• ნარკოტიკები - პანკისის ახალი პრობლემა და უკონტროლოდ მიშვებული მძიმე ვითარება

    შაბათი, 18 იანვარი 2020 21:21 view 12696
    ნარკოტიკები - პანკისის ახალი პრობლემა და უკონტროლოდ მიშვებული მძიმე ვითარება

    „ამან პანკისში ძალიან ბევრი პრობლემა უკან მოიტოვა, იმდენად ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. კანაფსაც აღარ ეხება საქმე, რომლის მოხმარებაც ძალიან გაზრდილია, 11-12 წლის ბავშვები უკვე მარიხუანას ეწევიან. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია გვაქვს. ახალგაზრდა ბიჭები „კრაკადილზე“ გადავიდნენ, ამას აღარაფერი შველის. ბევრმა ადამიანმა იცის ადგილები, სადაც ესენი იკრიბებიან, „კრაკადილს“ ამზადებენ, ნემსს იკეთებენ, მაგრამ პოლიციიდან არავინ იქ წამსვლელი, არავინ დაჯარიმებულიც კი მე არ გამიგია“, - „კრაკადილი“ რომელზეც პანკისის ხეობაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი საუბრობს, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკია.

    „კრაკადილის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგი აქვს. აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, იწვევს კანის დაჩირქებას და გარქოვანებას, რის გამოც ადამიანის კანი ნიანგისას ემსგავსება. ჟარგონულად მას სწორედ ამიტომ შეარქვეს „კრაკადილი“. ნანემსრის ადგილას წარმოიქმნება ადგილობრივი ქსოვილის ნეკროზი, ჩნდება ჩირქოვანი ქერქით დაფარული წყლულები, ინფექცია ხშირად ძვლამდე ვრცელდება და ადამიანი ლპობას იწყებს. დამახასიათებელია მსხვილი სისხლძარღვების თრომბოზი, ვენების დაჩირქება და დაწყლულება. ყოველივე ამის გამო, რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება კიდურის მოკვეთა. სისტემური დაზიანებებიდან აღსანიშნავია სეფსისი, ფილტვების ანთება, მენინგიტი, ძვლის ინფექცია, რომელიც იწვევს ყბის და სახის სხვა ძვლების ქსოვილის სტრუქტურის დაშლას, მეტყველების და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

    „კრაკადილის“ კუსტარულად დამზადებას ადვილად ხელმისაწვდომი ქიმიური ნივთიერებები, სამკურნალო საშუალებები და დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.

    პრეპარატები, რომლებსაც ნარკოტიკისთვის იყენებენ, აფთიაქებში მხოლოდ ექიმის რეცეპტით უნდა გაიცემოდეს, თუმცა მომხმარებლები შეძენას მაინც ახერხებენ.

    „კრაკადილის“ მოხმარება მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გავლენით, ორგანიზმზე ძლიერ ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს. მოქმედების უფრო სწრაფი დასაწყისი აქვს, ვიდრე სხვა ნარკოტიკებს, სწრაფად იშლება და შემდგომი დოზის მიღების ძლიერ სურვილს იწვევს. კვლევების მიხედვით, ინექციის გზით მოხმარებული 1 მგ. „კრაკადილი“ 10 მგ მორფინის ექვივალენტურია. „კრაკადილის“ მომხმარებელი 3-4 მიღების შემდეგ მასზე დამოკიდებული ხდება. გამოყენების სიხშირეც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოპიატებისა.

    „ეს მართლაც მტკივნეული პრობლემაა ხეობაში, ვგულისხმობ ახალგაზრდობის ბევრი ნაწილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებას. რელიგიის თუ ჯანმრთელობის კუთხით ნამდვილად საზიანოა. ისლამი კრძალავს სასმელის მიღებასაც კი. ნებისმიერი ნივთიერება, რასაც ადამიანი ნორმალური მდგომარეობიდან გამოჰყავს, მისი მიღება აკრძალულია“, - ამბობს პანკისის სალაფიტური თემის იმამი ზურაბ ქავთარაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

    „ღმერთის უნდა ეშინოდეს იმ ხალხს, ვინც ნარკოტიკებს ამზადებს ან ყიდის. ვისაც რაიმე საშუალება გვაქვს, წინ უნდა აღვუდგეთ ამ სენის გავრცელებას. ჩვენ სარწმუნოება გვავალდებულებს, რომ ეს ძირფესვიანად ამოვძირკვოთ“, - მოუწოდებს იმამი მოსახლეობას.

     „მე ძალიან დიდი შიში მაქვს, სულ მცირე 10 წლის შემდეგ ეს თაობა როგორი იქნება“.

    სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები, პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ გავრცელებულ ვიდეოს იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ იმ ადგილს ასახავს, სადაც ნარკოტიკებს კუსტარულად ამზადებენ და მოიხმარენ: „ხეობის სხვადასხვა სოფელში, ძალიან ბევრ ადგილას არსებობს ასეთი თავშეყრის ადგილები ბიჭებისთვის და ძალიან მძიმე სურათი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ხეობაში არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამას ებრძვიან. ისინი ვიდეოებს იღებენ და მხილების, მოწოდების მიზნით, რომ ეს ცუდია და დამღუპველი, სოციალურ ქსელებში ავრცელებენ“.

    ეს ვიდეო ნანახი აქვთ ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილების თანამშრომლებსაც, მაგრამ რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

    ხეობაში ერთ-ერთი ასეთი ადგილი პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორებმაც გადაიღეს. დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, გორაზე, ნახევრადდანგრეულ სალოცავში ვნახეთ ჭურჭელი, რომელშიც ნარკოტიკებს ამზადებენ, მათ შორის არამხოლოდ ე.წ. „კრაკადილს“, არამედ „ტრადიციულ ვინტს“ და „ეფედრას ვინტსაც“.

    „კრაკადილის“ მსგავსად, ეს ნარკოტიკებიც კუსტარულად მზადდება. რადგან ეფედრას ბუჩქები ველურად ხარობს, მასზე ხელმისაწვდომობა ბევრად მაღალია. ნარკოლოგების თქმით, მისი მომხმარებლები ძირითადად გამოუცდელი ახალგაზრდები არიან. „ეფედრას ვინტი“ დამოკიდებულების სწრაფი განვითარებით ხასიათდება, იწვევს შეუქცევად სამედიცინო პრობლემებს: კანის და სისხლძარღვთა სისტემის ანთებებს, აბსცესებს, სეფსისს, განგრენას, გულის მწვავე უკმარისობას, ემბოლიას, დეპრესიული ფონის მატებას, ფსიქოზს, სუიციდისადმი მიდრეკილებას.

    პოლიციას არამხოლოდ ნანახი აქვს ხეობაში ნარკოტიკების დამზადებისა და მოხმარების ამსახველი ვიდეომასალა, არამედ დახმარებისთვის მოქალაქეებმაც მიმართეს. ერთ-ერთი მათგანი დუისში მცხოვრები ხეედი ქუშანაშვილია: „პოლიციის უფროსთან ვიყავი. მე არ მაქვს არაფრის უფლება, დაშვებულიაო. თუ წილში არ არიან, ან შეგნებულად არ მიუშვეს ეს ვითარება უკონტროლოდ, მაშინ რატომ ხდება გაყიდვა, რატომ იღუპება ახალგაზრდობა?“

     

    კანონმდებლობა

    ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, პირად სივრცეში მარიხუანის მოხმარება ფაქტობრივად ლეგალიზებული გახდა, თუმცა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკების მოხმარება მაინც დასჯადი ქმედებაა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი წესით.

    საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 70 გრამამდე მარიხუანის მოხმარების გზით შეძენა-შენახვისთვის გააუქმა სისხლისსამართლებრივი სანქცია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა (საქმე - ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

    2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის/კანაფის მოხმარებისთვის, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობა ცნო არაკონსტიტუციურად (გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

    2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციული სანქცია ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის (ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ); ამ გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში ლეგალიზებული გახდა, თუმცა, საჯარო სივრცეში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში და/ან მათი თანდასწრებით მარიხუანის მოხმარების შემთხვევა, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამედიცინო, სახელმწიფო დაწესებულებებში კვლავ დასჯადია.

    მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 45 პრიმა პირველი მუხლი დაემატა. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარა მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    კანაფის ან მარიხუანის მოხმარება აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა და ამ ქმედების ჩადენისთვის დადგენილია ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

    კანაფის ან მარიხუანის  მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე - გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე ოდენობით.

    კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო დაწესებულების ან/და ფარმაცევტული დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1 200 ლარამდე ოდენობით.

    კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვნის თანდასწრებით (მათ შორის, პირად სივრცეში) ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის ან/და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

    კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და გასაღებისთვის სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა პირველი მუხლი აწესებს. ვინც ადმინისტრაციული წესით ერთხელ უკვე გასამართლებულია და მეორედ დააკავებენ ამ დანაშაულისთვის, ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დასჯიან. კანაფის ან მარიხუანის დიდი ოდენობით, არაერთგზის ან წინასწარი შეთანხმებით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სასჯელი ხუთიდან ათ წლამდეა.

    2017 წლის 12 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილიც, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის 0,00009 გრამის ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

    ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     

    როცა პოლიცია არ მოქმედებს

    საკანონმდებლო აკრძალვების მიუხედავად, პოლიცია პანკისის ხეობის სოფლებში კანაფის/მარიხუანის და სხვა ნარკოტიკების გავრცელების შესაფერხებლად არაფერს აკეთებს. სამოქალაქო აქტივისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, პოლიცია განზრახ არ მოქმედებს.

    „არც მინდა იმედი მქონდეს დაკარგული, რომ სახელმწიფო სტრუქტურები თავისი უმოქმედობითა და ხელშეწყობით შეგნებულად ღუპავენ პანკისელ ახალგაზრდებს. დაღუპვაა ეს, „კრაკადილზე“ რომ გადავიდნენ და არავინ არაფერს აკეთებს“, - ამბობს სულხანი.

    „თუ ასე გაგრძელდა და ზომები სწრაფად არ მივიღეთ, ამან შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჩვენ გვახსოვს, წარსულში, 2000-იან წლებში რა ხდებოდა ხეობაში, როცა მასობრივად შემოდიოდა და გადიოდა ნარკოტიკი. ახლა ასე არ არის, მაგრამ რაც ხდება, უკვე საშიშია. იმ პერიოდმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეიწირა და დღესაც თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით. თან, იმ პერიოდის მძიმე შედეგებს პანკისი დღემდე იმკის“, - აღნიშნავს რამზან გორგიშვილი. 

    უხუცესთა კავშირი ხეობაში ნარკოტიკების გავრცელების პრევენციას საკუთარი ძალებით აპირებს. „მე ბოლოს ასეთი წინადადება წამოვაყენე, რომ რადგან პოლიცია ამას ყურადღებას არ აქცევს, ამის აღკვეთა შეეძლოთ, გამოვლენა შეეძლოთ 2-3 დღეში, რადგან ესენი ამას არ აკეთებენ, ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ ეს ჩვენს თავზე.

    გვარების მიხედვით უნდა შევქმნათ სამორიგეო რაზმები, როგორც ადრე, რომ აღვკვეთოთ, გამოვავლინოთ, შევარცხვინოთ ეს ახალგაზრდები. სხვა გზა არ გვაქვს.

    პოლიცია ალბათ ფიქრობს, რომ რადგან კანაფის მოხმარება არ იკრძალება, ოღონდ საზოგადოებრივ ადგილებში არ მოწიო, შეგიძლია გახვიდე მდინარის პირას, მოწიო, ბავშვებიც მიაჩვიო. ასე ხომ არ შეიძლება?“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

    უხუცესებსა და ახალგაზრდებს პრობლემასთან გამკლავების შესაძლებლობებზეც აქვთ ნაფიქრი.

    „ხეობაში ძალიან დიდი უპერსპექტივობაა. ახალგაზრდებს არაფერი აქვთ, სადაც თავისუფალ დროს გაატარებენ. სპორტში ჩართულობა ამის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა“

    რამზანს ეთანხმებიან სულხანი და ლუიზაც: „სპორტზე ხელმისაწვდომობა თუ არ აღმოფხვრის, გაზრდის საშუალებას მაინც აღარ მისცემს. დღეს, ამ მომენტშიც, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარენ, მოზარდების, ახალგაზრდების ნაწილი უყურებს. ჯერ-ჯერობით თავად არ არიან მომხმარებლები, შეიძლება ზუსტად ამ შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ სპორტში ჩაერთონ და მათ აღარ აჰყვნენ“.

    „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს ეს ძალიან მძიმე სურათი, ის არის, რომ ადგილზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, ახალგაზრდა ბიჭები რომ დაკავდნენ“.

    სწორედ პანკისის ხეობაში ახალგაზრდების მონაწილეობისა და სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას ეხმიანება NDI-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის ფარგლებში კვლევაც ჩატარდა საჭიროებების გამოსავლენად. მთავარი საჭიროებები რაც გამოიკვეთა - ჯოყოლოში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა და პანკისის ხეობაში, ისევე როგორც პანკისიდან რაიონულ ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობაა.

    „ახალგაზრდა რაღაცით უნდა იყოს დაინტერესებული, რაღაც მიზანი უნდა ჰქონდეს, რაღაცისკენ უნდა ილტვოდეს ცხოვრებაში - ეს აკლიათ ჩვენს ახალგაზრდებს. რატომ? იმიტომ, რომ ადგილზე არაფერია. სპორტი ყველა ახალგაზრდისთვის მიმზიდველია, ისლამის რომელი მიმდინარეობის მიმდევარიც არ უნდა იყოს. მითუფრო, ჩვენს ახალგარზდებს აქვთ მონაცემები სპორტის სხვადასხვა სახეობაში“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი და საზოგადოებას ვითარების გამოსასწორებლად სწრაფად მოქმედებას სთხოვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]