23 წლის დავით ჭიკაიძე პანკისის ძიუდოს კლუბში მწვრთნელად კლუბის დაარსებიდან მუშაობს. ძიუდოში ევროპის ჩემპიონისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, დავით მარგოშვილის სახელობის კლუბი დუისში 2015 წელს დაფუძნდა. ბავშვები 6 წლის ასაკიდან ვარჯიშობენ, არიან 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებიც. პანკისელი ძიუდოისტები წარმატებით ასპარეზობენ.
2018 წლის აპრილში პანკისის ძიუდოს კლუბის სპორტსმენმა, 19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა ეგვიპტისდედაქალაქ კაიროში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა. მანამდე, 2017 წელს, ათენში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც გაიმარჯვა.
გასულ წელს გამართულ ჩემპიონატში, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კლუბები მონაწილეობდნენ, 12-13 წლამდელთა შორის, 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პანკისის ძიუდოს კლუბის წევრი, ბექა მაჩალიკაშვილი ჩემპიონი გახდა. ამავე ტურნირზე 9-11 წლამდელთა შორის, 21 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა პანკისელმა უსმან ალხანაშვილმა. 24 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი აიღო ხეირულა გუმაშვილმა. 30 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ხიზირ მარგოშვილი. შარშან, პანკისის ძიუდოს კლუბი იბრაგიმ მარგოშვილმაც ასახელა, რომელმაც 2006-2007 წლებში დაბადებულთა შორის, 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა კლუბის წევრი, 21 წლის ნიკო ჭიკაიძე. მხოლოდ გასულ წელს, სხვადასხვა შეჯიბრიდან კლუბის ანგარიშზე 200-მდე მედალია.
სოფელ დუისის შესასვლელში, ძიუდოს კლუბის შენობასთან, ადრე დილიდან გვიან საღამომდე შენიშნავთ ველოსიპედებს, რომლითაც ბავშვები თავს ხეობის სხვადასხვა სოფლიდან იყრიან.
„ვინც მოდის, ყველას ვავარჯიშებთ.ზამთარში დილის 11 სათიდან რომ ვიწყებთ ვარჯიშს, საღამოს 8 საათზე ვამთავრებთ, სხვადასხვა ასაკის ჯგუფები არიან.ზაფხულში დილის 7-ზე ვიწყებთ. აქედან ბავშვი სკოლაში მიდის, მერე გაკვეთილებს სწავლობს, მერე ისევ აქ მოდის. ძალიან მაგარი ბავშვები იზრდებიან პანკისში. მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციიდან იყო წარმომადგენელი ჩამოსული, კატალინ ვოიკა. აღფრთოვანებული დარჩა ამ ბავშვებით და ამბობდა - რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ბავშვები არსად მინახავსო. გამორჩეულები არიან მონდომებით, მონაცემებით. მათთვის ძიუდო და სპორტი ყველაფერია“.
დავით ჭიკაიძის თქმით, პანკისის ძიუდოს კლუბში ქისტი და ქართველი ბავშვები ერთად ვარჯიშობენ, რაც მათ დამეგობრებასაც უწყობს ხელს:
„შეიძლება ყველა ჩემპიონი ვერ გაიზარდოს, მაგრამ ბავშვს ქუჩაში დგომის დრო აღარ რჩება, სპორტით ავსებ. ბავშვებისა და ახალგაზრდების ენერგია ჯანსაღი სპორტული აქტივობების კალაპოტში ექცევა“.
ძიუდოს კლუბის წევრებს პერიოდულად ხვდებიან და მასტერკლასებს უტარებენ ცნობილი სპორტსმენები. 2018 წლის აპრილში ახალგაზრდა ძიუდოისტებს საკუთარი გამოცდილება ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ქალმა, საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამმა გაუზიარა.
