• დუისში არ ადასტურებენ ინფორმაციას ერაყში მურად მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ

    ორშაბათი, 09 აპრილი 2018 14:52 view 5368
    დუისში არ ადასტურებენ ინფორმაციას ერაყში მურად მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში არ ადასტურებენ ტელეკომპანია Al Sumaria-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის უახლოესი მოკავშირე აბუ-ვალიდ აშ-შიშანი (მურად მარგოშვილი) გაანადგურა.

    პანკისის ხეობაში მურად მარგოშვილის და, მშობლები, ახლო ნათესავები ცხოვრობენ. პანკისის სათემო რადიოსთან მათ განაცხადეს, რომ მურად მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

    Al Sumaria-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მურად მარგოშვილის ლიკვიდირება ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა. ამავე ტელეარხის ცნობით, ოპერაციის დროს ძალოვანებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომლებშიც მოცემულია ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერების შესახებ.

    მურად მარგოშვილი სირიის ტერიტორიაზე 2012 წლიდან იმყოფება. მან იქ დაჯგუფება „ჯუნუდ ალ-შამი“ ჩამოაყალიბა, რომელიც სხვა მოკავშირე დაჯგუფებებთან, ძირითადად ალ-ნუსრას ფრონტთან ერთად, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.

    2014 წლის სექტემბერში მურად მარგოშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოელ ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში შეიყვანა. დოკუმენტის მიხედვით, მან სირია-თურქეთის საზღვარზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზა შექმნა.

    48 წლის მურად მარგოშვილი ტერორისტთა სიაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმაც შეიყვანა 2017 წელს.

    2017 წელს მურად მარგოშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციათა სიაშიც მოხვდა. დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2000-იან წლებში მურად მარგოშვილი „კავკასიის იმარატის“ მეთაურის, დოკუ უმაროვის მიერ კონტროლირებად მებრძოლთა დაჯგუფების ლიდერი იყო და მონაწილეობდა ინგუშეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და განხორციელებაში. მარგოშვილს რუსეთის ხელისუფლება ინტერპოლით ეძებს.

    ოფიციალური ინფორმაციით, მურად მარგოშვილი გროზნოშია დაბადებული. მას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს. წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში. ის ასევე ცნობილია შემდეგი მეტსახელებით: ზურაბ ირაკლიევიჩ მარგოშვილი, მურად ახმედოვიჩ მადაევი, ლოვა მადაევი, აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, მუსლიმ, ლავა, ჯონ, ჯორჯ, არტურ, სედოი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]