• რას მოიცავს პანკისის ხეობის განვითარების გეგმა

    ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 14:35 view 4351
    რას მოიცავს პანკისის ხეობის განვითარების გეგმა

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაზე საუბრისას მუდმივად ხაზს უსვამენ პანკისის განვითარების გეგმას. რას მოიცავს აღნიშნული გეგმა და რა სტრატეგიული ღირებულება აქვს დოკუმენტს, რომელიც ისე მომზადდა, რომ მასში პანკისის ხეობის მოსახლეობა, რამდენიმე ადამიანის გარდა, ჩართული არ ყოფილა.

    პანკისის განვითარების გეგმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა. დოკუმენტი ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის. მინისტრის აპარატის განმარტებით, გეგმა მუდმივად განახლებად რეჟიმშია. დოკუმენტი ჩვენ წერილობით გამოვითხოვეთ.

    პანკისის ხეობის სტრატეგიული განვითარების პროგრამის 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმა ოთხ ნაწილად იყოფა: ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება; სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება; კულტურული იდენტობის დაცვისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფა.

    რა აქტივობებს ითვალისწინებს დოკუმენტი ამ მიზნების მისაღწევად?

    ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, განათლების სამინისტრო პანკისის ხეობაში მდებარე საჯარო სკოლების მიერ წარდგენილ პროექტებს დააფინანსებს მოსწავლეებისთვის შემეცნებითი, სპორტული, დრამის და სხვა სახელოვნებო, ბუნების შემსწავლელი წრეების მოსაწყობად. 2019 წელს, ამისათვის 7000 ლარია გათვალისწინებული, 2020 წელს 10 ათასი. ამასთან, პანკისში მცხოვრები მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლებში. ორივე წელს ჯამში 108 ათასი ლარია გათვალისწინებული. განხორციელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომელშიც 2 წლის მანძილზე მონაწილეობას მიიღებს 100 მოზარდი პანკისის ხეობიდან (დაიხარჯება 35 ათასი ლარი); პანკისის ხეობაში ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს ყოველწლიურად გადაეცემა სახელმძღვანელოები, რისთვისაც 120 ათასი ლარია გათვალისწინებული. განვითარების გეგმაშია შეტანილი ისიც, რომ ხეობაში ყველა პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს, ასევე წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები (ჯამური ღირებულება 40 ათასი ლარი); გაგრძელდება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა (55 ათასი ლარი); ჩეჩნური ენა, როგორც არჩევითი საგანი ისწავლება კვირაში ორსაათიანი დატვირთვით.

    მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების, ქართველი და ქისტი მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ჩატარდება ლიტერატურული კონკურსები პანკისის ხეობის თემატიკაზე; მოხდება ზღაპრების პრეზენტაცია და განხილვა, სკოლის ბიბლიოთეკების გაძლიერების ხელშეწყობა; პანკისის ხეობის სკოლების მოსწავლეებთან გაიმართება შეხვედრები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ.

    სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდებიან უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული ის სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს პანკისის ხეობის სკოლებში (67 500 ლარი დაიხარჯება 2019 წელს); პანკისში მცხოვრებ მოსახლეობას შსს აკადემიის სასწავლო პროგრამების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას; მოხდება სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტების ინფორმირება შსს-ს საქმიანობაზე; არასრულწლოვანთა შორის/მიერ დანაშაულის პრევენციისთვის, პანკისის ხეობის სკოლებში განხორციელდება პროგრამა „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS); დაგეგმილია პანკისის სკოლების მოსწავლეების ვიზიტი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღის ფარგლებში; თავდაცვის აკადემია საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს პანკისის ხეობის უფროსკლასელებთან 2019-2020 სასწავლო წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით; ახმეტის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ ქვემო ალვანის ფილიალში სწავლის შესაძლებლობების შესახებ ჩატარდება საინფორმაციო კაპმანია და მოხდება სტუდენტების საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა (დაიხარჯება 12000 ლარი).

    სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გასაუმჯობესებლად, ჩატარდება ტრენინგები - არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის შესახებ; ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ; პროექტის წერასა და მენეჯმენტზე; გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის საკითხებზე; მოეწყობა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები; სასკოლო ასაკის ბავშვებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით, ჩატარდება სასკოლო კვლევა (ESPAD) ახმეტის რაიონის სოფლების აწყურისა და ომალოს სკოლებში; იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სარეკლამო კამპანია; საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალურ თემებზე მოსახლეობის შესაბამის ჯგუფებთან გაიმართება შეხვედრები; დასაქმებული სამართალდამცავები გადამზადდებიან დისკრიმინაციის საკითხებში; ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ეწვევიან პანკისის ხეობას; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პანკისის ხეობაში გაიხსნება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიურო; მოსწავლეებისთვის მოეწყობა საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა; პანკისის ხეობის სკოლების პედაგოგები და დირექტორები სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდნენ ბრიუსელში.

    სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, 2019 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 533 520 ლარის დახარჯვა; 

    2019-2020 წლებში გათვალისწინებულია სოფელ ჯოყოლოში, სკოლასთან და ჯოყოლო-დუმასტურის ხიდთან და სოფელ ბირკიანში, სკოლასთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია; სოფელ შუა ხალაწნის დაწყებითი სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 95 ათასი ლარი; სოფლების დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი გზის (დარჩენილი მონაკვეთი) რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 469 360 ლარი; პანკისის განვითარების გეგმა 2020 წელს ითვალისწინებს სოფელ ქორეთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას (668 660 ლარი); 2019-2021 წლებშია დაგეგმილი ახმეტა-დუისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (700 ათასი ლარი); ამავე პერიოდშია დაგეგმილი დუისი-ძიბახევის გზის რეაბილიტაცია (1 მლნ 600 ათასი ლარი); 2020 წელს არის დაგეგმილი სოფელ შუა ხალაწანში საბავშვო ბაღის მშენებლობა (500 ათასი ლარი); გეგმის მიხედვით, 2019-2020 წლებში სოფელ დუისის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული, არადა, დუისის კულტურის სახლი იჯარით კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს აქვს აღებული და მნიშვნელოვან სარემონტო სამუშაოებს არ საჭიროებს; სოფელ ჯოყოლოში მოხდება სათემო სახლის პროექტირება; სოფელ დუისში საცხენოსნო სკოლისა და ბილიკის მშენებლობა; პანკისის ხეობაში, მიკრო, მცირე და საშუალო ტიპის საწარმოების პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები (35 ათასი ლარი); დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები მეწარმეობის განვითარებაში; ქალებისთვის მოეწყობა სასწავლო ტრენინგ-კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი; 2019 წელს მოხდება მოკვლეული ტურისტული მარშრუტების მონიშვნა, მანიშნებლების დამზადება-მონტაჟი; პანკისის ხეობაში ელექტრომომარაგების გასაუმჯობესებლად მოხდება 10-0,4კვ ქსელის რეაბილიტაცია (800 ათასი ლარი); პროექტი - „ზრდა/Zrda Activity in Georgia“ გააგრძელებს პროექტების დაფინანსებას (14 მლნ 747 479 ასშ დოლარია „ზრდა“-ს მთლიანი ბიუჯეტი 2016-2021 წლებში. აქედან, პანკისის ხეობის წილი დამოკიდებულია დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებზე); 2019-2021 წლებში განხორციელდება Pankisi Eco-Links - (USAID-ის სამწლიანი პროგრამა), რომელიც მიზნად ისახავს ხეობაში პირველადი პრობლემების განხილვას, სხვადასხვა ჯგუფებს შორის კავშირების გამყარებას (პროგრამის ბიუჯეტია 1 მლნ 500 ათასი აშშ დოლარი); სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაგრძელდება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა, იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია; დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, ეკო-საგანმანათლებლო შეხვედრები.

