• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    მთავრობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ხმების ყულაბად განიხილავს - ჭიაბერაშვილი

    ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020 14:40 view 2349
    ფოტოზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი ფოტოზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პანკისის ხეობაში მოსახლეობას და რატომ აღარ მართავს ის უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საჯარო შეხვედრებს? რა არის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები, რასაც მთავრობა ეფექტურად ვერ გაუმკლავდა, რატომ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება პრინციპის საკითხი - პანკისის სათემო რადიოს და სამოქალაქო აქტივისტების კითხვებს ზურაბ ჭიაბერაშვილი პასუხობს. 

    - ჩვენ გვქონდა ინდივიდუალური შეხვედრები და არ გვქონია საჯარო შეხვედრები. მიზეზი მარტივია, სპეციფიკურ ვითარებაში ვართ. სამწუხაროდ, ხელისუფლება და მხოლოდ ამ ხელისუფლებისთვის არ არის დამახასიათებელი, ობიექტურები თუ ვიქნებით, ასე იყო ხშირად, გარკვეულ რეგიონებს განიხილავს თავისი საარჩევნო ხმების ყულაბად და შესაბამისად, ძალიან დიდია იქ უშიშროების და სუსის მოქმედების არეალი. ამიტომ, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ხეობის მოსახლეობასთან, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს არ იყოს ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანიის პირობებში, რადგან თავიდან ავიცილოთ ის ზეწოლა, რაც ამას მოჰყვება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საჯარო შეხვედრა მქონდა სოფელ თივში (ყვარლის რაიონში). ჩემი შეხვედრის შემდეგ იქ მყოფ ახალგაზრდებს, ახალსოფლის რწმუნებულმა დაშინება დაუწყო. ჩვენ ჩავერიეთ დაუყონებლივ. სოფელ სარუსოშიც იგივე იყო, როგორც კი შეხვედრის ფოტოები დავდე ფეისბუქზე, მაშინვე დაშინება დაიწყეს. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, იქ, სადაც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს თუნდაც ასეთი დისკომფორტი შეექმნათ, ჩვენ ვარჩიეთ ვიმუშაოთ ინდივიდუალურად.

    - საარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კოვიდ 19-ის მართვის ოთხპუნქტიან სტრატეგიაზე. კოვიდ პანდემია და მასთან დაკავშირებული საკითხები ვრცელი თემაა. გვითხარით სამი ძირითადი საკითხი, რაზეც ეფექტურად არ იმუშავა მთავრობამ და როგორ მოიქცეოდით ან მოიქცევით თქვენ?

    ვხედავთ, რომ ვირუსი უკვე ძალიან სწრაფად ვრცელდება. ოჯახებს სიმშვიდე ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეკავენ 112-ზე და უპასუხებენ სწრაფად. თუ დასჭირდებათ ოჯახის ექიმის კონსულტაცია, მიიღებენ ამ კონსულტაციას სწრაფად. თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს დასჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, საავადმყოფოში გადაიყვანენ უპრობლემოდ. დღეს ჩავარდნაა სამივე მიმართულებით.

    დარეკეთ 112-ში, ადვილად რეკავთ? ვერა. ადამიანები რომლებიც გადავიდნენ თვითიზოლაციაში, დღეები ელოდებიან, ოჯახის ექიმებმა გადაურეკონ და უთხრან, რა უნდა გააკეთონ. მარტიდან ვაფრთხილებდი მთავრობას, რომ აუცილებლად გასაზრდელი იქნებოდა რესურსები ყველა მიმართულებით, 112 -ში უნდა ყოფილიყო სამჯერ მეტი ოპერატორი, განსაკუთრებით როცა გრიპის სეზონი მოდის. ეს მართვაში ორჯერ ორი ოთხია. გადავიდეთ მეორე საკითხზე - სწრაფი რეაგირება. გასაკეთებელია ოჯახის ექიმების ქოლცენტრი ცალკე, ანუ 112-ზე რეკავთ და თუ ეს არის კოვიდ ზარი, 112 უნდა გამისამართებდეთ ოჯახის ექიმების ქოლცენტრში, სადაც ეგრევე იღებთ ოჯახის ექიმის კონსულტაციას და ლოდინი არ გჭირდებათ. ჰოსპიტალები - ჩვენ გვჭირდება საველე ჰოსპიტალების მოწყობა, ყველაზე სერიოზული პრობლემაა მედპერსონალის რესურსი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მედპერსონალში არის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. მარტიდან მოყოლებული ვყვირი, უყიდეთ ეკიპირება სამედიცინო პერსონალს. როცა აჩვენებენ ნიუ-იორკის კადრებს, ვხედავთ, როგორ არიან მედპერსონალი ჩაცმული. აქ კოვიდ პაციენტები შეჰყავთ საავადმყოფოში და ექთნები არიან ზუსტად იმ პირბადეებით, როგორიც ჩვენ გვიკეთია, ერთჯერადი პირბადეები. ეს არ არის საერთოდ დაცვა, მთლიანად დაფარული უნდა იყოს სხეული, რადგან, იქ, სადაც კოვიდ პაციენტები წვანან, მთელი ჰაერი გაჟღენთილია ვირუსით. თუ ჩვენ მედპერსონალი დაგვიინფიცირდა ძალიან სწრაფად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე არ გვეყოლებიან ექიმები, ექთნები, რომლებმაც უნდა მოუარონ პაციენტებს. მესამე პრევენცია, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გულისხმობს, რომ რისკ ჯგუფების იზოლირება მოხდეს. ჩემი მიდგომაა, რომ სასტუმროები გამოვიყენოთ არა მსუბუქი ინფიცირებულებისთვის, არამედ სასტუმროებში გავიყვანოთ ის მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ნებაყოფლობით რა თქმა უნდა, ვისაც სახლში არ აქვს საკმარისი თვითიზოლაციის საშუალება.

