• პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანს 4.5 კმ-ზე მილებში მოაქცევენ

    კვირა, 18 მარტი 2018 18:14 view 14536
    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანს 4.5 კმ-ზე მილებში მოაქცევენ

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

    სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებს უკვე გადააქვთ 2 მეტრი დიამეტრის უზარმაზარი მილები.

    „ხადორი 3“ ჰესი საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრშია. მოსახლეობა სოფელთან ასე ახლოს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

    „ჩვენი ერთადერთი შემოსავალი საქონელია. ბირკიანს ისედაც პატარა საძოვარი აქვს. ნაკრძალში საქონელს არ უშვებენ. რიყეზე კი, მდინარის პირას, ზაფხულში გვალვის დროს ისედაც ბალახის პრობლემა გვქონდა და ახლა, წყალი რომ აღარ იქნება მდინარის კალაპოტში, ეს პრობლემა უფრო გამწვავდება.

    ალაზანს ამხელა მილებში რომ მოაქცევენ, შეიძლება ჭაში სასმელი წყალიც დაგვიწყდეს. ალაზნის წყლით საზრდოობს ჩვენი სოფელი და ალაზანი რომ აღარ იქნება, ჭაც დაშრება.

    არცერთხელ არ მოსულან და ხალხთან საუბარი არ ჰქონიათ. პირდაპირ მილების მოტანა რომ დაიწყეს, ხალხს ხომ უნდა აგვიხსნან, ამ საფრთხეების თავიდან აცილებას რით აპირებენ. ამ ყველაფრის გარეშე ხალხი წინააღმდეგია და კიდევ ერთი ჰესის აშენებას არ დავუშვებთ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა ვახტანგ ფარეულიძემ.

    „წყალი თუ აღარ იქნება, საძოვარი თუ აღარ იქნება, როგორ უნდა ვიარსებოთ აქ? სოფლიდან ცოტა მოშორებით გაეკეთებინათ ჰესი, მაგრამ არავის უკითხავს ჩვენი აზრი. ამ ადგილას და ამ რისკებით ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ“, - ამბობს რამაზ ფარეულიძე.

    მოსახლეობა უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

    ჰიდროელექტროსადგურს „ხადორი 3“ კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰესისთვის წყალაღება „ხადორი 2“ ჰესის გამყვანი არხიდან მოხდება. ამისათვის კი ხადორის ხეობაში 4.5 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება.

    გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. წავის პოპულაციის კლების მიზეზი შემცირებული საკვები ბაზაა, რასაც მდინარის ჩამონადენის კლება გამოიწვევს. ხელფრთიანებისთვის კი გარკვეულწილად თავშესაფარი ადგილები განადგურდება.

    ხადორის ხეობა დამსვენებლებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია პანკისის ხეობაში. მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო, ბირკიანს ზემოთ სავარაუდოდ აღარ დარჩება საბანაო და სათევზაო ადგილები.

    ჰესის მშენებელი კომპანიის, „ალაზანი ენერჯის“ წარმომადგენლის, გიორგი გოგავას განცხადებით, „ხადორი 3“-ის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. „ხადორი 3“ ენერგოსისტემას მიუერთდება „ხადორიჰესი“- ახმეტის 110 კვ უკვე არსებული ხაზის საშუალებით. ამ მიზნით „ხადორი 3“-თან 110/6.3 ძაბვის ქვესადგური მოეწყობა.

     

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]