• ნიკო ჯაბანიშვილი - 81 წლის ფეხბურთის მწვრთნელი პანკისიდან

    სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 12:36 view 10239
    ნიკო ჯაბანიშვილი - 81 წლის ფეხბურთის მწვრთნელი პანკისიდან

    ყოველთვის, როდესაც სოფლის სტადიონთან შინდისფერი „ჟიგული“ გამოჩნდება, საკობიანოელმა ბავშვებმა იციან, რომ ფეხბურთის გაკვეთილი იწყება. ძველი, საბჭოთა მანქანით, ვარჯიშზე, მათი მწვრთნელი, 81 წლის ნიკო ჯაბანიშვილი დადის.

    ფეხბურთის გაკვეთილი სოფლის რვა მოსწავლისთვის კვირაში სამჯერაა. ახლა არდადეგებია და ბავშვები არ არიან, თუმცა სოფელ კუწახტიდან საკობიანოში მაინც მიდის, მანქანიდან სტადიონს თვალი უნდა შეავლოს.

    პატარა ფეხბურთელებსაც მანქანიდან წვრთნის, მითითებებსაც იქიდან აძლევს და თამაშსაც  მეთვალყურეობს. ნიკო ჯაბანიშვილი უკვე 42 წელია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 39 წლისა საკუთარი სახლის მშენებლობიდან ჩამოვარდა. მას შემდეგ ეტლით სარგებლობს, თუმცა ტრავმას ფეხბურთისადმი მისი სიყვარული არ გაუნელებია.

    „ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. 5-6 წლისა ვიყავი, თელავში პირველად რომ ვნახე სამხედროების თამაში. მაშინ არც კი ვიცოდი რა იყო, ბურთი არა გვქონდა ნანახი. იმის მერე სხვა აღარაფერი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში.“

    პირველი ბურთი თავისი ხელით შეკერა, პატარა მოედანი მოიწყო, კარის ადგილი აგურებით მონიშნა და ძმასთან ერთად პირველი ფეხბურთიც ითამაშა. ნამდვილ სტადიონზე მეცხრე კლასში მოხვდა. სტუდენტობისას „დინამოშიც“ უთამაშია.

    გამოცდილი ფეხბურთელი მალე რეგიონში ერთადერთ მწვრთნელად იქცა. ახმეტაში ფეხბურთის პირველი გუნდი შექმნა და დღემდე სიამაყით იხსენებს მაშინდელ წარმატებულ შეხვედრებს, პირველობას რომ არავის უთმობდნენ.

    ბავშვებთან მუშაობა ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლობით დაიწყო. წუხს, რომ სოფელში ბავშვები აღარ დარჩნენ. ადრე რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, ახლა კი მხოლოდ რვა ბავშვი ჰყავს.

    ბოლო რამდენიმე წელია, გამგეობამ მცირე ხელფასი დაუნიშნა, მანამდე უფასოდ წვრთნიდა პატარა სპორტსმენებს, ბურთებსაც თავისი ფულით ყიდულობდა.

    საკობიანოს სტადიონს მის სიცოცხლეშივე დაარქვეს ნიკო ჯაბანიშვილის სახელი.

    „სანამ ცოცხალი ვარ, ამ სტადიონს თავს არ გავანებებ. მე რომ მოვკვდები, ეს სტადიონიც ჩემთან ერთად მოკვდება, თუ სახელმწიფომ მეტი ყურადღება არ მოგვაქცია.“

    წიგნის გამოცემას გეგმავს და ამბობს, რომ „ნიკო ჯაბანიშვილის სახელობის სტადიონის“ ისტორია აუცილებლად მოხვდება მის მემუარებში, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებული თითოეული თამაშის დეტალური აღწერა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]