• „ლაფანყურზე ათჯერ მძიმე დანაშაულია ჩადენილი - სახლში, საწოლში მომიკლეს მძინარე შვილი“

    სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 22:55 view 7680
    „ლაფანყურზე ათჯერ მძიმე დანაშაულია ჩადენილი - სახლში, საწოლში მომიკლეს მძინარე შვილი“

    სამი თვეა, რაც თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, კიდევ ერთ შვილმოკლულ მამასთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად, მკვლელების დასჯას ითხოვს. მისი შვილი 25 ნოემბერს 20 წლის გახდებოდა, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის წინ, საკუთარ სახლში, საწოლში, სპეცოპერაციის დროს შუბლი გაუხვრიტეს. სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოკლულის მამა ერთი წელია სახელმწიფოსგან პასუხს ელის კითხვაზე - რატომ მოკლეს თემირლანი.

    „მე და ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქ ვართ. 24 ნოემბრამდე ღია ცის ქვეშ ვიყავით, წვიმაშიც, ქარშიც. მერე დავდგით ეს კარავი, რომელშიც ახლა ჩვენ ვსხედვართ.

    - რატომ არ გაძლევდნენ კარვის დადგმის უფლებას?

    - სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) დავალებით. იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენ დავიშლებოდით, წავიდოდით ჩვენ გზაზე, მაგრამ ასე არ მოხდა. მეც და ზაზაც ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ ჩვენს ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. თუნდაც ეს კარავი არ იყოს, თუნდაც თოვლსა და ყინვაში დგომა მოგვიწიოს, მაინც აქ ვიქნებით.

    აქედან ფეხს არ გავდგამთ, ვიდრე  ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვისაც ხელები თემირლანის სისხლში აქვს ამოსვრილი. ესენი არიან გომელაური, გოგაშვილი, ჩიმაკაძე. არიან სხვა ადამიანებიც.

    - ამ სამ თვეში, რაც პარლამენტის შენობის წინ პროტესტს გამოხატავთ, იყო რამე გზავნილი ხელისუფლების მხრიდან?

    - იყო მცდელობები, მე და ზაზა ერთმანეთს დავეშორებინეთ, ან ჩვენში უთანხმოება ჩამოეგდოთ. ეს არ გამოუვიდათ. რაც შეეხება საუბრებს, რომ თითქოს ჩვენ ნაციონალები გვმართავენ და აქ მათი დაკვეთით ვართ, სიცრუეა. პირადად მე არავინ მმართავს. მე მმართავს ჩემი გონება და გული. იგივეს ვიტყოდი ზაზაზეც.

    - რამდენიმე დღის წინ, თქვენ თქვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რასაც საპასუხო კომენტარები მოჰყვა პანკისის ხეობიდან. ერთ-ერთმა უხუცესმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციისას 7 ბიჭი მოკლეს, მათ შორის 3 პანკისიდან. ხეობისთვის მტკივნეულია ორივე გამოუძიებელი საქმე. რამ განაპირობა თქვენი მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიმართ?

    - მე მხარს ვუჭერ გაერთიანებულ ოპოზიციას. არც იმის შემრცხვება, ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მიხეილ სააკაშვილს ვუჭერ მხარს.

    მე იმიტომ ვუჭერ მხარს გრიგოლ ვაშაძეს, რომ „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ჩემს მოსისხლე მტრად მივიჩნევ. მეორე, თემირლანი ტყეში არავის მოუკლავს. თემირლანი იარაღით ხელში არავის მოუკლავს. თემირლანი სადმე რამის გასარჩევად წასული არავის მოუკლავს. თემირლანი თავის ოჯახში მოკლეს, მძინარე, თავის საწოლში.

    თემირლანი მე კი არ მომიკლეს მხოლოდ, მთელ ხეობას მოუკლეს. მაგრამ, სუს-ის ზეწოლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ადამიანები გაიყვნენ ორ მხარეს და ლაპარაკი დაიწყეს ლაფანყურის საქმეზე. აქამდე სად იყვნენ, იმ ლაფანყურზე დღეს რომ საუბრობენ? რომელი ერთი დააჭერინეს? გამოიძიეს?

    მეც მტკივა ლაფანყური. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ვფიცავარ მაღალ ღმერთს ალაჰს, მათზე მეტად მტკივა გული.

    როცა ნაციონალებმა ეს ჩაიდინეს ლაფანყურში, მაშინ მთელი პანკისის ხეობა, მე, ჩემი ოჯახი, ყველანი წინააღმდეგი წავედით, გარეთ გამოვედით და ხმა „ოცნებას“ მივეცით. დღეს, პანკისში, მასზე ათჯერ მძიმე დანაშაულია ჩადენილი - სახლში, საწოლში მომიკლეს მძინარე შვილი.

