• ტელეშოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებული პანკისელი ქალების გუნდი გახდა

    ორშაბათი, 30 ივლისი 2018 23:13 view 8603
    ტელეშოუს „ჩემი სამზარეულოს წესების“ გამარჯვებული პანკისელი ქალების გუნდი გახდა

    პანკისელმა ქალებმა ნატო ქავთარაშვილმა და მედიკო მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კულინარიულ ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ გაიმარჯვეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. ფინალურ შოუში მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს.

    მედიკო და ნატო თანამშრომლები არიან. ისინი პანკისში, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობენ. მედიკო კულინარიულ კურსებს უძღვება, ნატო კი ახალგაზრდებთან მუშაობს. კულინარიულ შოუში მონაწილეობა ვაინახური სამზარეულოს პოპულარიზაციის და პანკისის ხეობის პოზიტიური კუთხით წარმოჩენის მიზნით მიიღეს. სწორედ ტრადიციული და ბევრისთვის უცხო კერძებით მოიპოვეს მკაცრი ჟიურის კეთილგანწყობაც.

    პირველ გადაცემაში მედიკომ და ნატომ „ჯიჯიგ გალნაშ“ (შებოლილი ხორცი და მოხარშული ცომი ნივრის საწებლით) და ჩეჩნური ჰალვა მოამზადეს. მეორე ტურში ჟიურის „კალდეელთ გალ“ შესთავაზეს, ანუ მოხარშული მჭადი და ხაჭოერბო მწვანე სოუსთან ერთად, ასევე აჯაფსანდალი და ცხვრის ნეკნები, დესერტად კი ისევ ჩეჩნური ჰალვა, ოღონდ ჟოლოს სოუსით.

    „ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ჟიურის წევრები ქისტურ-ჩეჩნურ სამზარეულოს არ იცნობდნენ. ამანაც იქონია გავლენა, რადგან როცა კერძი არსად გაქვს გასინჯული და მერე გემო ძალიან მოგეწონება, ეს არის აღმოჩენა. ზუსტად ამას ემსახურება ეს პროექტიც, აღმოაჩინონ ახალი და გემრიელი კერძები“, - უთხრა ნატო ქავთარაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    ფინალურ ტურში გადასასვლელად პანკისელმა ქალებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

    „ბოლო გადაცემაში მოვამზადეთ „ღააბაქხ ხინგალიშ“- ეს არის იგივე ხაჭაპური გოგრის შიგთავსით, რომელიც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ. მთავარ კერძად გვქონდა„მაამტიშ“ – ცომში მოთავსებული ფარში, რომელიც ორთქლზე იხარშება და პომიდვრის, ხახვის და ბულგარულის სოუსთან ერთდ მიირთმევა. ეს კერძი რამდენად ჩვენია და ტრადიციული, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მხოლოდ ჩეჩნეთში გამისინჯავს და აქ, პანკისშიც ჩეჩენმა ლტოლვილმა ქალებმა გვასწავლეს წლების წინ. ხშირად ვაკეთებთ ხოლმე მეც და მედიკოც. რაც შეეხება დესერტს, არ იყო ტრადიციული, მაგრამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა თხილეულის ბისკვიტმა ფორთოხლის და ლიმნის სოუსში. ჟიურიმ იმდენად დადებითად შეგვაფასა, ერთი სული მქონდა, კიდევ ერთხელ მომესმინა“, - აღნიშნავს ნატო.

    არ ელოდნენ, რომ ტელეშოუს გამარჯვებულები გახდებოდნენ. მედიკოს თქმით, ის ფოქრობდა, რომ შოუს რომელიმე ეტაპიდან გამოეთიშებოდნენ:

    „ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა ფულის მოგება, არამედ ის, რომ საქართველოში სცოდნოდათ ქისტური სამზარეულოს შესახებ და ის მაყურებლისთვის ღირსეულად გაგვეცნო. გვიხარია, რომ გამოგვივიდა“.

    პანკისელ ქალებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოგებულ თანხას რაში გამოიყენებენ.

    ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამარჯვებისთვის 10 გუნდი იბრძოდა. გასულ წელს, პროექტის პირველ სეზონშიც გამარჯვება კახეთის გუნდმა მოიპოვა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]