• ხმა პანკისიდან - ძანო მაჩალიკაშვილი ► სპეცრაზმით უნდა აეშენებინათ ჰესი?

    შაბათი, 27 აპრილი 2019 14:07 view 7623
    ხმა პანკისიდან - ძანო მაჩალიკაშვილი ► სპეცრაზმით უნდა აეშენებინათ ჰესი?

    „მე პირველ ომში აქ არ ვიყავი, შვილიშვილი მყავდა ავად. მეორე ომში მოვედი. დიდიან-პატარიანად ყველა აქ იყო, მე რა დამტოვებდა სხვაგან? არ დავრჩებოდი. ჩვენ, ქისტები ერთი მუჭა ხალხი ვართ. ამდენ სპეცრაზმს აქ რა უნდოდა, უფროსი არა ჰყავდათ მაგათ? 18 წლის ბავშვი დაცხრილეს, სახლში, თავის საწოლში ტყვია შუბლში დაახალეს და წავიდნენ. რა უფლებით შემოვიდა სპეცრაზმი? იმდენი ჯარი რატომ შემოიყვანა გახარიამ?“- სოფელ ძიბახევში მცხოვრები ძანო მაჩალიკაშვილი, პანკისში, 2019 წლის 21 აპრილს, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებას იხსენებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    შპს „ალაზანი ენერჯი“ პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე 5.4. მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ლიცენზიას ფლობს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო, 2018 წლის ივნისიდან ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. ეკოლოგიური და საცხოვრებელი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შიშით, მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

    21 აპრილს, კომპანიამ ჰესის მშენებლობა სამართალდამცავების თანხლებით განაახლა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გაამძაფრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ძიბახევში სპეციალური დანიშნულების რაზმი და სპეციალური საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა. ადგილობრივი მცხოვრებლები ითხოვდნენ, ტრაქტორს სამშენებლო სამუშაოები შეეწყვიტა, თუმცა სპეცრაზმს ხადორისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.

    იმ დღეს, ხეობაში, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის შეტაკება 2-ჯერ მოხდა, დილით და შუადღეს. სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ქვებს ესროდნენ. დაწვეს პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორიც.

    იმავე საღამოს, პანკისში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, შს მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდნენ. შს მინისტრის განცხადებით, თუ მოსახლეობის 90 % თანახმა არ იქნება, ხადორი 3 ჰესი ვერ აშენდება.

    ძანო მაჩალიკაშვილი, ადგილობრივი მცხოვრები: „აი, უყურებთ ნატყვიარს? 2 დღე ვიარე საავადმყოფოში. მთელი ენა მტკიოდა გაზი რომ გამოუშვეს. გაზს გამოვექეცი და მერე ტყვია მომხვდა, აქ დამარტყა, ყელში.

    ეგ ტრაქტორი, ჰესს რომ აშენებენ, 2 წელი იქ იდგა, ის მარშუტკაც. კაციშვილს ხელი არ უხლია, არც დიდს, არც პატარას, მაგრამ აღელვებული ხალხი რას არ გააკეთებს. ათასობით ჯარი რომ შემოიყვანა. ყვირილით, ჭყივილით, ხალხი გამოიყვანა.

    სპეცრაზმით უნდა აეშენებინათ ჰესი? მოსულიყვნენ ხალხთან, აზრი ეკითხათ? რატომ არაფერი გვკითხეს არცერთ მცხოვრებს? მარტო 5-6 კაცს დაუჯერეს, იქიდან სპეცრაზმი ამოიყვანეს, აი, რა გააკეთეს.

    ეგ ჰესი რომ გაკეთდეს, რაც უკვე არის, რა სარგებელი გვაქვს, გარდა იმისა, რომ ავადობამ იმატა? შეეკითხეთ ხალხს. 2 ჰესი ხომ არის უკვე, მესამე ჰესიც აქვთ ქვემოთ, პანკისის გარდა სხვა ხეობებიც ხომ არის?

    ჩვენ ჩვენით ხომ არ ვართ შემოსული. ქართველებს რომ იტაცებდნენ, ქალებს, ბავშვებს, მაშინ ჩამოგვიყვანეს ჩეჩნეთიდან და დავრჩით. მამა-პაპები აქ ცხოვრობდნენ. ახლა რას შვრებიან, რას გვიკეთებენ. იმხელა სპეცრაზმი შემოიყვანეს, ომშიც კი არ იყო ამდენი. ისტორია წაიკითხონ, რატომ ვართ აქ, რა ხალხი ვართ.

    ჩემი შვილი თავისი ხალხისთვის დაიღუპა, ომში, გროზნოში. მე დასაკარგი არაფერი მაქვს. აქაც რომ ყოფილიყო ომი, თავისი საქართველოსთვის გაწირავდა თავს. აფხაზეთის ომში ომობდნენ ჩვენი, პანკისიდან წასული ბიჭები. რამდენი მოკლეს... რატომ არ აგონდებათ ეგ? ახლაც რომ რამე იყოს, ასე გამწარებულები კი ვართ, მაგრამ საქართველოში ვართ გაზრდილი, საქართველოს ხალხი ვართ, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას.

    ეგრე არა ოღონდ! ამდენი სპეცრაზმი, ბალღების წინ გაზს უშვებდნენ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ, კიდევ მოვითმინეთ.

    - ეს იყო პროტესტი მხოლოდ ჰესების წინააღმდეგ, თუ სხვა საქმეების გამოც დაგროვილმა უკმაყოფილებამ ამოხეთქა?

    - ეგ იყო სამართალი? პირდაპირ შევარდნენ, 18 წლის ბავშვს ტყვია შუბლში დაახალეს და წავიდნენ. 18 წლის ბავშვი დაცხრილა (რესპონდენტი გულისხმობს თემირლან მაჩალიკაშვილს. რედ), რა უფლებით შემოვიდა? იმდენი ჯარი რატომ შემოიყვანა? კიდევ სხვა საქმეებიც არის, რაც ისე დარჩა“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]