• ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 20:22 view 4322
    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი ფოტოზე - 21 აპრილს პანკისში მომხდარი დაპირისპირება

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელება შეაჩერა. უხუცესი ამას პანკისში, 21 აპრილს, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარ შეტაკებას უკავშირებს.

    „მე ვფიქრობ, ხელისუფლება პანკისის ხეობაზე განაწყენებულია, რაც ძალიან ცუდია.

    ყველა პროექტი შეჩერდა. პანკის-თუშეთის გზის პროექტზე მუშაობაც შეაჩერეს. ხეობის მთელი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ ეს ხდება ჰესის საწინააღმდეგო აქციის ჩატარების გამო, რაც მოხდა. სოფელ ხალაწანთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც შეჩერდა. პანკისობა უნდა ჩატარებულიყო, ერთი სოფელია ხადორში, ამ სოფელში ავიდა 15 საკრებულო, გამორიცხეს ქისტებით დასახლებული სამი თემი. ეს გაუმართლებელია.

    დარწმუნებული ვარ ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გაბედავდა, განაწყენების პოლიტიკა ზემოდან მოდის“, - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

    მისივე თქმით, ჩიხური სიტუაციიდან პანკისის ხეობის გამოყვანის ერთადერთი შესაძლებლობა პანკის-ხადორის ხეობების გავლით თუშეთისკენ სამანქანო გზის გაყვანა იყო.

    „ჩაკეტილი ვართ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას აწყობს პანკისში ასეთი სიტუაცია“, - ამბობს უხუცესი.

    1 075 000 ლარი იყო გათვალისწინებული პანკისის ხეობაში ქვემო და ზემო ხალაწნების დამაკავშირებელი 3.5 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაციისთვის. პროექტი 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო. წელსვე იგეგმებოდა სოფლების ჯოყოლოს და ბირკიანის საჯარო სკოლებთან, ასევე ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ცხენოსნობის განვითარების მიზნით მცირე ზომის იპოდრომის მოწყობა; საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთი პროექტი 2019 წელს ვეღარ განხორციელდება, თუმცა ეს 21 აპრილის მოვლენებს არ უკავშირდება.

    მერის მოადგილის თქმით, ზემო და ქვემო ხალაწნების გზის რეაბილიტაცია 2020 წელს მთის განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, იპოდრომის მოწყობა კი გადაიდო.

    „წელს იყო დაგეგმილი შუა ხალაწნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, თუმცა სოფელ აწყურის ბაღთან ერთად, სამუშაოები გადაიდო 2020 წლისთვის. ეს მხოლოდ ახმეტაში არ მომხდარა. სადაც 50-მდე ბავშვი ჰყავთ, ყველგან ასე მოხდა. რაც შეეხება წინუბნის სკოლის რეაბილიტაციას, კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული (პროექტირება და მშენებლობა ერთად). სამუშაოები სავარაუდოდ მომავალ წელს შესრულდება. ჯოყოლოსა და ბირკიანში გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი შედგა, თუმცა გამარჯვებული კომპანია შავ სიაში შეიყვანეს და მერე აღარ გამოცხადდა. სოფელ ომალოს ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე კი გეტყვით, რომ შენობა რამდენიმე წლის წინ თავდაცვის სამინისტრომ წაიღო იმ დათქმით, რომ სამინისტრო გაარემონტებდა მოსახლეობისთვის. ეს პირობა არ შესრულდა. ისევ ჩვენ დავიბრუნეთ. რეგფონდში უკვე წარდგენილი გვაქვს პროექტი 2020 წლისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად“, - განმარტა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

    21 აპრილს, პანკისში, სპეცრაზმსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოჰყვა. სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის მოთხოვნით და პროტესტის შედეგად, ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.

    დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. შეტაკების შედეგად დაწვეს პოლიციის 4 ავტომობილი და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    2019 წლის 11 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი. საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს (პანკისის შეტაკება და თბილისში აქციის დარბევა). გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]