• მუსა ხანგოშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 15:45 view 3814
    მუსა ხანგოშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელების მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ, რუსეთის მოქალაქე მუსა (მერაბ) ხანგოშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    „ისედაც დაძაბული სიტუაციაა. ჩემ მიმართაც იქ ხალხი დადგება. რად გვინდა ეს რომ დავძაბოთ და  რად გვინდა რომ ასეთი სიტუაცია წავიდეს.

    ციხეში მე ვერ გავძლებ. გუშინ, იზოლატორში 5-ჯერ მყავდა სასწრაფო გამოძახებული. ავად ვხდები. ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ვაწყენინე. გადავიხდი გირაოს და დავტოვებ ამ ქვეყანას, საერთოდ არ ჩამოვალ.

    ისეთ დღეში ჩამაგდეს, ყველაფერი არ მინდა რომ ვთქვა და დავძაბო სიტუაცია და მოვყვე აქ, რა და როგორ იყო“, - თქვა მუსა ხანგოშვილმა სასამართლო პროცესზე.

    მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მას ჰკითხა, მის მიმართ პოლიციელების მხრიდან რაიმე გადაცდომას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რაზედაც ბრალდებულმა აღნიშნა:

    „მე თვითონ ყოფილი პოლიციელი ვარ, მასხადოვის პერიოდში ანტიტერორისტულ ცენტრში ვმუშაობდი. მე ის კაცი არ ვარ, რომ პოლიციელი მეჯავრებოდეს. უბრალოდ მოგვივიდა, კაცებში ხომ მოდის ხოლმე შელაპარაკება. დასაპატიმრებელი მაგის გამო ნამდვილად არ ვარ. ბოდიშს ვუხდი ყველას“.

    მუსა ხანგოშვილი სისხლის სამართლის წესით 4 აგვისტოს, ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა პიროვნების გადამოწმების მიზნით მას დოკუმენტები მოსთხოვეს, რაზედაც ხანგოშვილმა პოლიციელს დაარტყა და დაემუქრა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის I ნაწილით ედება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

    ადვოკატმა რობერტ ჭინკორაშვილმა მუსა ხანგოშვილისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა იმ განმარტებით, რომ მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა და ხანგოშვილს პატიმრობა შეუფარდა.

    გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკუროსის სანდრო გიორგაშვილის თქმით, დანაშაულის ჩადენამდე, საქართველოში ყოფნის 10 დღიან პერიოდში მუსა ხანგოშვილი პოლიციელების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

    „მუსა ხანგოშვილი, რამდენიმე დღის წინ, ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილებაში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, აგინა პოლიციელებს, იგი აგრესიას გამოხატავს როგორც პოლიციის, ასევე სამართალდამცავი უწყებების მიმართ. მაშინ დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით დაჯარიმდა 2000 ლარით. ასევე, 2018 წლის 3 აგვისტოს, თბილისში, პატრულ-ინსპექტორებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამ შემთხვევაშიც მის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებები“, - აღნიშნა პროკურორმა.

    საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 სექტემბერს, 15 საათზე გაიმართება.

    მუსა ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, რაც დაკავებამდე თვითონაც დაადასტურა, თუმცა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პანკისში კადიროვის დავალებით ჩამოვიდა.

     
    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]