• აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პარასკევი, 22 ივნისი 2018 18:55 view 6116
    ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი ფოტო არქივიდან / უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს საჯარო განმარტებას - „რატომ იყვნენ საჯარო მოხელეები ჩართული ამ პროვოკაციაში, რომელიც შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის“.

    განცხადებას, რომელიც პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა კავშირმა მოაწოდა, უცვლელად გთავაზობთ:

    „პანკისის მოსახლეობაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია რამადანის დღესასწაულზე ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის მომხდარმა ინციდენტმა. მართალია, დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ საზოგადოებაში დატოვა ეჭვი, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი საშიში პროვოკაცია, რომლის შედეგიც შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის. ამ დასკვნამდე მიგვიყვანა შემდეგმა გარემოებებმა:

    პირველი - ორ ათეულ წელზე მეტია, რაც პანკისის ქისტ მოსახლეობაში ორი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს: ისტორიული, ტრადიციული მუსლიმური თემი და ახლადშემოტანილი სალაფიტური მიმდინარეობა. მათ შორის არსებობს მთელი რიგი უთანხმოებები როგორც რელიგიური, ისე ადათ-წესების კუთხით, მაგრამ არასოდეს ყოფილა მწვავე დაპირისპირება. ორივე მიმდინარეობა რელიგიურ რიტუალს თვიანთი იდეოლოგიის შესაბამისად ატარებს. ასე ხდებოდა რამადანის დღესასწაულის აღნიშვნაც. ეს დღესასწაული არის ყველა მუსლიმის დამაკავშირებელი და დღემდე არ ყოფილა რაიმე უთანხმოება ქისტურ რელიგიურ თემში.

    მეორე - სადღესასწაულოდ არენაზე გამოსულმა ახალგაზრდების ჯგუფმა დემონსტრაციულად გამოხატა ჩეჩნეთში არსებული ტრადიციული ისლამის პოლიტიკა: მანქანებზე აღმართეს ჩეჩნეთის დროშები, აჰმად-ჰაჯის ფოტოსურათები წარწერებით - „აჰმად-ჰაჯი სილა“ (აჰმად-ჰაჯი ძალა). ეს კოლონა იწყებს მოძრაობას პანკისის მთავარ გზაზე, სოფელ ბირკიანში შეხვდა სალაფიტების კოლონას და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შეიძლებოდა ფიზიკურ შეტაკებაშიც გადაზრდილიყო.

    მესამე - პანკისის საზოგადოების გაოცება გამოიწვია, იმან რომ რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის პანკისელი ორგანიზატორები არ ითვლებიან ტრადიციული ისლამის მიმდევრებად, ისინი უფრო სალაფიტებისკენ იხრებიან, პარასკევის ლოცვას სალაფიტების მეჩეთში აღავლენენ. ასე რომ ამ დემარშს ვერ უწოდებ რელიგიურს, მას უფრო პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. მათ კარგად იცოდნენ, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ამ წამოწყებას, მაგრამ შეგნებულად წავიდნენ ამ პროვოკაციაზე.

    მეოთხე - ასევე გაუგებარია სალაფიტების პრეტენზიებიც ჩეჩნური დროშების მიმართ. მათ ხომ თავად უფრიალებთ არაბული დროშები, რაც ყველაზე უარესია, შავი დროშებიც ხშირად გამოუტანიათ ამა თუ იმ ღონისძიებაზე. მაშასადამე, ორივე მხარე შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე. ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ მიზანშეწონილი არ არის უცხო სახელმწიფოს დროშების გამოფენა პანკისში, ამ ისედაც ფეთქებადსაშიშ რეგიონში, რომელიც მძლავრ სახელმწიფოთა სამიზნეა.

    ვინ იდგა ამ პროცესების სათავეში? ვის აწყობდა არეულობა პანკისში? ეს კითხვები აწუხებს პანკისელების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც სამი ათეული წელია მუდმივი სტრესის ქვეშ ცხოვრობს, რომელთაც ენატრებათ მშვიდი, უსაფრთხო ცხოვრება. პრეტენზია აქვთ ხელისუფლების მიმართაც: რატომ იყვნენ საჯარო მოხელეები ჩართული ამ პროვოკაციაში?

    ჩეჩნეთი ქისტების ისტორიული სამშობლოა და იქ მიმდინარე პროცესები აღელვებთ, წინსვლა და მათი მშვიდობიანი ცხოვრება მოძმე ხალხისა, უხარიათ, მათ უბედურებას განიცდიან. ქისტებს საქართველოში ცხოვრების ორსაუკუნოვან პერიოდში არასდროს შეუწყვეტიათ ურთიერთობა ისტორიულ სამშობლოსთან. ერთი რამ უდავოა: ჩეჩნეთის მოსახლეობა ირჩევს თავის მთავრობას, ეს მათი პრეროგატივაა. ქისტებს, საქართველოს მოქალაქეებს, არ აქვთ უფლება (და არ მისცემენ ამის უფლებას) ჩაერიონ ჩეჩნეთის საქმეებში. ჩვენი საქმეა, მივიღოთ ის მდგომარეობა, რაც დღეს ჩეჩნეთშია. ჩეჩნეთი განვითარების გზაზე დგას, დიდი ძვრები ხდება ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში და ეს, ცხადია, დადებითად მოქმედებს ქისტების იმ ნაწილზე, რომელიც ჩეჩნეთში ცხოვრობს.

    მივმართავთ დესტრუქციული ძალებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ პანკისში ვერ განახორციელებენ ბოროტ ზრახვებს. ქისტმა ხალხმა თავისი ბედი ისტორიულად დაუკავშირა ქართველ ხალხს და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ძმობისა და მეგობრობის ერთგული დარჩება. ასევე ძმურ დამოკიდებულებებს შეინარჩუნებს ჩვენს ჩეჩენ და ინგუშ ხალხებთან და ყველაფერს იღონებს, რათა ქართველებსა და ვაინახებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა უფრო განმტკიცდეს.

    ასევე მივმართვთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს მსგავსი დესტრუქციული ძალების თვითნებობების აღკვეთა. მაყურებლის როლში ყოფნა არსებულ სიტუაციას ვერ გამოასწორებს“.

    ინციდენტის შესახებ

    15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში გამართულ მსვლელობაში მონაწილე რამდენიმე მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოები იყო გაკრული, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“. ამ ფაქტმა ადგილობრივთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. იმავე დღეს ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ კადიროვის მხარდამჭერ აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტის განმუხტვის და სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შეიყვანეს, რომლებმაც ხეობა მალევე დატოვეს.

    ხეობაში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო პანკისის სალაფიტური თემის იმამმაც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]