• უთევზო ალაზანი და მილებში დატყვევებული მდინარეები პანკისში

    სამშაბათი, 17 აპრილი 2018 20:41 view 21779
    უთევზო ალაზანი და მილებში დატყვევებული მდინარეები პანკისში

    „ეზოში მომდინარე რუში, სანიაღვრე არხშიც კი იყო თევზი. ბიჭები ანკესებით ალაზანზე რომ გავიდოდით, ერთ ადგილას ჩავჯდებოდით და საკმარის თევზს ვიჭერდით. რაც ეს ჰესები აშენდა, აღარც კალმახია და აღარც სხვა თევზი“, - ნუკრი მარგოშვილი 60 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობს. ბავშვობიდან თევზაობს.

    „თევზაობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მდინარეზე გასვლა უკვე მეჯავრება. მორევი თუ ვიპოვე სადმე, იქაც აღარ არის თევზი. მთელი დღე შეიძლება ისე ვიხეტიალო, ვერაფერი დავიჭირო.

    მთიდან წამოსული ალაზანი ხადორჰესის მილებშია დამწყვდეული, სიმაღლიდან ეშვება და წყალი ტურბინებში გადის. დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ იქ თევზი ფერფლად იქცევა, ვერ გადარჩება“, - ამბობს ნუკრი მარგოშვილი.

    პანკის-ხადორის ხეობებში პირველი ჰიდროელექტროსადგური ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით აშენდა და 2004 წელს ამოქმედდა. ხადორჰესს 24 მეგავატი ელექტროენერგია რომ გამოემუშავებინა, მდინარეები ალაზანი და სამყურა მილებში მოაქციეს. ე.წ. სადაწნევო მილსადენი 300 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.

    მდინარის მცირე ნაწილი (დაახლოებით 30 %), რომელიც ხადორის ჰიდროელექტროსადგურს გადაურჩა, 2013 წელს „ხადორი 2 ჰესისთვის“ დაატყვევეს.

    „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, რომლის 96%-ის მფლობელი იოსებ მჭედლიშვილია. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია, რომლის ოჯახის წევრიცაა ლაშა იორდანიშვილი. ეს უკანასკნელი შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 %-ის მესაკუთრეა. სწორედ „ალაზანი ენერჯი“ აშენებს ჰიდროელექტროსადგურს „ხადორი 3“.

    პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მილის დიამეტრი 2 მეტრია.

    ხადორის და პანკისის ხეობები ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. ყველა ამ შენაკადში ზაფხულის გვალვიან თვეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად იკლებს, ზოგიერთი შრება კიდეც.

    გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახისა და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება.

    „რა უნდა შემცირდეს, რაც აღარ არის? პანკისის ხეობაში ხალხი უმუშევარია. ბოლო წლებში ტურისტები შემოდიან. არაერთი საოჯახო სასტუმრო გაკეთდა. ზოგმა გრანტი მიიღო, ზოგმა სესხი აიღო, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა. მდინარეში თუ წყალი არ იქნება, ხეობაში მცენარეებზეც უარყოფითად აისახება. ვინ ჩამოვა აქ? ჰესების და მილებში დამწყვდეული ალაზნის სანახავად ჩამოვლენ?“- ამბობს ნუკრი მარგოშვილი.

    პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]