ჯამაათის წევრების თქმით, ბექხან ფარეულიძეს გადადგომა რამდენიმე თვეა სურდა.
„ადვილი არ არის იყო ხეობის იმამი. გარედანაც ბევრია სანერვიულო და შიგნიდანაც. იმამს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ღმერთთანაც და ხალხთანაც.
მისი გადადგომა ბოლო პერიოდში ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო გაჭიანურდა. არც თვითონ და არც ჩვენ არ გვინდოდა რამენაირად ამის დაკავშირება მომხდარიყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან ან ჰესების მშენებლობასთან.
ორივე საქმეზე ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ. თემირლანის შემთხვევაში მის მკვლელობას ვაპროტესტებთ, ჰესების შემთხვევაში კი მშენებლობას, რომელიც ხეობას და მოსახლეობას დააზარალებს“, - უთხრეს პანკისის სათემო რადიოს ჯამაათის წევრებმა.
პანკისის ახალი იმამის 2 კანდიდატურა ჯაამათის დღევანდელ შეკრებაზე დასახელდა. ერთ-ერთი თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილია, რომელსაც ხეობის მოსახლეობა დადებითად ახასიათებს, მეორე კი მუჰამედ ხანგოშვილია, რომელმაც იმამად არჩევაზე უარი თქვა.
ჯამაათის წევრების განცხადებით, ახალ იმამს პარასკევს, 6 ივლისს აირჩევენ, მანამდე კი პანკისის მცხოვრებლებთან კონსულტაციები გაგრძელდება.