• პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია ხეობაში

    სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020 20:38 view 12906
    პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია ხეობაში

    „ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, - სოფელ დუისში მცხოვრები თამაზ მარგოშვილი, 29 აგვისტოს, პანკისის ხეობაში, პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში გამართულ აქციაზე საჯაროდ დაიმუქრა სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას. 

    აქცია „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს“ ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის მიერ იყო ორგანიზებული და მასში 150-ზე მეტი ადგილობრივი მონაწილეობდა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე. როდი სკოტის ფონდს მრავალი წელია პანკისში ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები აქვს. სასწავლო ცენტრი სოფელ დუისში, ყოფილი საბჭოს შენობაშია. ამავე შენობის მეორე სართულზე, მცირე ნაწილშია განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. შენობის მესაკუთრე ახმეტის მუნიციპალიტეტია. რადიოს 89.7 კვმ სამუშაო ფართი მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვს აღებული 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, სარგებლობის უფლებით. შენობის პირველ სართულზეა პანკისის მუზეუმი, მცირე სამკერვალო საწარმო, სტომატოლოგიური კაბინეტი და კიდევ ორი ხანდაზმული ქალი ცხოვრობს. 

    რამდენიმე კვირის წინ, რადიოს თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ როდი სკოტის ფონდი ორსართულიანი შენობის მთლიანად შესყიდვას აპირებს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანხმობაც მიღებული აქვს. მერიის დავალებით შენობა აზომეს კიდეც. როგორც გამოვარკვიეთ, ფონდის ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი, მათ, ვინც ამ შენობაში იჯარით ან იჯარის გარეშე სარგებლობს, დაპირდა, რომ გაძევების საფრთხე არ ემუქრებათ. უხუცესთა კავშირის ერთ-ერთმა წევრმა ხასო ხანგოშვილმა, რომელიც პანკისის მუზეუმს ხელმძღვანელობს, შენობის ამ ფორმით პრივატიზებაზე უკმაყოფილება გამოთქვა. მას დაპირდნენ, რომ მუზეუმის ფართს ცალკე გამოყოფდნენ და პრივატიზებას არ დაექვემდებარებოდა. 

    ჩვენი ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და როდი სკოტის ფონდს შორის შემდგარი შეთანხმების მიხედვით, სათემო რადიო ოფისს 2021 წლის ჩათვლით შეინარჩუნებდა, როგორც ეს საიჯარო ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, ახალი მესაკუთრე სათემო რადიოს ხელშეკრულებას აღარ გაუფორმებდა. ოფისის კაპიტალურ რეაბილიტაციაში რადიოს დაახლოებით 60 ათასი ლარი აქვს დახარჯული. სათემო მაუწყებლობის გარდა, რადიოში პერიოდულად, ზაფხულობით ფუნქციონირებს უფასო სასწავლო კურსები, სადაც ახალგაზრდები და ქალები ავტომობილის მართვის თეორიულ და პრაქტიკულ, ბუღალტერიის, მცირე პროექტების წერისა და გრანტების მოძიების კურსებს გადიან. 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 300-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.  

    31 ივლისს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა (ეს ორგანიზაცია ფლობს პანკისში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას) წერილობით მიმართა ახმეტის მერიას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ვინ არის დაინტერესებული აღნიშნული შენობის შესყიდვით და დაიწყო თუ არა ამ საკითხზე წარმოება. 

    ახმეტის მერიამ საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადაში არ მოგვაწოდა. მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გასცა საჯარო ინფორმაცია, რაც მას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. ამასთან, მერიას მოვთხოვეთ, წერილობით მოეწოდებინა ინფორმაცია, შენობის გაყიდვის მიზნით აუქციონის გამართვის ან სხვა ფორმით განკარგვის შესახებ. 2020 წლის 12 აგვისტოს, ახმეტის მერმა ოფიციალურად გვაცნობა, რომ შენობის პრივატიზების მოთხოვნით, მერიას „როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველომ“ მიმართა.

    სინამდვილეში რა მოხდა - მას შემდეგ, რაც შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაცია მოვითხოვეთ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა როდის სკოტის ფონდის ხელმძღვანელს ლია მარგოშვილს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ. მარგოშვილს ურჩიეს, დუისში აქცია მოეწყო, რაც შეიძლება მეტი ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. 