    კულტურული იდენტობის დაცვისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, დაგეგმილია საჯარო ლექციის გამართვა პანკისის ხეობის სკოლებში; თბილისიდან სტუდენტების ვიზიტი პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში; ქისტი პოეტების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ ვაინახურ თემაზე შექმნილი წიგნების პრეზენტაცია; საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გაიმართება მხიარული სტარტები, საახალწლო ღონისძიებები (35 ათასი ლარი); კულტურული მრავალფეროვნების დღის აღსანიშნავად გაიმართება „პანკისობა“ (12 ათასი ლარი), აღინიშნება ლტოლვილთა საერთაშორისო დღე; სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში; ტოლერანტობის თემაზე გაიმართება მწერლისა და პუბლიცისტის გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია პანკისში.

    რას ფიქრობენ ადგილობრივები გეგმის შესახებ

    სამოქალაქო აქტივისტი, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ჯოყოლა აჭიშვილი მიიჩნევს, რომ პანკისის ხეობის სტრატეგიული განვითარების პროგრამის 2019-2020 წწ. სამოქმედო გეგმა პრიორიტეტულ მიმართულებებსაც კი ვერ განსაზღვრავს, არათუ ხეობაში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს პასუხობს:

    „ეს არის კრებული იმ სამუშაოებისა, რასაც ყოველ წელს ისედაც აკეთებენ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას თუ არ ჩავთვლით. გზებს ყოველ წელს ისედაც აგებენ,

    ბავშვებს ისედაც აძლევენ სკოლის წიგნებსა და კომპიუტერებს, ეს რა შუაშია ხეობის განვითარებასთან? ექსკურსიაზე რომ წაიყვანენ ბავშვებს, ეს განავითარებს ხეობას? აქ სხვა პრობლემებია და მას სჭირდება მიხედვა. ამ დოკუმენტის სახელი გეგმასთან ძალიან შორს არის გაქცეული“.

    პანკისის ქალთა სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლეილა აჭიშვილი ამბობს, რომ ე.წ. განვითარების გეგმა ისეა შექმნილი, რომ გაანალიზებულიც კი არ არის პანკისში არსებული მდგომარეობა, არ არის გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეები, ისევე როგორც ის შესაძლებლობები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც დგას პანკისის ხეობა. „ძალიან მაღალია ხეობიდან ახალგაზრდების მიგრაცია, უკან აბრუნებენ, მაგრამ მაინც მიდიან. არაფერია ამ გეგმაში ისეთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებდა“.

    „ჩვენ არ გვქონია ხეობის განვითარების გეგმის შემუშავების შესახებ შეხვედრა არავისთან. ახალგაზრდებს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია“, - აღნიშნავს ლუიზა მუთოშვილი, პანკისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველოს“ დირექტორი.

    პანკისის სათემო რადიოს რესპონდენტთაგან, ერთადერთი, ვინც ხეობის განვითარების გეგმის შექმნის პროცესში მონაწილეობდა, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი, ხასო ხანგოშვილია: „გვითხრეს, რომ წარგვედგინა ჩვენი შეხედულებები, რა პრობლემებია ხეობაში და მათი გადაწყვეტის გზები. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუმცა, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ კმარა. საჭიროა იდეოლოგიური მუშაობა, ახალგაზრდების ჩართულობა, დამეგობრება მეზობლებთან, ქართველებთან, რაც პანკისში ჩამკვდარია. ძალოვანი უწყებები ვერ გადაწყვეტენ ამ საკითხს“.

    პანკისის სათემო რადიო აგრძელებს მუშაობას ხეობის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით და დოკუმენტის მიმართ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტების მოსაზრებებსაც გაგაცნობთ.

     

    მე და სახელმწიფო - რა პროექტები განხორციელდება პანკისში 2019-2020 წლებში

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია: ვაჟა ნასყიდაშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]