"ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ. ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ კონტროლი არ ხდებოდა", - ასე გამოეხმაურა პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით ახმეტაში გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციას.
ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ.