• პანკისის უხუცესთა კავშირის განცხადება

    პარასკევი, 27 ივლისი 2018 20:57 view 7079
    პანკისის უხუცესთა კავშირის განცხადება

    პანკისის უხუცესთა კავშირი ეხმაურება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, ხეობის მოსახლეობა უხუცესთა ნაწილს უპირისპირდება და ახალი გაერთიანების შექმნას ითხოვს. უხუცესთა კავშირი თავის განცხადებაში სალაფიტური თემის პრეტენზიებსაც პასუხობს და განმარტავს, რატომ არ მონაწილეობენ უხუცესთა კავშირის წარმომადგენლები, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ სალაფიტების მიერ ორგანიზებულ აქციებში.

    პანკისის სათემო რადიო WAY უხუცესთა კავშირის მიერ მოწოდებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „24 ივლისს, საღამოს, კურიერში გავიდა რეპორტაჟი, პანკისის ხეობაში სალაფიტებისა და უხუცესთა კავშირის დაპირისპირებაზე. თითქმის ტრაგიზმის ფორმით გადაიცა უხუცესთა კავშირის შესაძლო გაუქმებისა და ახალი საბჭოს შექმნის შესახებ ინფორმაცია.

    უხუცესთა კავშირი წარმოადგენს პანკისში ქისტური თემის მმართველი ორგანოს (მეხქ ხეალ - ქვეყნის სამართალი) მემკვიდრეს, რომელიც საჯარო რეესტრში იურიდიული პირის სტატუსით, პირველად 2004 წელს დარეგისტრირდა. 2012 წელს მოხდა მისი რეორგანიზაცია და მას შემდეგ უხუცესთა კავშირი ეწოდება. ორგანიზაციას აქვს თავისი წესდება და სამოქმედო პროგრამა.

    უხუცესთა კავშირი არჩეულია პანკისის ხეობის ქისტური თემის ყველა გვარის წარმომადგენელთა ყრილობაზე. არჩეულია უვადოდ, რაც წესდების მუხლებითაც დაფიქსირებულია. მისი გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კავშირის წევრთა საერთო კრების მიერ თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებით ან სასამართლოს განჩინებით, თუ ორგანიზაცია ეწევა ანტისაზოგადოებრივ ან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

    „რუსთავი 2“-ის რეპორტაჟში ჰესის მშენებლობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ერთმანეთთან დაკავშირება და ორივე შემთხვევაში იმის აღნიშვნა, რომ უხუცესთა კავშირი პასიურობს, სწორი არ არის. პირველად უხუცესთა კავშირის წევრებმა გააკრიტიკეს და საჯაროდ დაგმეს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს.

    უხუცესთა კავშირი ამ თემაზე გამართულ ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა და აფიქსირებდა თავის პროტესტს ანტიქისტური სპეცოპერაციის გამო, მოითხოვდა და მოითხოვს საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

    რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, ახმეტაში, ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უხუცესთა კავშირის წევრების გარდა, სალაფიტები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, შედგა შეთანხმება, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა არგუმენტებს განვიხილავდით, მოსახლეობას გავაცნობდით და საერთო გადაწყვეტილების შემდეგ პასუხს ვაცნობებდით კომპანიას და ხელისუფლებას.

    უხუცესთა კავშირის პოზიცია იყო შემდეგი: ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სერიოზულ არგუმენტებს წარმოვადგენდით, მაგრამ, თუ სახელმწიფო მაინც გადაწყვეტდა მის მშენებლობას, ვეცდებოდით, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო ხეობას.

    სალაფიტებმა ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყეს აქცია. იმის ღირსად არ ჩაგვთვალეს, რომ ჩვენთან შეეთანხმებინათ და ერთად დავმდგარიყავით. მათ, მეჩეთში ლოცვის დროს გამოგზავნეს მაცნე, რომ აქცია ტარდებოდა. ამგვარი აქციის დროს, უხუცესთა კავშირის გამგეობა იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას, როგორ, რა ფორმით მიიღოს მონაწილეობა. ამის დრო ჩვენ ფაქტობრივად არ გვქონდა, თანაც მხოლოდ ორიოდე წევრმა ვიცოდით აქციის შესახებ.

    აქციის მესვეურებს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. მათ არ სჭირდებოდათ აქციაზე ჩვენი ყოფნა, პირიქით, ჩვენი დისკრედიტაცია ჰქონდათ მიზნად. სცადეს კიდეც, მაგრამ სალაფიტების ტაქტიკა ჩვენთვის ნაცნობია. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ როგორმე გზიდან ჩამოგვიშორონ.

    პანკისის უხუცესთა კავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ხეობაში სალაფიტების გაბატონებას.

