• დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    პარასკევი, 18 მაისი 2018 10:49 view 5980
    დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში, სამშენებლო ბლოკის საამქროს მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ, ტერიტორიიდან გააძევეს. ადგილობრივების თქმით, ინსპექტორები ბლოკის საამქროს მეპატრონის დაჯარიმებას აპირებდნენ, მდინარე ალაზნიდან ქვიშის უნებართვოდ აღების გამო.

    ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა, მუსა პანკისელმა გაავრცელა.

    ვიდეომასალაში ისმის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლის ზაზა უზუნაშვილის გაფრთხილება, რომ თუ მეწარმეს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ ექნება, კანონი მის დაჯარიმებას ითვალისწინებს. ვიდეოდან ჩანს, რომ ბლოკის საამქროსთან 20-მდე ადგილობრივია შეკრებილი. ისინი გარემოს დაცვის ინსპექტორებს მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია.

    „დავაი, წადით აქედან და მეორედ ამ ჯარიმებზე აღარ მოხვიდეთ. მეორედ თუ ამოხვალთ, მერე გავიგებთ როგორ წახვალთ აქედან თქვენ“.

    ინციდენტთან დაკავშირებით გარემოს დაცვის ინსპექტორებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

    „არ მიგვიმართავს, რომ მუქარაა და გვიშველეთ. ხადორის ხეობაში ჰესების მშენებლობა თუ დაიწყო, ეს ტერიტორია ჩვენი საკონტროლო ობიექტების ზონაში იქნება. ფაქტობრივად ეს ზაფხული და მთელი სეზონი იქ მოგვიწევს ყოფნა და არ გვინდა, რომ სიტუაცია გავამწვავოთ და პანკისში ჩვენი ყოველი შესვლა პოლიციასთან იყოს დაკავშირებული. ამ პირის მიმართ, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, ვამზადებთ წერილს, რომლითაც ავუხსნით რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. ამასთან, მას შემდეგ, რაც ინციდენტის ადგილი დავტოვეთ და თელავში ვბრუნდებოდით, დუისის ცენტრში, მეჩეთთან რამდენიმე პირი იყო შეკრებილი. ერთ-ერთმა მათგანმა გაგვაჩერა და უხერხული სიტუაციისთვის წუხილი გამოთქვეს“, - აღნიშნავს იოსებ აბულაძე, გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი.

    სამშენებლო ბლოკის საამქრო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც 20 აპრილს ინციდენტი მოხდა, რამზან ალხანაშვილს ეკუთვნის. მეპატრონე ბლოკის საამქროს მეორე წელია ამუშავებს. საამქროს შესაქმნელად მან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გრანტის სახით 15 ათასი ლარი მიიღო.

    „ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ხეობაში ვიმყოფებოდით სახერხი საამქროს მონიტორინგის მიზნით. ვნახეთ ბლოკის საამქროც, მაგრამ მეპატრონე ადგილზე არ დაგვხვდა. ამ ბლოკის საამქროზე დოკუმენტაცია არ არსებობდა. სოფელ ჯოყოლოში მერის წარმომადგენელს ვთხოვეთ, გადაეცა ბლოკის საამქროს მფლობელისთვის, რომ შეგვხმიანებოდა. როდესაც მეპატრონე დაგვიკავშირდა, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ ისევ ავედით თელავიდან პანკისის ხეობაში. ვგეგმავდით, აგვეხსნა რა დოკუმენტაცია სჭირდებოდა საქმიანობის გასაგრძელებლად, სად და როგორ შეიძლებოდა ამ საბუთების მიღება. მეპატრონე და მამამისი იყვნენ. დანარჩენები, 20-მდე ადამიანი უცებ საიდან მოვიდა, არვიცი. არც ის ვიცი, ასე აგრესიულად განწყობილები რატომ იყვნენ. ჩვენ არ ვაპირებდით და არც გვიცდია პირველივე ჯერზე მისი დაჯარიმება იმის მიუხედავად, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ინერტული მასალის უკანონო მოპოვება დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამ მიზეზით, მანამდე რამდენიმე დღით ადრე, პანკისში, ერთ-ერთი პირისთვის, რომელიც მდინარიდან ქვიშას მოიპოვებდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც გვაქვს შედგენილი. ეს თავდასხმა როცა განხორციელდა, ეს პირიც, ვისაც ადრე ოქმი შევუდგინეთ, იქ იყო“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს იოსებ აბულაძემ.

    ვიდეოში ასევე ისმის პანკისელების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მდინარიდან ქვშა-ხრეშის მოპოვების ნებართვა არც ახმეტის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ ბლოკის საამქროებს აქვთ, თუმცა გარემოს დაცვის ინსპექტორები სამართალდარღვევის ოქმებს მხოლოდ პანკისის ხეობაში ადგენენ.

    იოსებ აბულაძე ამ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, კახეთის რეგიონში მოქმედ სამშენებლო ბლოკის საამქროებს აქვთ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ესენია: ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის ანგარიში; ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა; ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია ან ლიცენზირებული ობიექტიდან ინერტული მასალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    „ბლოკის კიდევ ერთი საამქრო ვნახეთ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის შესასვლელში, რომელზეც დოკუმენტაცია არ არის, მაგრამ დაკეტილი იყო. ასევე, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრს, გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ზაურ გუმაშვილს აქვს შპს, დიაბაზის ქვის მოპოვების მიზნით. აღებული ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. 2017 წელს შევამოწმეთ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შევუდგინეთ. სხვა დროს ხეობაში ასეთი წინააღმდეგობა არასდროს ყოფილა“, - ამბობს იოსებ აბულაძე.

