• ეს იყოს ინვესტორის ერთი უკან დახევა, რომ არ უჩივლოს - ნარმანია პანკისზე

    სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019 12:33 view 4342
    ეს იყოს ინვესტორის ერთი უკან დახევა, რომ არ უჩივლოს - ნარმანია პანკისზე

    „საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცეებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება“, - აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში. ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ გუშინ აირჩიეს. მისი ყოველთვიური ხელფასი 12 ათას ლარს აღემატება.

    ნარმანიას თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მან წაიკითხა, არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს პანკისის ხეობაზე.

    „უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ, არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია.

    არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ.

    ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდაოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ“, - აცხადებს ნარმანია.

    ნარმანია ამბობს, რომ თუ ჰესების მშენებლობაზე წინააღმდეგობა გვექნება, შუქი გაძვირდება. „ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე.

    აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი“, - აღნიშნავს ნარმანია ინტერვიუში.

    პანკისის ხეობაში ახალი ჰიდროელექტროსადგურის „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის დაწყების შესახებ შპს „ფერის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს - „მწვანე ალტერნატივას“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. პანკისში „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის პროექტს წინ უძღოდა ამავე ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფელ ძიბახევთან ახლოს „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის პროცესი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით და პროტესტის შედეგად, ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, 2019 წლის 21 აპრილს სამშენებლო სამუშაოების განახლებას სპეცრაზმის თანხლებით კი ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა.

    დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. შეტაკების შედეგად დაწვეს პოლიციის 4 ავტომობილი და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    2019 წლის 11 ივლისს, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი. საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს (პანკისის შეტაკება და თბილისში აქციის დარბევა). გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]