ამირანი 33 წლის არის, მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ჯოყოლოში ცხოვრობს და ცხენებს უვლის. ცხენებთან ურთიერთობა ბავშვობიდან აქვს. „მამა მეცხვარე იყო და ცხენები გვყავდა. სამეზობლოშიც ყველას ჰყავდა ცხენი. ბავშვები შევიკრიბებოდით ხოლმე, გავიდოდით რიყეზე (მდინარე ალაზნის პირას), გვიხაროდა, გვეხალისებოდა. სულ ცხენებთან ვართ. აქ, სოფელში სხვა არაფერია.
ცხენი ადამიანის მეგობარია. მითუმეტეს, სოფლად რომ ცხოვრობ, ცხენი ყველაფერია. ცხენით უნდა მოიტანო შეშა, ცხენით უნდა მოხნა ბოსტანი, ცხენით უნდა წახვიდე მთაში. ზოგი დოღისთვის ინახავს ცხენს. დოღში გამქცევი ცხენი ჩვენთან ძალიან პოპულარულია. რომ გითხრა გამარჯვებულ ცხენს იმდენ თანხას აძლევენ, რამე განსაკუთრებული ინტერესი აქვთ მეთქი, არა, მაგრამ ზოგს ხომ ჰყავს კარგი გამქცევი ცხენი, მეორე ცდილობს იმაზე უფრო მაგარი მოიყვანოს. როცა დოღში ბევრი კარგად მორბენალი ცხენი გამოჰყავთ, საინტერესოა და მთელი ხეობა იკრიბება.
ადრე ჩვენთან მხოლოდ ქართული ჯიშის ცხენები იყო. ახლა არაბული და ინგლისური ცხენებიც გვყავს. თუმცა, მთაში სახეტიალოდ მხოლოდ ქართული ჯიშის ცხენებს იყენებენ, ზომით უფრო პატარები არიან“.
2015 წლიდან, რაც პანკისის ხეობაში ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ცხენი შემოსავლის წყაროდაც იქცა.
„მაქსიმუმ 3 წელია, რაც ტურისტები შემოვიდნენ. ადრე ჩვენთან ვინ მოდიოდა, სად იყვნენ ტურისტები. უცხოელები აქ საერთოდ არ შემოდიოდნენ, ეშინოდათ. მერე, ნელ-ნელა გაჩნდა ამბები - ხეობაში რა იყო სანახავი, სად შეეძლოთ ღამის გათევა, ვინ იღებდა სტუმრებს, რაღაცნაირად გაიხსნა ხეობა. ახლა სიმშვიდეა. რამდენიმე ბიჭი მუშაობს, ვისაც ცხენები ჰყავს. ტურებს აწყობენ და ოჯახებს არჩენენ“.
ტურისტული სეზონი პანკისში მაისიდან იხსნება. ხადორის ჩანჩქერთან ერთად, სტუმრების ყურადღებას ლამაზურის და ქოჩადალას ხეობები, ხოროჯო და ტბათანა იქცევს. საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკებით პანკისიდან შესაძლებელია ბორბალოს მთაზე ასვლაც და იქიდან თუშეთში, ხევსურეთსა და უკანაფშავში გადასვლა.
წელს ამირანიც აპირებს ტურისტებს ცხენებით მოემსახუროს და გიდობაც გაუწიოს. სეზონამდე უნაგირები აქვს შესაძენი და მხარდამჭერ პროგრამას ეძებს.
USAID-ის Zrda პროექტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, ცხენის მოვლის, საცხენოსნო ტურების დაგეგმვისა და მართვის თეორიული კურსი უკვე დაასრულა. ტრენინგს საცხენოსნო ტურიზმის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტი, ტერი მორარი უძღვებოდა.
„ტურისტებთან დღემდე არ მიმუშავია და შეხება არ მქონია, მაგრამ მთაში ცხენით პატარაობიდან დავყვებოდი მამაჩემს და კარგად ვიცი იქაურობა. ძალიან მაგარი სპეციალისტის ტრენინგები გავიარე ახლა, ბევრ რამეს სხვანაირად მივუდექი. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაც ვისწავლე“.
თვის ბოლოს ამირანი პრაქტიკულ წვრთნებსაც გაივლის და სერტიფიცირებული გიდი იქნება.
„პანკისი-თუშეთის გზა რომ გაჭრილიყო, პანკისის ხეობას ძალიან წაადგებოდა, არც თუშებს დააზარალებდა.
პანკისში ამოსული ტურისტი ხადორის ხეობაში ან ჩანჩქერზე რომ ამოჰყავთ, ყველას აინტერესებს, იმის იქით რა ხდება, იმის იქით რა არისო. უხსნიან, რომ იმის იქით თუშეთია, კავკასიონის მთები, დაღესტანი და ჩეჩნეთი. ტურისტს უნდა, რომ ხადორს იქითაც ნახოს ხეობა, მაგრამ გზა არ არის. უკან ბრუნდება ახმეტაში და ფშაველიდან ადის თუშეთში. გზა რომ გაჭრილიყო, ამ გზით ავიდოდა და არსებული გზით, აბანოს უღელტეხილის გავლით ბარში დაბრუნდებოდა ან პირიქით. ორივე გზა დატვირთული იქნებოდა და უფრო საინტერესოც. ჩვენც სარგებელს მივიღებდით.
რაც ითქვა, რომ თუშეთის გზას ხადორის ხეობიდან გაიყვანდნენ, ახალგაზრდები გეგმებს აწყობდნენ, რომ დასაქმდებოდნენ. პანკისში სხვა სამუშაო არ არის, რა უნდა აკეთონ ახალგაზრდებმა?
რაღაცის ინტერესი ექნებოდათ.
რაღაცის კეთებაში როცა ხარ, დრო აღარ გაქვს, ცუდზე იფიქრო. როცა ხარ დასაქმებული და ოჯახი გყავს, ფიქრობ, რომ მდგომარეობა გაიუმჯობესო, მეტი ისწავლო, რომ ტურისტი იქნება თუ სხვა სამსახური, უფრო კარგად მოემსახურო.
რას შეცვლიდა ეს კიდევ - როცა ბევრი ხალხი შემოდის და იმ ხალხთან გაქვს ურთიერთობა, გინდა თუ არა, ურთიერთობაში შედიხარ ადამიანთან, გახსნილი ხარ უფრო. თავიანთი თვალითაც ნახავდნენ რა არის პანკისის ხეობა, არის თუ არა საშიში, მოსახლეობა როგორ ცხოვრობს.
თუშებსა და ჩვენს შორის მეგობრობაც უფრო გაღრმავდებოდა, ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობებიც გვექნებოდა“.
ამირანს მიაჩნია, რომ კარგი იქნება ხეობაში საცხენოსნო სკოლა გაიხსნას: „ბავშობიდან ცხენებზე, ცხენთან ერთად ვიზრდებით, მაგრამ კარგია, რომ ის სკოლა ბევრმა გაიროს. მე რაც ახლა ვისწავლე ცხენების მოსავლელად, თან ტურები რომ დავგეგმო და ვმართო, ეს სხვა ცოდნაა“.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პანკისის ხეობაში საცხენოსნო სკოლის გახსნის შესახებ ბოლო ერთ წელში რამდენჯერმე განაცხადეს, მაგრამ ჯერ არაფერია.