• ჯამილია და ლარისა - პანკისელი გოგოები პროფესიული განათლების მოლოდინში

    ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 18:30 view 7241
    ჯამილია და ლარისა - პანკისელი გოგოები პროფესიული განათლების მოლოდინში

    18 წლის ჯამილია მაკალოვას უნდა, რომ ექთნობა შეისწავლოს. ჯამილია ჩეჩნეთიდან ლტოლვილია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, დუისის სკოლაში რუსულ სექტორზე სწავლობდა, ქართული კარგად იცის. სკოლა წელს დაამთავრა. უმაღლესში საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებდა, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდაში ერთი ქულა დააკლდა. ჯამილიას ახლა სწავლა პროფესიულ კოლეჯში სურს, მაგრამ პანკისელ ახალგაზრდებს პროფესიულ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

    კახეთში საზოგადოებრივ კოლეჯს „აისი“ პროფესიული სასწავლებლები კაჭრეთში (გურჯაანის რაიონი), დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და ქვემო ალვანში (ახმეტის რაიონი) აქვს.

    პანკისთან ყველაზე ახლოს ქვემო ალვნის პროფესიული სასწავლებელია. იმის გამო, რომ ხეობის სოფლებიდან ალვნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად, ზოგჯერ კი საერთოდ არ მოძრაობს, ახალგაზრდები კოლეჯში სწავლას ვერ ახერხებენ.

    „დუისიდან ჯერ ახმეტაში უნდა ჩახვიდე, ხშირად ტრანსპორტი არ არის და ტაქსით ჩასვლა გვიწევს. აქედან ახმეტამდე ერთი ადამიანი 2 ლარი ღირს. ახმეტიდან ქვემო ალვანში წასვლაც პრობლემაა. თელავიდან მარშუტკა შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არა. ტაქსით თუ წახვალ, ერთმა 2 ან 3 ლარი უნდა გადავიხადოთ. რომ დავთვალეთ, დღეში 8-10 ლარი გვჭირდება. ამდენი ფული კი არ გვაქვს. მხოლოდ დედა მუშაობს, მამა უმუშევარია“, - ამბობს ჯამილია.

    ექთნობა, სტილისტობა, მინანქარზე მუშაობის სწავლა ჯამილიას გარდა სხვა პანკისელ გოგოებსაც უნდათ. ტრანსპორტირების საკითხის გადაწყვეტა, ბევრი მათგანისთვის პროფესიული განათლების მისაღებად, რაც დასაქმების შესაძლებლობას მისცემთ, ერთადერთი გამოსავალია:

    „გუშინ ვკითხე გოგოებს. ძალიან გაუხარდათ, უფასო ტრანსპორტი თუ იქნება. კაჭრეთში კი არის კოლეჯი საერთო საცხოვრებლით, მაგრამ ზოგ ბავშვებს იქ არ უშვებენ. ბევრი ისწავლის აქედან, მარშუტკა თუ წაგვიყვანს და წამოგვიყვანს ლექციების შემდეგ“.

    ქვემო ალვნის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის სურვილი უკვე გამოთქვა 31 წლის ლარისა მარგოშვილმაც. ლარისა ტექნიკოს-ოპერატორია. კაჭრეთის კოლეჯი 2005 წელს დაამთავრა. სწავლის პერიოდში კოლეჯის საცხოვრებელში ცხოვრობდა სხვა პანკისელ გოგოებთან ერთად: „ერთი წელი ვსწავლობდი. პანკისიდან მივდიოდი ჯერ თელავში, თელავიდან გადავდიოდი კაჭრეთში. ბევრნი ვიყავით პანკისიდან, ამიტომაც გამიშვეს. მარტო წასვლა მე თვითონაც არ მინდოდა. ჩემი პროფესიით პანკისში ვერ დავსაქმდი. ამიტომ მინდა მეორე პროფესიას დავეუფლო“.

    ლარისას არჩევანი ვეტერინარობაა: „აქვე, პანკისში მინდა გამომადგეს.

    ხეობაში ახალგაზრდა ვეტერინარი არ გვყავს, არადა სპეციალისტი ყველას სჭირდება. მეცხოველეობა ვითარდება, ტურისტების რიცხვი იზრდება და პროდუქტზეც მეტი მოთხოვნაა.