    დღეს რატომ გაიყო ხეობის მოსახლეობა? ნახევარი იქით, ნახევარი აქეთ? ეს გააკეთა სუს-მა. მეტსაც ვიტყოდი, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამხელა დანაშაული, ხომ დაგვპირდა „ოცნება“ ლაფანყურის საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, რა გააკეთეს ამ ექვს წელიწადში? რომელი ერთი გაათავისუფლეს სამსახურიდან? რომელი ერთი დაიჭირეს? რომელი ერთი მისცეს პასუხისგებაში?

    - ელოდით საკითხის ასე დასმას ქისტური თემის წევრებისგან?

    - ვინც ჩემს სტატუსს პასუხი გასცა, მისგან ამას არ ველოდი. მისგან მართლა არ მოველოდი. ბევრის თქმა შემიძლია, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ არაფერს ვიტყვი.

    - თემირლანის მკვლელობის შემდეგ, პანკისის მოსახლეობის მხრიდან თქვენი ოჯახის მიმართ, მაღალი სოლიდარობა იგრძნობოდა, პროტესტიც უფრო მძაფრი იყო. შესამჩნევად შემცირდა ეს მხარდაჭერა, რატომ?

    - არა, მე ასე ვერ ვიტყოდი, სოლიდარობა არის. როგორც ზემოთ ვთქვი, ეს განაპირობა სუს-ის გააქტიურებამ. ხეობაში მოქმედებს დაშალე და იბატონეს პრინციპი. იქ ვიღაც შეაშინეს, ვიღაცას „გრეხები“ შეახსენეს, ვიღაცას დაეხმარნენ. ეს ხალხი გაჩუმდა. როცა მე ვიტყვი, ხალხი გამოვა და თავის საქმეს გააკეთებს. საქმე არ არის სიმრავლეში, საქმე ერთობაშია.

    - იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება პანკისში არჩევნებს წააგებდა, მაგრამ მოიგეს. ესეც სუს-ის მეშვეობით მოხდა?

    - დიახ, სრულად სუს-ის „დამსახურებად“ მიმაჩნია. მაგრამ, აქ, მეორე მხარეც არის. არჩევნებზე ძირითადად მივიდნენ საჯარო მოსამსახურეები, ლაფანყურის სპეცოპერაციისას მოკლული ბიჭების ნათესავები.

    ახალგაზრდები არჩევნებზე არ ყოფილან. ნაწილმა თემირლანის საქმის გამო გამოთქვა პროტესტი, ნაწილი რელიგიური მოსაზრებების გამო არ მონაწილეობს.

    - რას აპირებთ, რა გეგმა გაქვთ?

    - თემირლანის საქმეში ხელისუფლებამ შეცდომა უნდა აღიაროს. ამ ხელისუფლებისგან არ ველი, რომ ამას იტყვიან. მე ხალხის იმედი მაქვს. ამიტომაც ვდგავარ აქ, რომ ხალხმა დაუსვას ამ ადამიანებს წერტილი. მე იმიტომ ვდგავარ აქ, საქართველოს მოსახლეობას გავაგებინო რომ თემირლანი ეჭვმიტანილიც კი არ იყო ტერორიზმში.

    - რას გულისხმობთ შეცდომის აღიარებაში?

    - არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აღიარება იმას, რომ მაგალითად, ძალას გადაამეტეს. პირდაპირ უნდა თქვან, რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ პანკისში, იმ ოჯახში, ეს იყო შეცდომა.

    ვის რა ინტერესი ჰქონდა, ვის ერაყის ბანკებიდან ჩამოჰქონდა ფული, ვის სირიის ბანკებიდან მილიონები, ვინ სად რას ათეთრებდა, ეს შიგნით გაარკვიონ. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თემირლანი უდანაშაულოდ მოკლეს.

    ეს ერთი წელია, მე სახელმწიფოს ვეკითხები - რატომ  მოკალით თემირლანი? რატომ მოკალით ეს ბავშვი მძინარე? რატომ მოკალით ეს ბავშვი თავის ოჯახში, თავის ლოგინში? ამას ვეკითხები მთელი წელიწადი, მაგრამ პასუხის გამცემი არავინ არის.

    მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად კარავში ღამეს რამდენიმე ახალგაზრდაც ათევს. ვახო თბილისიდანაა, გიორგი ბოლნისიდან, დათო საჩხერედან, არიან არასრულწლოვნებიც - ისინიც 19 წლის თემირლანის და 16 წლის დათუნა სარალიძის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას ითხოვენ.

    გელა მთივლიშვილი

    გელა მთივლიშვილი

    საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]