• შს მინისტრის მოადგილე პანკისში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა

    პარასკევი, 20 ივლისი 2018 14:30 view 4384
    შს მინისტრის მოადგილე პანკისში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შეხვდა

    პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე შეხვდა.

    „მას შემდეგ, რაც ბირკიანში ჰესის მშნებლობის სამუშაოები შეაჩერეს, მთავრობას შევატყობინე, რომ პრობლემები მქონდა. მთავრობა ჩაერია. გამოყო მაღალჩინოსნების ჯგუფი, რადგან თუ ადგილობრივებისთვის ჩემი არგუმენტაცია დამაჯერებელი არ იქნებოდა, ყოფილიყო მათი არგუმენტაციაც.

    ჩვენ როდესაც მშენებლობას ვიწყებდით, შს სამინისტრო არც გაგვხსენებია. ადგილობრივებს ჩემთან ერთად შეხვდა კახეთის გუბერნატორი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას ხელძღვანელობდა. ჩვენ ამით დავიწყეთ ურთიერთობა.

    დღეს, ხეობაში ჩემს კანონიერ საქმიანობას დაუპირისპირდა არამართლზომიერი სიტუაცია. შსს-ს გარდა ამაში ვინ უნდა ჩარეულიყო? აქ იყო მუქარები - დავწვავთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი უწყებაა“,

    უთხრა ჰესის მშენებელი კომპანიის „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელმა ლაშა იორდანიშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    მისივე თქმით, კომპანიას სახელმწიფოსთან ჰესის აშენების ვალდებულება აქვს აღებული, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში „ბევრი სახელმწიფოებრივი პრობლემა გაჩნდება“.

    „ჩვენ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობა დაგვავალა. ურთიერთვალდებულება გვაქვს. გაცემულია ნებართვა, ჩარიცხულია დაფინანსება, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე მომავალი წლის ბალანსშია ჩასმული.

    მოსახლეობას სულ ვცდილობ ავუხსნა, რომ თუკი სადმე რამე ჰიდროეელექტროსადგური აშენებულა, ეს ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანია. ჩვენი სახელმწიფოსთვის რამდენიმე არაკეთილმოსურნე, ხალხის აღელვებას ცდილობს - თურმე ნადგურდება ყველაფერი, ავადმყოფობები გაჩნდება, წყალი საერთოდ გაქრება, თოვლი აღარ მოვა და ა.შ. ამიტომ მაქიმალურად ვცდილობთ ხალხს ავუხსნათ, რამხელა სიკეთეა მეორე მხარეს“, - ამბობს იორდანიშვილი.

    დღეს პანკისში, სოფელ დუისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივების თქმით, 29 ივნისის შემდეგ, როდესაც მოსახლეობამ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, აქტივისტებს პოლიციაში იბარებენ და ზეწოლას ახორციელებენ.

    „გუშინ გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა მოწოდება - აქციაზე არ წახვიდეთ, არ გაბედოთ. მოსაზრება თითქოს შსს რეპრესიებს ახორციელებს და ადგილობრივებს აშინებს, ძალიან არასწორი შეფასება მგონია. თუ რაიმე ლმობიერება შეიძლება გამოიჩინონ დღეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, ალბათ პანკისის ხეობაში იჩენენ.

    ეს იყო მეგობრული შეხვედრა, მოფერებით, პატივისცემით და იმის ახსნით, რომ მათთან ერთად ვართ სახელმწიფო და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ თუ სხვა აზრი აქვთ, მაგრამ კანონი არ დავარღვიოთ“, - აღნიშნა იორდანიშვილმა.

    შს მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრა თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში 19 ივლისს გაიმართა. შეხვედრას როგორც ტრადიციული ისლამის თემის, ასევე სალაფიტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის მარსელ ბაღაკაშვილის თქმით, შეთანხმება „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის გაგრძელების შესახებ, ვერ შედგა: „სურდათ, ჰესის მშენებლობის გაგრძელებას დავთანხმებულიყავით. ჩვენს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. უფროსი თაობაც იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამუშაოების გაგრძელებას. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ხვალ აქციაზე ამოსულიყვნენ, მაგრამ ზოგს არ ეცალა, ზოგმა კი ხალხთან შეხვედრა საჭიროდ არ ჩათვალა“.

    სოფელ ჯოყოლოს მკვიდრის, უსუფ აჭიშვილის თქმით, მათ მიიღეს დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ჩავლენ და ამ საკითხზე შეხვედრებს ადგილზეც გამართავენ.

    სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ჰესის მშენებლობის დასრულებას კომპანია „ალაზანი ენერჯი“ 2019 წლის დეკემბრამდე გეგმავს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]