„ჩამოსულები იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად გოგოჭური, ირაკლი ცირეკიძე, გიორგი ყიზილაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი. სტიმულია ბავშვისთვის, როცა ოლიმპიურ, მსოფლიო ჩემპიონებს ხვდები, მათ გამოცდილებას ისმენ. ეს ბევრს ეხმარება მიზნისკენ სწრაფვაში, კარიერის დაგეგმვაში“.
ძიუდოს გარდა პანკისის სოფლებში - დუისში, ჯოყოლოში, დუმასტურში, ბირკიანში, ომალოსა და საკობიანოში ფუნქციონირებს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის, კიკბოქსინგისა და ათლეტიზმის მცირე ჯგუფები.
ხეობის 12 სოფლიდან არცერთში არ არის მოწყობილი სპორტული მოედანი, არადა, პანკისელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი ფეხბურთითაა გატაცებული. წინა წლებში სპორტის სამინისტრომ რამდენიმე სოფელში ქუჩის ღია სავარჯიშო მოწყობილობებიც დაამონტაჟა.
მხოლოდ ფეხბურთის მოედანი აქვთ სოფელ ქორეთში, სადაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით 238 ადამიანი ცხოვრობს. ქორეთი დუისიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული.
მოედანს ადგილობრივი ახალგაზრდები უვლიან, გაზაფხულზე ბალახს თიბავენ, თივას ყიდიან და დაგროვილი თანხით ბურთებს ყიდულობენ.
ქორეთში ეთნიკური ქისტების გარდა აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. პანკისის ხეობის სოფლებს შორის ქორეთში ყველაზე მეტი პრობლემაა.
„2005 წელს აჭარიდან ჩამოგვასახლეს 31 ოჯახი. ახლა თერთმეტი ან თორმეტი ოჯახი ვართ დარჩენილი. სააკაშვილის დროს შეგვპირდნენ, რომ ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. შეპირებები კი მოგვცეს, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ესენი (ქართული ოცნება) საერთოდ არ მოსულან. მარტო ხმა მოგვეცითო, მაშინ მოდიან. სხვა არაფერს აკეთებენ. ამ სოფელს პატრონი არ ჰყავს და არც ეყოლება.
სპორტს რაც შეეხება, ყველაზე კარგი იქნებოდა, ჭიდაობის პატარა დარბაზი გვქონოდა. ყველა ივარჯიშებდა, მარტო ამ სოფლიდან 40-50 ბავშვი და ახალგაზრდა მაინც“, - ამბობს 33 წლის ირაკლი აბაშიძე.
2018 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პანკისის ხეობის 13 სოფელში სპორტულ აქტივობებზე 23 ათასი ლარი დაიხარჯა. აქედან, 17 790 ლარით დაფინანსდა დუისის ძიუდოს კლუბი; 1719 ლარით სოფელ დუმასტურში ბერძნულ რომაული ჭიდაობის ჯგუფი; 1600 ლარი დაიხარჯა სოფელ ჯოყოლოში თავისუფალი ჭიდაობის ჯგუფისთვის; 1797 ლარით დაფინანსდა სოფელ ბირკიანში კინკ-ბოქსინგის ჯგუფი.
ახმეტის მერის მოადგილის ზაზა მიგრიაულის განცხადებით, პანკისის სოფელ ომალოს კულტურის სახლის ყოფილი შენობა თავდაცვის სამინისტროსგან მუნიციპალიტეტს გადაეცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძიუდოს დარბაზის მოწყობა.
2018 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებული პროექტი, რომელიც პანკისელებს მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხეობაში ვიზიტისას გააცნო. პროექტი ითვალისწინებდა ახმეტის სოფლებიდან, კვირაში 2-ჯერ ბავშვების უფასო ტრანსპორტირებას ახმეტაში, სადაც ისინი რაგბიში, საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებდნენ. ზაზა მიგრიაულის თქმით, ეს პროექტი ახლა განიხილება.
უფრო ადრე, 2017 წელს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში სპორტული დარბაზის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ბიუჯეტში 300 ათასი ლარიც იყო გათვალისწინებული, მაგრამ პროექტი აღარ განხორციელდა.