დღეს, გიორგი ბოტკოველმა, მის თანაპარტიელ, მაჟორიტარობის 11 კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს ოფიციალურად მოუწოდა მონაწილეობა არ მიიღონ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდება.
გიორგი ბოტკოველმა პანკისის სათემო რადიოს ეთერში ვრცლად ისაუბრა ბოიკოტის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით „დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებაზე ლეგიტიმაციას არ აძლევს“. მან, ასევე აღნიშნა, რომ პროტესტის ნიშნად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველა საუბნო ოლქიდან კომისიის წევრები გამოიწვია.
გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან შანტაჟისა და მუქარის გამო მოსახლეობამ ვერ შეძლო მის საარჩევნო ოლქში მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა.
„პანკისის ხეობაში პირობა იყო დადებული კონკრეტული პატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ხერხით უნდა მოესყიდათ, დაეშინებინათ ან დაეშანტაჟებინათ ამომრჩეველი, რათა ისინი საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მხარი დაეჭირათ „ქართული ოცნებისთვის“, - აღნიშნა ბოტკოველმა ინტერვიუში გადაცემა „ფოკუსთან“.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს „აბსოლუტურად უპერსპექტივო ნაბიჯს“ უწოდებს და არ აპირებს გიორგი ბოტკოველის ამომრჩეველი, მის მხარდაჭერაში დაარწმუნოს.
„მე, რა თქმა უნდა, არ მჭირდება გიორგი ბოტკოველის ამომრჩევლის დარწმუნება. მე ჩემი ამომრჩეველი მყავს, რომელმაც გამარჯვება მომიპოვა პირველ ტურში. აქ, საქმე პირიქითაა - ჩემს ოპონენტს მოუწევს დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი იმაში, თუ რატომ არის უგულებელყოფილი მათი საარჩევნო ნება და რატომ ეუბნებიან ისინი უარს თავის ამომრჩეველს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილს სჯერა, რომ იგი ისევე გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, როგორც ეს პირველ ჯერზე შეძლო. ქადაგიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც სამი კვირის წინ განაცხადა, რომ თუ მაჟორიტარულ არჩევნებს ირაკლი ქადაგიშვილი, სოზარ სუბარი ან ლევან კობიაშვილი წააგებდნენ, იგი პოლიტიკიდან წავიდოდა.
ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში მხოლოდ ერთხელ შეხვდა, თუმცა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, პანკისის ხეობის საარჩევნო უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო.
ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 154 უბანზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 47.26 % მოიპოვა (41 662 ხმა), გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 40.43 % (35 645 ხმა). არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.