    - 2018 წლის დეკემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პანკისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საწოლში მოკლა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ საქმესთან დაკავშირებით, თქვენს პარტიას მოკლული ახალგაზრდის მშობლების მიმართ აქტიურად მხარდამჭერ პოზიციაში ვხედავთ. ეს საქმეც დღემდე არ არის გამოძიებული და მთელი სახელისუფლებო მანქანა გარდაცვლილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მუშაობს. ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. რამდენჯერმე დადგა საკითხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით. როგორი იქნება თქვენი პოზიცია მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში?

    თემირლანის საქმე არის პრინციპის საკითხი. რატომ? პრინციპის საკითხი მარტო ის კი არ არის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, პრინციპის საკითხია, თუ პასუხისგება არ ხდება, ხვალ და ზეგ ის ან სხვა ადამიანი, სისტემაში სჩადის დანაშაულს.

    ყველაზე მთავარია პასუხი აგონ არა პოლიტიკოსებმა, ოღონდ სწორად გამიგეთ, პოლიტიკოსებს იმუნიტეტი არ უნდა ჰქონდეთ, პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ არჩევნებზეც და თუ დანაშაულს სჩადიან იმაზეც. მაგრამ, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმაც, ვინც შემსრულებლები არიან. თუ შემსრულებელს აქვს ხელშეუხებლობის გარანტია, იქ ყალიბდება ბიუროკრატიული ცინიზმი. ბევრი პროკურორი ფიქრობს, მოვა ახალი ხელისუფლება, იმათ დავჭირდებით და ახლა, დღეს ვისაც ვემსახურებით, იმათ ჩვენი ხელით დაიჭერენ. ამისათვის საჭიროა ორი რამ - ერთი, რომ პოლიტიკური შურისძიება დასრულდეს და მეორე, თემირლანის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ უკანონო ბრძანებას ასრულებს, კანონი იქამდეც ჩავა.

    - პანკისში და ხეობასთან მიმართებაში, აქტუალური საკითხების კრიტიკულად გაშუქების გამო, უკვე 2 თვეა პანკისის სათემო რადიოს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა პირის თუ ჯგუფების გამოყენებით. ხეობაში 2 აქცია გაიმართა რადიოს და მისი დამფუძნებლის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებით, რადიომ მაინც გააგრძელა მუშაობა, რის შემდეგაც მერიამ იმ შენობის აქუციონზე გატანა გადაწყვიტა, სადაც მცირე ფართში რადიოსტუდიაა განთავსებული, სადაც ამ დისკუსიებს ვაწყობთ და თავისუფალი სივრცეა. 7 ოქტომბერს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო, სადაც მერია შენობის პრივატიზებაზე თანხმობას ითხოვდა. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამოხმაურების შემდეგ, მერიამ საკითხი არჩევნებამდე უკან გაიწვია. რა პოზიცია გაქვთ თქვენ?

    ამ რადიოს დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ აქედან, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, ანგელოზი ხელისუფლება არ არსებობს. ბევრი რამ დამოკიდებული არის თქვენზე, ხელისუფლებამ რომ ვერ გაბედოს, პირველ რიგში მოსახლეობამ არ უნდა გააბედინოს. თქვენს სამოქალაქო აქტივობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამიტომ იმსახურებთ ჩემს დიდ პატივისცემას თქვენ. ადამიანები თავიანთ უფლებებს მოიპოვებენ შრომით და ყოველდღიური ბრძოლით. მიუღებელია სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა, ისევ სუსის მეშვეობით. 

    ყველაზე მთავარი, რასაც ვეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც თუნდაც ამ რადიოს არსებობას აპროტესტებენ, ყველაზე მთავარი, რომ საზოგადოება წინ წავიდეს, უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის ატანას.

    თუნდაც ამ შეტევების მიუხედავად, ეს რადიო რომ არსებობს და ღრმად ვარ დარწმუნებული, გააგრძელებს არსებობას, მაჩვენებელია იმისა, რომ ჩვენ უკეთესი ნაბიჯებისკენ მივდივართ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]