    საზოგადოებრივ ასპარეზზე ახლად გამოჩენილი სალაფიტების „ლიდერი“, უაღრესად რადიკალური ფრთა, თავს დაატყდა უხუცესთა კავშირს და უსირცხვილოდ ცილი დასწამა უხუცესებს, - ხელისუფლებას გაურიგდნენ და ფული აიღესო. ამ აქციაზე ნათლად გამოიკვეთა სალაფიტებისა და მათ მიერ შექმნილი ჯგუფის, ე.წ. „მწვანეების“ მიზნები: რადაც არ უნდა დაუჯდეთ, უნდა გაბატონდნენ პანკისში და შექმნან ერთიანი სალაფიტური თემი. ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს შემცვლელად მიგვაჩნდა, თურმე სალაფიტების დამქაშები ყოფილან.

    ცხადია, ასეთი ცილისწამების, უხუცესების ასე უდიერად მოხსენიების შემდეგ, ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას მათ მიერ მოწყობილ აქციებში და არც მომავალში გვექნება მათთან არანაირი ურთიეთობა.

    სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი სალაფიტი ამბობს, რომ სალაფიტები უხუცესების განზე გადგომამ გააღიზიანა. საინტერესოა, როდის ვიყავით ერთად. ტრადიციების დამცველები და სალაფიტები ყოველთვის სხვადასხვა მხარეს ვიდექით, არასდროს შევთანხმებულვართ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა ეროვნულობა, სამშობლო, ადათ-წესები, ტრადიციები და სხვა. თვით რელიგიაშიც გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით საქმე დაპირისპირებამდე არ მისულიყო.

    დღეს, ახალგაზრდების თავხედობამ ზღვარს გადააჭარბა. უხუცესები ყოველთვის ვცდილობთ საერთო ენის გამონახვას, არასოდეს გვისაუბრია საჯაროდ ჩვენს უთანხმოებაზე და ვცდილობდით, რომ გადაგვერჩინა ჩვენი თემი მოსალოდნელი რადიკალიზმისგან, გაუნათლებლობისგან და შემდგომშიც ასე გავაგრძელებთ.

    მიუღებელია იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლების წლების განმავლობაში ანადგურებდნენ პანკისის ბუნებას, უნიკალურ ტყეს. მთელი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა სალაფიტების 6 სახერხი საამქრო, დღისით და ღამით. სწორედ ეს ხალხი გაჰყვირის შესაძლო ეკოლოგიურ კატასტროფაზე. ასევე, ვერ დავდგებით იმ ხალხის გვერდით, რომლებიც პანკისის უკონტროლობის პერიოდში კრიმინალებთან თანამშრომლობდნენ.

    რაც შეეხება ახალი საბჭოს, თუ სალაფიტურ-უხუცესთა გაერთიანების არჩევას, ამას სკეპტიკურად ვუყურებთ, რადგან მსგავსი რამ მოხდა სამი წლის წინაც. უხუცესთა კავშირის ერთი ნაწილი, „ამბიციებით შეპყრობილი“, გამოეყო ორგანიზაციას და შექმნეს უხუცესთა საბჭო და შეუდგნენ მუშაობას, მაგრამ მალევე დაიშალნენ. სწორედ ეს უხუცესები, რომელთაც ვერ მონახეს თავისი ადგილი საზოგადოებაში, მიეკედლნენ სალაფიტებს და მათი საშუალებით ცდილობენ დაკარგული პრესტიჟის აღდგენას.

    უხუცესთა კავშირი მაშინაც მივესალმეთ ახალი ორგანიზაციის შექმნას და ახლაც, ახალ უხუცეს-სალაფიტთა ამ უცნაურ შენაერთს, თუ შეიქმნა, წარმატებებს ვუსურვებთ.

    და ბოლოს, დიდი გულისტკივილით ვაკეთებთ ამ განცხადებას, რადგან ყოველთვის იმ აზრის ვიყავით, რომ ჩვენი შიდა, ქისტური პრობლემები გარეთ არ გაგვეტანა. იმ ახალგაზრდების გამოც გვრცხვენია, რომლებმაც დაივიწყეს ქისტური უფროს-უმცროსობის ადათი და ასე უზრდელად იქცევიან. ჩვენ, უხუცესებს გვმართებს მოთმენა და სულგრძელად მივუტევებთ.

    ჩატყდა საბოლოოდ ჩვენს შორის ხიდი? ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უკან დასაბრუნებელ გზას. სალაფიტების იმამად აირჩიეს უაღრესად წესიერი, ჭკვიანი, კომპრომისული, უფროსების მიმართ პატივისცემით გამორჩეული ახალგაზრდა და ჩვენ მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის. ეს ის პიროვნებაა, რომელსაც აწუხებს პანკისელი ქისტების ბედი, აწუხებს უხუცესებსა და ახალგაზრდებს შორის არსებული უთანხმოება და გამოსავალს ეძებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]