღეს უფლის, საკუთარი და ჩვენი მეგობრების ძალებით ვცდილობთ ამ ღრმა სტრესის გააზრებას და გადალახვას.

    ცხადია, ჩვენს ოჯახს და ქისტებს გვაქვს გონიერება და ძალა ხელისუფლების ეს პოლიტიკური უმეცრებაც ავიტანოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და როგორც ყველა სხვა ჯგუფს, უმრავლესობასა თუ უმცირესობას, გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა და ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით უსამართლო პოლიტიკის მძიმე შედეგებს. ზოგიერთი სიკვდილს ვებრძვით, ზოგიერთი - სიღარიბეს, ზოგიერთი - ღირსების შელახვასა და სასოწარკვეთას. თუმცა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს და სამართლიანობის მიღწევას აქ და ახლა უნდა მივაღწიოთ კანონიერი და მშვიდობიანი საშუალებებით და ერთმანეთის მხარდაჭერით. პანკისი საქართველოს ნაწილია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეობის განცდა გამორჩეულად მაღალი გვაქვს და ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც.

    ამდენად,

    მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. დიახ, ნდობის აღდგენის ხაზი დღეს ამ საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესზე გადის და ეს მთელი ხეობისთვის ასეა.

    ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თემირლანის საქმეზე მისი ოჯახი ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დადგენისთვის. სიმართლის დადგენა ჩვენთვის ნიშნავს სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებელი სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების და სროლის განმახორციელებელი პირის სამართლებრივ დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ჩვენთვის სამართლებრივი შესაძლებლობის მოცემას. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ თემირლანმა ნამდვილად იცოდა, რომ ის ბიჭები, რომელთაც თითქმის მთელი ხეობა და ჩვენი ოჯახიც სხვა სახელებით იცნობდა და მეგობრობდა, ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამ მიზნით მათ თემირლანი სხვადასხვა რესურსებით ეხმარებოდა. თუ ამას თავის დროზე დამიმტკიცებდა ხელისუფლება, ჩემი ხელით მივუყვანდი ჩემს შვილს დასაპატიმრებლად. ამისთვის ომის ტექნიკის გამოყენება ხელისუფლებას ჩვენს ოჯახთან არ დასჭირდებოდა.

    ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს სუს-ის საქმიანობის პოლიტიკური სიბრმავე და პანკისის ხეობაში მისი საქმიანობის მძიმე შედეგები და დროულად შეცვალოს ის და რაც მთავარია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსთხოვოს მის ხელმძღვანელობას.

    ჩვენ მადლობას ვუხდით მედიას საქმის მიმართ ინტერესის და მხარდაჭერის გამო, თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ჩვენი კომუნიკაცია უფრო საქმიანი და ნაკლებად ემოციური იყოს, მომავალში საქმის გარშემო სიახლეებს და ჩვენი ოჯახის პოზიციებს სპეციალურად შექმნილი „ფეისბუქ“ გვერდის და ჩვენს ადვოკატებთან ერთად ორგანიზებული შეხვედრების გზით გაგიზიარებთ.

    ქართული საზოგადოების მიმართ ღრმა პატივისცემით და მადლიერებით, თემირლანის ოჯახი“, - ნათქვამია განცხადებაში.

    მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი შვილის საქმის გამოძიებაზე ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ 2 თებერვალს ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა მას ქართული მართლმსაჯულების იმედი, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს იმედი არ აქვს.

    „იმედი მთლად გადამეწურა იმიტომ, რომ ვიცი, უდანაშაულო შვილი მომიკლეს. ამ სახელმწიფოს იმედი მე არ მაქვს, მაქვს ხალხის იმედი. ვიცი, რომ ქართველი ხალხიც ამომიდგება გვერდით, ჩეჩენი ხალხიც ამომიდგება, მთელი პანკისის ხეობაც. ევროპაშიც და ევროპის გარეთაც ჩემს გვერდით დგანან. თემირლანის საქმეს ევროსასამართლომდე გავიტან. ამასაც დავამატებ, თუ უმკაცრესი ზომებით არ იქნა გასამართლებული, კანონის ფარგლებში, თავიდან, იმ გომელაურებიდან, ვინც მოახდინა ეს გასროლა, მე ამას სრული გარანტიით ვიძახი, ამ ხალხის სანაცვლოდ საქართველო პანკისის ხეობას დაკარგავს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]