    სამშენებლო ბლოკის საამქროს მეპატრონე რამზან ალხანაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ლამის მოპოვებაზე ლიცენზიის აღება საკმაოდ ძვირია: „მდინარიდან ლამს ზოგი თავისი ოჯახისთვის ეზიდება, ზოგიც აგროვებს და ყიდის, რომ ოჯახი შეინახოს. მოდიან და აწუხებენ, თქვენ კარიერის ყიდვა მოგიწევთო. კარიერი რომ იყიდონ, არ არის აქ საკმარისი მარაგი. ერთი რეისის მოსატანად სხვადასხვა ადგილებში მისვლა უწევთ. როგორც ახმეტაში და თელავშია კარიერი, ისეთი მარაგი აქ არ არის. ალაზანი, როცა ადიდდება, მხოლოდ მაშინ მოაქვს ლამი და ჩემ გარდა სხვებსაც მიაქვთ. ეს მარაგი მალე იწურება.

    თუ მდინარიდან ქვიშის ამოსაღებად ფულის გადახდა მომიწია, შეიძლება ცეხი დავხურო. 5 მუშა მყავს დასაქმებული. ოჯახებს ამით არჩენენ და ეს მათზეც ძალიან ცუდად აისახება“.

    „ბოლო დროს ეს ხალხი მოდის სამინისტროდან და გვაწუხებს, დააჯარიმეს კიდეც აქაურები 1000 ლარით. სად აქვს ხალხს ამდენი, მთელი წელი უნდა იმუშაოს, რომ 1000 ლარი გადაიხადოს. ისედაც ამ გაჭირვებულ ხალხს უფრო უმძიმებენ აქ ცხოვრებას. ვისაც ბლოკის ცეხი აქვს, 150-300 ლარი რომ გადაიხადონ თელავიდან ან ახმეტიდან ქვიშის ამოტანაში, არაფერი მოგება არ დარჩებათ და თავისთავად დაიხურება ეს ცეხები, ხალხი ვეღარ იმუშავებს. მოსახლეობა ძალიან გაღიზიანებულია ამ ფაქტით“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სოფელ დუისში მცხოვრებმა ოსმან ალდამოვმა.

    „ხალხი სახლებს აშენებს, ზოგი ლესავს, არ შეიძლება მოსახლეობის ასე შევიწროება. ეს ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა და ამასაც გვიკრძალავენ. აქამდე არც მოდიოდნენ, არც გვიკრძალავდნენ. მთელი მოსახლეობა მხარში უნდა ამოუდგეს ერთმანეთს და რამე უნდა მოვიფიქროთ. ესენი სპეციალურად აკეთებენ, ახმეტიდან რომ ამოვიტანოთ ლამი და იქ ვიღაცეებმა ფული გააკეთონ. როცა აქ, კარის წინა მაქვს ლამიც და ყველაფერიც, რატომ უნდა წავიდე თელავსა და ახმეტაში?“, - ამბობს პანკისის მკვიდრი ანზორ ბაღაკაშვილი.

    2016-2017 წლებში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის კალაპოტში ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია, სოფელ დუისში მცხოვრებ, ინდმეწარმე თეა ხანგოშვილს ჰქონდა. თეას თქმით, ის 4 ლიცენზიას ფლობდა 4 კარიერზე. თითო ლიცენზიის მისაღებად დოკუმენტაციის მომზადება, აუქციონში მონაწილეობა და სხვა აუცილებელი ხარჯები ჯამში სულ 1300 ლარი დაუჯდა. ლიცენზიის მიღების შემდეგ კი ქვიშას ყიდდა და 1 კუბზე მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 20 თეთრს იხდიდა. თეა თვითონაც ამუშავებდა სამშენებლო ბლოკის ცეხს. ერთი ბლოკის თვითღირებულება (მასალები, მუშახელი, სხვა გადასახადები) 60 თეთრი უჯდებოდა, 1 ლარად კი ყიდდა. თეა ამჟამად საცხობს, მაღაზიას და სწრაფი კვების ობიექტს ამუშავებს, ამიტომ ბლოკის საამქრო გაჩერებული აქვს.

    „ამ ქალბატონს ლიცენზია რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა. არანაირი პრობლემა არ შექმნია. პირიქით, როცა რაიმე პრობლემა ექმნებათ და რამეში დახმარება სჭირდებათ, მზად ვართ დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ კანონის ფარგლებში მოვაქციოთ. კონკრეტულ პირებს უნდათ მდინარიდან, კომერციული მიზნისთვის, პირდაპირ, კანონის გვერდის ავლით მოიპოვონ ქვიშა, რაც არ შეიძლება“, - აღნიშნავს გარემოს დაცვის ინსპექტორი იოსებ აბულაძე.

    ინსპექტორი პანკისის მცხოვრებლებს განუმარტავს, რომ ადგილობრივებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართონ და ინერტული მასალების მოსაპოვებლად, 3 თვის ვადით სავალდებულო ლიცენზიისგან გათავისუფლდნენ, - „არის სხვა გზაც - შესაძლებელია რამდენიმე მეწარმე ან ფიზიკური პირი შეამხანაგდეს და ლიცენზია ისე მიიღონ“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]