• პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

    ორშაბათი, 14 მაისი 2018 18:21 view 8772
    სოლცა ქავთარაშვილი პანკისში, გამწვანების აქციაში მონაწილეობისას, 2017 წ. სოლცა ქავთარაშვილი პანკისში, გამწვანების აქციაში მონაწილეობისას, 2017 წ.

    95 წლის ასაკში, პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა.

    სოლცა ქავთარაშვილი უხუცესთა საბჭოს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, მანამდე კი წლების განმავლობაში საბჭოს წევრი იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში, ქისტებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში.

    სოლცა ქავთარაშვილი იყო ხეობაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ხელისუფლებასთან და პანკისის საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებთან გამართული არაერთი შეხვედრის ინიციატორი და მონაწილე. ჩართული იყო ხეობაში ჩატარებულ საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

    ბოლო საჯარო გამოსვლა მას 2017 წლის 27 დეკემბერს ჰქონდა, როცა ხეობაში წინა დღეს ჩატარებული სპეცოპერაცია გააკრიტიკა, რომლის შედეგადაც სპეცრაზმმა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრა.

    უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელობისას სოლცა ქავთარაშვილი იმ რამდენიმე ადამიანს შორის იყო, რომლებიც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პირობებში, ხმამაღლა საუბრობდნენ ლაფანყურის საქმეზე და აპროტესტებდნენ მათ ქმედებებს ლოპოტას ხეობაში, როცა შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ასევე დაიღუპა 2 ქართველი სპეცრაზმელი და სამხედრო ექიმი.

    უკვე 2015 წლიდან სოლცა ქავთარაშვილი და კიდევ რამდენიმე უხუცესი ღიად დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ მთავრობა ადეკვატურად არ რეაგირებდა პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გადინებაზე. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლებას რეაგირებისკენ საჯაროდ მოუწოდებდა და კრიტიკული გამოსვლებით, მედიასთან აქტიური კომუნიკაციით გამოირჩეოდა.

    სოლცა ქავთარაშვილის საქმიანობა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის გამონაკლისი იყო უხუცესთა საბჭოს წევრებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა სოფლის გამგებლის თანამდებობაზე, პირველად, ქალის, თამარ მარგოშვილის დანიშვნას.

    ხეობაში იხსენებენ სოლცა ქავთარაშვილის საქმიანობას 1999-2002 წლებში, კრიზისის დროს, როცა პანკისში სახელმწიფოს იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდა. უხუცესთა საბჭოს წევრმა სოლცა ქავთარაშვილმა მაშინ მოხალისეთა 30 კაციანი რაზმი შექმნა და პანკისის სოფლებში სადღეღამისო მორიგეობას ახორციელებდა - მთიულეთიდან, უკანაფშავიდან, თიანეთიდან მოპარულ საქონელს, რომელიც ქურდებს პანკისისკენ მიჰყავდათ, ართმევდა და მეპატრონეებს უბრუნებდა. ადათ-წესებზე დაყრდნობით კრიმინალებს შეძლებისდაგვარად ხელს უშლიდა დანაშაულებრივ საქმიანობაში.

    სოლცა ქავთარაშვილი სოფელ დუისში დღეს დაკრძალეს.

    პანკისის სათემო რადიო WAY მწუხარებას გამოთქვამს სოლცა ქავთარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქისტ უხუცესებსა და ხეობის მოსახლეობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]