„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით, სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურმა ქისტებმა და ავარებმა.
საბჭოს სხდომაზე, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტების მენეჯერმა გელა მთივლიშვილმა, პანკისის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.
უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭომ რეკომენდაცია მისცა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ შესაბამისი დაფინანსება, პანკისის სოფლებიდან ქვემო ალვნის პროფესიულ ცენტრამდე და პირიქით სტუდენტების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. სხდომაზევე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა თანხმობა განაცხადა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე.
გელა მთივლიშვილი, 24 სექტემბერს, თელავში გამართულ ანტიაზერბაიჯანულ აქციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონია რეაქცია ანტიაზერბაიჯანულ განწყობებთან დაკავშირებით და არ გაემიჯნა აქციის მონაწილეების მხრიდან, ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, მათი უფლებების დარღვევისკენ, ჩაგვრისკენ მიმართულ განცხადებებს.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ ყურადღება გაამახვილა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე, ასევე ეთნიკური ავარების თემში არაფორმალური განათლების საჭიროებებზე.
„საბჭოს სხდომის წარმართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებს არასამთავრობო სექტორი, რომელიც სწავლობს ეთნიკურ უმცირესობებში არსებულ პრობლემებს. სწორედ მათი მხრიდან დანახული პრობლემატიკის გარშემო გვაქვს მსჯელობა, რათა რეკომენდაციები გავუზიაროთ ადგილობრივ თვითმმართველობებს. როდესაც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე ვმსჯელობთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტეგრაცია“ - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები კახეთის რეგიონში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა თემის წარმომადგენლები იღებენ.