• ზელიმხან ხანგოშვილი იმ დროს მოკლეს, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა

    შაბათი, 24 აგვისტო 2019 11:28 view 7273
    ზელიმხან ხანგოშვილი იმ დროს მოკლეს, როცა ის პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა

    საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილს, რომელიც გუშინ, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს, გერმანიაში თავშესაფარი ჰქონდა მოთხოვნილი. მოკლულის ახლო ნათესავების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ზელიმხან ხანგოშვილი 40 წლის იყო.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სააგენტო „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ბერლინში, საქართველოს საკონსულოში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა საკონსულომ საკითხის გარკვევა დაიწყო.

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ზელიმხან ხანგოშვილის სახლში დღეს, დილიდან იღებენ სამძიმარს. საქართველოში მოკლულის და, ძმისშვილები და ნათესავები ცხოვრობენ. ახლობლები ცდილობენ, ხანგოშვილის ცხედარი ბერლინიდან პანკისში გადმოასვენონ.

    ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა, მაგრამ გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით დაიწყო, მაგრამ საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. მეტიც, ახლობლების ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები წაიშალა. ზელიმხან ხანგოშვილი მასზე თავდასხმას რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებდა.

    ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავის მექა ხანგოშვილის თქმით, თბილისში ზელიმხანზე თავდასხმას მეორედაც შეეცადნენ, რის შემდეგაც მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის დანიშვნა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

    უსაფრთხოების მიზნით ზელიმხან ხანგოშვილი ჯერ უკრაინაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა და ბერლინში ცხოვრობდა.

    ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. ის ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, რის გამოც მოსკოვს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა თორნიკე ქავთარაშვილის სახელითა და გვარით. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა. მისი მეტსახელია „ზელო დიშნი“.

    ზელიმხან ხანგოშვილი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც. მისი განცხადებით, ის და ახმედ ჩატაევი უკანონო შეიარაღებულ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააგზავნეს. ის ამბობდა, რომ ახმედ ჩატაევი ლოპოტის ხეობაში მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, უშუალოდ მისი თხოვნით ჩავიდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]