სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ინვენტარი მიიღეს პანკისის ხეობის სხვა სოფლებმაც, სადაც განახლდება და მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები. საერთო ჯამში, სპორტული მოედანი ექნება ახმეტის ყველა სოფელს.
სოფელ ომალოში თავდაცვის სამინისტროსგან შენობა გადაეცა მუნიციპალიტეტს, სადაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძიუდოს დარბაზის მოწყობა. რემონტის შემდეგ დარბაზს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამედროვე სპორტულ ინვენტარს გადასცემს.
პანკისის ხეობის სოფლებში მოქმედებს ძიუდოს, ჭიდაობის, კიკბოქსინგის ჯგუფები. ასევე, დამონტაჟებულია ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობები.
მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდს მინისტრმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა 16-წლამდელთა შორის და მათ სრული საკალათბურთო ეკიპირება გადასცა.
მინისტრმა ახმეტის საფეხბურთო ბაზაც დაათვალიერა, სადაც 250-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში. ახმეტის საფეხბურთო ბაზასა და სოფელ საკობიანოს საფეხბურთო კლუბს სამინისტრომ და ფედერაციამ სრული ეკიპირება გადასცა.
საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გულისხმობს დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით უკვე დაიწყო საჯარო კონსულტაციები რეგიონებში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონის შემუშავებასთნ დაკავშირებით. პირველი საჯარო შეხვედრები სწორედ კახეთის რეგიონში, თელავში, მაისიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება.