შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზიშვილი და კოლეჯის ქვემო ალვნის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ ძამუკაშვილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
შეხვედრის მიზანია პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად,
2019 წლიდან, პანკისის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ქვემო ალვნის კოლეჯში ისწავლიან, ყოველდღიურად უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.
პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც 23-24 ოქტომბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, თელავში გაიმართა. ამ დროისთვის ქვემო ალვნის კოლეჯში პანკისის ხეობიდან არცერთი ახალგაზრდა არ სწავლობს. პანკისიდან ქვემო ალვნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ტაქსით გადაადგილება კი ძვირია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაიზიარეს სათემო ორგანიზაციების რეკომენდაცია და ახმეტის 2019 წლის ბიუჯეტში, პანკისიდან ალვანში სტუდენტების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დაფინანსება გაითვალიწინეს.
ალვანში პროფესიული განათლების ცენტრი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსში ფუნქციონირებს. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
ამ დროისთვის კოლეჯში ფუნქციონირებს ვეტერინარიის, ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები. ასევე, არის პროგრამები, რომელიც რეგიონში მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.