• პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადება

    შაბათი, 05 სექტემბერი 2020 11:00 view 7980
    პანკისის სათემო რადიოს საგანგებო განცხადება

    პანკისის სათემო რადიოსთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს, 5 სექტემბერს, შუადღეს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი აქციის გამართვა იგეგმება. აქცია ორგანიზებულია როდის სკოტის ფონდისა და რამდენიმე რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ, სალაფიტური თემის ზოგიერთი ლიდერის, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხარდაჭერით.

    რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს დახურვას ითხოვენ. პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ის პირია, ვინც ხეობაში უკანონო შეიარაღებულ ჯგუფს ხელმძღვანელობს.

    აღნიშნულ ჯგუფს უკავშირდება 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში, პოლიციელების თვალწინ ვისური მუთოშვილის მკვლელობა, თუმცა სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით, მხოლოდ 2 პირი დააკავეს.

    საყურადღებოა, რომ სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს გამართულ აქციაზე, პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

    „ეგ მთივლიშვილი, აქედან გასაგდებია. აქ ხალხი მაგის გამო წუხს, რომ მაგაზე არავინ არაფერს ამბობს. ეგ მთივლიშვილი ხომ, აქ ხალხია, ვინც ეხლავე მის რაღაცეებს (რადიოს ტექნიკა, ინვენტარი) გამოყრის გარეთ. ახალგაზრდები ამბობენ, დღესვე მათ რაღაცეებს გარეთ გამოვყრითო. რაღაც დრო უნდა დავთქვათ, რომ აქედან თვითონ წავიდეს. მას რაღაც დრო უნდა მივცეთ, 5 დღე ან ერთი კვირა. ამ დროის მერე შევიკრიბებით, ან თავისით წავა, ან იძულებით გავუშვებთ. უმეტესი ხალხი, დღეს, აქ, ამის გამო მოვიდა“, - განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ მარგოშვილმა.

    29 აგვისტოს, აქცია დუისის პოლიციის განყოფილებიდან 10 მეტრში მიმდინარეობდა. გამომსვლელები ხმის გამაძლიერებელსაც იყენებდნენ. მუქარის შემცველი განცხადებების ამსახველი ვიდეო პანკისის სათემო რადიომაც გაავრცელა, ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშიც განთავსდა. კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება.

    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების მიუხედავად, პოლიციას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია, რითიც ახალისებს რადიკალურად განწყობილ პირებსა და ჯგუფებს.

    2020 წლის 4 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

    მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელობამ დღეს გააუქმა ხეობაში, ჟურნალისტური საქმიანობისა და ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად დაგეგმილი სამუშაოები და მივლინებები.

    თუმცა, პანკისის სათემო რადიოს შეატყობინეს, რომ რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, შესაძლოა, დღეს რადიოსტუდია დაარბიონ.

    • პანკისის სათემო რადიო მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პანკისის სათემო რადიოს და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ.
    • მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]