    მერიაში დასახული გეგმის მიხედვით, აქციაზე მივიდოდნენ ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან და მერიის თანამშრომლებიც. 

    მერიიდან რამდენიმე წყარომ შეგვატყობინა, რომ მერის, იოსებ ქარუმაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ლაშა გოდერძიშვილისა და გიორგი ხარიტონაშვილის დავალებით, აქციის მონაწილეებს პროტესტი უნდა გამოეთქვათ პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ, ის ხეობისა და მოსახლეობის ინტერესების დაზიანებაში უნდა დაედანაშაულებინათ და პანკისიდან მისი გასვლა მოეთხოვათ.

    ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან არ თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული გაშუქების გამო. ჩვენ მას მაინც მივმართეთ და ვკითხეთ, რატომ მონაწილეობდა რადიოს წინააღმდეგ აქციის დაგეგმვაში და რატომ ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები აქციას, სადაც მონაწილეები სათემო რადიოს დარბევით და ხეობიდან ჟურნალისტის გაძევებით იმუქრებოდნენ. „მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს, რომ თქვენით დავინტერესდე“, - გვიპასუხა შეტყობინებაზე იოსებ ქარუმაშვილმა. სუს-ის თანამშრომლებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. 

    ლია მარგოშვილმა როდი სკოტის ფონდის თანამშრომლებს დაავალა, 29 აგვისტოს დაგეგმილ აქციაზე თითო მასწავლებელს 20 მონაწილე მიეყვანა (ბავშვები და მშობლები), წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებაზე მიანიშნა.

    „მასწავლებლები ზოგან სახლებში მოვიდნენ, ზოგან ტელეფონით დაგვირეკეს და გვთხოვეს, ბავშვებთან ერთად აქციაზე მივსულიყავით, როდი სკოტის ფონდის ინგლისურის სკოლა რომ არ დახურულიყო და მუშაობა გაეგრძელებინა, შენობა რომ არ წაერთვათ. ბევრი მშობელიც წავიდა და ბავშვებიც გავუშვით. შეკრება რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული, აქციაზე გავიგეთ“, - უთხრეს პანკისის სათემო რადიოს დუისსა და ჯოყოლოში მცხოვრებლებმა.

    ლია მარგოშვილს ვკითხეთ, რატომ დაემუქრა თანამშრომლებს, რომ თუ 20-20 ადამიანს არ მიიყვანდნენ აქციაზე, სამსახურიდან გაუშვებდა. მან კომენტარი არ გააკეთა. 

    აქციაში როდი სკოტის ფონდის მოსწავლეებთან (არასრულწლოვან ბავშვებთან) და მათ მშობლებთან ერთად, მონაწილეობდნენ იმ ახალგაზრდების მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში შორტებით გასვლის გამო, სოფელ ყვარელწყალში მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. პანკისის სათემო რადიომ ძალადობის ეს შემთხვევა ვრცლად გააშუქა. პროკურატურამ ისლამ ფარეულიძეს, ადამ ბაღაკაშვილსა და არასრულწლოვან ა.ი-ს ბრალი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის წარუდგინა. სასამართლომ ორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთი - არასრულწლოვანი ბრალდებული კი გირაოთი გაათავისუფლა. ბრალდებულთა ოჯახის წევრები პანკისის სათემო რადიოს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი შვილები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 

    აქციაში ასევე მონაწილეობდნენ პანკისში, 2019 წლის 27 ნოემბერს, ვისური მუთოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა ახლობლები. პანკისის სათემო რადიომ მკვლელობის საქმეზე არაერთი კრიტიკული რეპორტაჟი მოამზადა. შეიარაღებულმა პირებმა, 37 წლის ახალგაზრდა დღისით, სოფლის ცენტრში, არაერთი პოლიციელის თვალწინ ჩაცხრილეს. ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ.

    „ამ ხეობაში, თუ რამე ზიანი ხდება, ყველაფერი მისგან მოდის. აი, ჰესიდანაც ბევრი რაღაცეებია, ამ ბოლო დროსაც ბევრი რაღაცაა, რასაც ის აზიანებს. არასდროს ჩვენი ხალხის ინტერესები არ დაუცავს მას. ხეობაში 10-20 კაცი იქნება მისი მომხრე, დანარჩენი ყველა მისი წინააღმდეგია. ის ამ ხეობიდან უნდა გავუშვათ. წავიდეს და სხვაგან იმუშაოს. ჩვენ გვაბინძურებს ის. მან ეს ხეობა დააბინძურა. 

    მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა, ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი დღეს აქ ამის გამო მოვიდა.

    ამ საქმესაც ღმერთის წყალობით მოვაგვარებთ და შენობას არავის დავუთმობთ“, - აღნიშნა აქციაზე სოფელ დუისში მცხოვრებმა თამაზ მარგოშვილმა. 

    ვიდეომასალიდან ჩანს, როცა აქციის მონაწილე თამაზ მარგოშვილი სათემო რადიოს ოფისის დარბევით ღიად იმუქრება და ამბობს, რომ იქ ხალხია, ახალგაზრდების ჯგუფები, ვინც რადიოს ნივთებს გარეთ ახლავე გამოყრიან, მის გვერდით დგანან „ქართული ოცნების“ წევრები - რამაზ ბაღაკაშვილი, ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; თამაზ ბორჩაშვილი - ახმეტის საკრებულოს წევრი სოფელ ჯოყოლოდან; როსტომ ალხანაშვილი - ახმეტის საკრებულოს წევრი ხალაწნის თემიდან. 

    თამაზ მარგოშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლა, რომელიც სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ისე დაასრულა, რომ საკრებულოს არცერთმა წევრმა მას ძალადობისკენ საჯარო მოწოდებები არ შეაწყვეტინა და არც გაემიჯნა. 

    „იქ რა უნდა მეთქვა საჯაროდ, ამდენ ხალხში. მერე გავიყვანე ცალკე და ვუთხარი, რომ განა პირველყოფილი დროა, ასე არ შეიძლება მეთქი. გამოხატვის უფლება კიდევ ყველას აქვს. რასაც უნდა, იმას იტყვის. მე აქციაზე მისვლა მთხოვეს და მივედი. ლია მარგოშვილმა დამირეკა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და მერიიდან ჩემთვის არავის დაურეკავს და არაფერი უთქვამს“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიოს რამაზ ბაღაკაშვილმა.

    აქციაში მონაწილეობდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დუისის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები, ასევე, დუისის საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგი, ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამი-ოთხი თანამშრომელი და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები. 

    აქციის დასრულებამდე ლია მარგოშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლები დაწყევლა: „დიდი მადლობა ყველას, ვინც როდი სკოტის ფონდის გამო დღეს აქ მოხვედით და შეწუხდით. მე ძალიან მენდომებოდა, თქვენ, ყველამ ამ დეპუტატებს უთხრათ, დღეს რაც აქ მოისმინეთ, რომ ახმეტაში ჩაიტანონ  და უთხრან. ეს საქმე იყო დაწყებული, უკვე აკეთებდნენ, გელა ჩაერია და გააჩერეს ეს საქმე. მეუბნებიან, გელას სახელი არ ახსენოო, მაგრამ ცეცხლი წაეკიდოს გელას და ყველას, ვინც მაგის უკან დგას“.

     

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფირად, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

    რედაქციისგან: იმის მიუხედავად, რომ აქცია, სადაც სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლით დაიმუქრნენ, პოლიციის შენობის გვერდით გაიმართა და გამომსვლელებს სამართალდამცავებიც უსმენდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება მუქარის ფაქტებზე. პოლიციის უმოქმედობა არ გვიკვირს, რადგან ხეობაში ბევრი შემთხვევა გვახსოვს, უფრო მძიმე დანაშაულებიც კი, როცა სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, რეაგირება გაშუქების შემდეგ მოეხდინათ.

    პანკისის სათემო რადიო მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

    ასევე, მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტონ მათი გავლენის ქვეშ მყოფი პირების გამოყენებით, პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება და დეზინფორმაციის გავრცელება. 

     

    ამ თემაზე:

    კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პანკისის რადიოს დარბევის მუქარაზე რეაგირებას ითხოვს

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]