    თან, ეს საქმე მაინტერესებს და მომწონს კიდეც. ვეტერინარიის კურსი კაჭრეთის კოლეჯშიც აქვთ, მაგრამ დედა მარტოა, ჩემი ყურადღება სჭირდება და ვერ მივატოვებ. ალვანში კი აუცილებლად ვისწავლი, წასვლა-მოსვლის ამბავი თუ მოწესრიგდა.

    ჩვენთვის დიდი ხელშეწყობა იქნება თუ ტრასპორტი წაგვიყვანს სასწავლებელში და საღამოს უკან დავბრუნდებით. უფრო სანდოა, ბევრი მშობელი დათანხმდება ამას. ქვემო ალვნის კოლეჯს საერთო საცხოვრებელი რომ ჰქონდეს კიდეც, იქ ცხოვრება გოგოებისთვის პრობლემაა. ზოგს ოჯახი არ უშვებს მარტო“.

    ქვემო ალვნის პროფესიულ სასწავლებელში ვეტერინარიის, ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების სასწავლო პროგრამები მუშაობს, რომლის ხანგრძლივობაც 14-16 თვეა. არის პრაქტიკაზე დაფუძნებული ორთვიანი კურსებიც, როგორიცაა თმის სტილისტი, მემინანქრე, თექის ოსტატი. სასწავლებელი სახელმწიფო დიპლომს გასცემს.

    მოთხოვნადი პროფესიების მიუხედავად პანკისის ხეობიდან ალვნის კოლეჯში არცერთი სტუდენტი არ ჰყავთ.

    სასწავლებლის ხელმძღვანელის ნუგზარ ძამუკაშვილის თქმით, ძირითადი ხელშემშლელი პირობა ტრანსპორტირების საკითხია:

    „ტრანსპორტი თუ იქნება, მსურველები არიან. აქ მიღებული ცოდნით მცირე ბიზნესის დაწყებასაც შეძლებენ.

    ასევე, თუ იქნება მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიის შესწავლაზე ერთი მხრივ ახალგაზრდების მხრიდან და მეორე მხრივ იქნება საბაზრო მოთხოვნაც კადრებზე, სასწავლო პროგრამების დამატების საკითხსაც განვიხილავთ“.

    პანკისის მოსახლეობას ვეტერინარის გარდა სხვა დარგის სპეციალისტების მიწვევაც რაიონული ცენტრიდან ან სხვა სოფლებიდან უწევს.

    „შენიშნავდით, რომ პანკისში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ასეთი თვისება გვაქვს, სადაც არ უნდა წავიდნენ, ბიზნესი ააწყონ, აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ და სახლს უნდა მოახმარონ. საქართველო ჩვენი ხალხისთვის ერთადერთი სამშობლოა. მშენებელი რომ გვჭირდება, ან შენობის რემონტი, ხელოსნები სხვა სოფლებიდან მოგვყავს. აქ თუ გვეყოლება სპეციალისტები, ეს ჩვენთვის, მომხმარებლებისთვისაც კარგი იქნება. კონკურენციაც გაიზრდება. ვინც საქმე იცის, ასაკოვანია, ახალგაზრდა სპეციალისტები აღარ გვყავს“, - ამბობს სოფელ დუისში მცხოვრები ხასო ხანგოშვილი.

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის თქმით, პანკისელი ახალგაზრდების ქვემო ალვნის კოლეჯში სწავლება ხელს შეუწყობს ქისტი და თუში ახალგაზრდების დამეგობრებასაც.

    „ჩვენ ვიცით, რომ პერიოდულად კონფლიქტები ხდება ქისტ და თუშ ახალგაზრდებს შორის. ამის ერთ-ერთი მიზეზი მათ შორის არსებული გაუცხოება და არასწორი დამოკიდებულებებია. ერთ საგანმანათლებლო სივრცეში მათი ყოფნა, ერთობლივი აქტივობები, ამ კუთხითაც დადებით შედეგს მოგვცემს“.

    პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 23-24 ოქტომბერს, თელავში გაიმართა.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაიზიარეს სათემო ორგანიზაციების რეკომენდაცია და ახმეტის 2019 წლის ბიუჯეტში, პანკისიდან ალვანში სტუდენტების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დაფინანსება გაითვალისწინეს.

    ქვემო ალვნის კოლეჯი პანკისელი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წლის მარტში მიიღებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]