პანკისელი ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, კოლეჯ „აისის“ ქვემო ალვნის ფილიალში, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის რამდენიმე სპეციალობა ემატება: საექთნო საქმე; ვეტერინარია; თმისა და სილამაზის მომსახურება.
18 წლის ჯამილია მაკალოვას უნდა, რომ ექთნობა შეისწავლოს. ჯამილია ჩეჩნეთიდან ლტოლვილია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, დუისის სკოლაში რუსულ სექტორზე სწავლობდა, ქართული კარგად იცის. სკოლა წელს დაამთავრა. უმაღლესში საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებდა, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდაში ერთი ქულა დააკლდა. ჯამილიას ახლა სწავლა პროფესიულ კოლეჯში სურს, მაგრამ პანკისელ ახალგაზრდებს პროფესიულ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.