პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალის მოსახლეობა ერთ კვირაზე მეტია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. წვიმის გამო სათავე ნაგებობაში წყალი ბინძურდება და ონკანებში მღვრიე მოედინება. ხშირად მას ბაყაყებიც მოჰყვება. ადგილობრივები იძულებულები არიან, სასმელად ვარგისი წყალი იყიდონ ან მეზობელი სოფლებიდან მოიმარაგონ.
პანკისის ხეობის სოფლებში, წინუბანსა და ქორეთში სასმელი წყალი მღვრიე და ნალექიანია. წყალი განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში ბინძურდება და ხშირად სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმიც მოჰყვება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პანკისში 2014, 2015 და 2016 წლებში აღებულ სასმელი წყლის სინჯებში სანიტარული და მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა.