• 2021 წელს პრიორიტეტული საბავშვო ბაღები, წყალი და გზები იქნება – ახმეტის მერის მოადგილე

    სამშაბათი, 05 იანვარი 2021 09:07 view 3378
    2021 წელს პრიორიტეტული საბავშვო ბაღები, წყალი და გზები იქნება – ახმეტის მერის მოადგილე

    რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე? რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და რომელი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს პანკისის ხეობაში? – პანკისის სათემო რადიოს ამ და სხვა კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა უპასუხა.

    – ბატონო ვაჟა, პანდემიამ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შექმნა. ამ ფონზე რა პროექტები განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტში?

    – მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი იყო საკმაოდ რთული როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე რაიონებისთვის, გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ინფრასტრუქტურულ პროექტები, გარდა ვადების გახანგრძლივებისა, მაინც შედგა და შესრულდა. 14 ინფრასტრუქტურული პროექტი გვქონდა გეგმაში და 14-ვე დასრულდა და დასრულების სტადიაშია. ძირითადად, სპორტული ღონისძიებები ვერ შედგა - ტურნირები ჭიდაობაში, ძიუდოში.

    – რა სამუშაოები შესრულდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ბიუჯეტის რა პროცენტი დაიხარჯა ამისთვის?

    – ძირითადად სოციალური პაკეტები შევქმენით, რომლითაც უზრუნველვყავით გაჭირვებული ოჯახები. დაახლოებით ათასამდე ოჯახს დაურიგდა პაკეტები - პირველადი მოხმარების საგნები თუ კვების პროდუქტები. ამის გარდა, მიუხედავად საბავშვო ბაღების დაკეტვისა, ბაღის აღსაზრდელებს დავურიგეთ კვების პროდუქტები ერთი თვის განმავლობაში. ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებში სველი წერტილების მოწესრიგებისთვის დაახლოებით 150 ათას ლარამდე დაიხარჯა, მუნიციპალური განვითარებს ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მატნის #2 საბავშვო ბაღს და ზემო ხოდაშნის საბავშვო ბაღს. ეს მოიცავდა გათბობით, ელექტროენერგიით, დათბუნებით, კანალიზაციით, სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

    სპორტისა და კულტურის ღონისძიებებზე გამოთავისუფლებული თანხები მივმართეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო საგნებითა და კვების პროდუქტებით ერთჯერადი დახმარებისკენ. ასე, რომ შიდა მუხლობრივი გადანაწილება მოხდა ბიუჯეტში.

    – ამ ეტაპზე რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში?

    – ამჟამად მიმდინარეობს მატნის კულტურის სახლის რეაბილიტაცია, საკმაოდ დიდი პროექტია, 2020 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს; ასევე, ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული მოედნის რეკონსტრუქცია. დანარჩენი 14 პროექტიდან ერთი არის დასასრულებელი, ეს არის ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა. დანარჩენი ყველა პროექტი არის დასრულებული, ესენია: ახმეტაში გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ მატანში #2 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, ომალოს კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სოფელ ოჟიოში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქისტაურის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ზემო ალვანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ქვემო და ზემო ხალაწნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საკმაოდ სოლიდური პროექტი იყო, მოგეხსენებათ 3 კილომეტრი გზა დაიგო ამ სოფლებს შორის დამაკავშირებელი. ასევე, განხორციელდა ზემო ხოდაშნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

    ამის გარდა, ფაქტობრივად მიმდინარე წელს მთათუშეთში, გირევთან დამაკავშირებელი ახალი გზა მოვაწყეთ. ბაბანეულთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს. ამის გარდა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, განვახორციელეთ 70-75-მდე პროექტი მთლიან მუნიციპალიტეტში. საერთო ჯამში, 706 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.

    – რა ეტაპზეა სოფელ ჯოყოლოს და სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლებამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები?

    – ჯერ კიდევ 2016 წელს მოხდა აღნიშნული პროექტების შედგენა, მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა დაეფინანსებინა. ტენდერი რამდენჯერმე არ შედგა, შემდეგ შედგა, მაგრამ გამარჯვებული კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. ჩვენ ახლა ავიღეთ ვალდებულება - ჯერ გვიზის პროექტების შესყიდვა, რომელიც დაკონტრაქტებულია გამარჯვებულ კომპანიასთან და შემდგომ უკვე მოხდება განხორციელება.

    – საუბარია ჯოყოლოს, ბირკიანის და დუმასტურის საჯარო სკოლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციის პროექტების შესყიდვაზე?

    – კი. პროექტები უნდა შევისყიდოთ და შემდეგ ყველაფერს გვიჩვენებს 2021 წლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოყოფილი დაფინასების ოდენობა. რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან უნდა მოხდეს დაფინანსება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბიუჯეტი ვერ შეძლებს საკუთარი სახსრებით ამის განხორციელებას.

    – სკოლებამდე მისასვლელი გზების ნაწილი იყო ჯოყოლო-დუმასტურის საავტომობილო ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.

    – კი, ესეც ამ პროექტის ნაწილია.

    – პანკისის სათემო ორგანიზაციამ მოამზადა პეტიცია იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა, ჯერჯერობით ამაზე რეაგირება არ მომხდარა. რა ეტაპზეა ეს პროცესი? 2021 წლის განმავლობაში თუ იგეგმება ამ პრობლემის მოგვარება?

    – 2021 წელს ამ ბიუჯეტით, რაც გვაქვს, ჩვენ ვერ შევწვდებით იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფას. იაფ ტრანსპორტს რას ეძახით, ელემენტარულად, არ ვიცი.

    – ეს არის ნახევრად მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე მყოფი ტრანსპორტი.

    – ხეობაში ინტენსიურად მოძრაობას ტრანსპორტი. სოფელი არ არის, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობდეს. მუნიციპალური ტრანსპორტი რაიონში არ არის. ამას სჭირდება ჯერ ერთი, გამართული ტექნიკა. მოგეხსენებათ, ტრანსპორტის მოძრაობა არის კერძო კომპანიების და ინდივიდუალური მეწარმეების ნება-სურვილი, მუნიციპალიტეტი ვერ ერევა. იაფი ტრანსპორტი რა კუთხით? ჩვენ, მუნიციპალიტეტმა, რომ მივცეთ სუბსიდიის სახით? ეს ისეთი თემაა, რომელსაც სჭირდება საკმაოდ სოლიდური ფინანსები.

    ჩვენი ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე, ახმეტის მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან იაფ ტრანსპორტს. მაშინ ქვემო ალვანმა ან ზემო ალვანმა რა დააშავეს? რა დააშავა ქისტაური-ზემო ხოდაშნის მხარემ?

    იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეებს გაუადვილდეთ სკოლამდე მისვლა, სახელმწიფომ გადადგა ძალიან ქველმოქმედი ნაბიჯი და გამოყო ტრანსპორტი, რომ მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

    – ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია პანკისის ხეობაში ტრანსპორტი. ხშირად, როდესაც 2 მგზავრია, მაშინ არც კი მიდის ხოლმე ახმეტამდე. პრობლემაა არა მარტო ახმეტასთან დაკავშირება, არამედ სოფლების ერთმანეთთან.

    – ძალიან გთხოვთ... მე როგორ უნდა უზრუნველვყო გრაფიკი? მაქვს ჩარევის უფლება?

    – სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხზე სამუშაოდ ჯგუფის შექმნა.

    – ხალხი არ არის, რომ კომერციულ სტრუქტურას უღირდეს პანკისამდე ამოსვლა, რომ თვითღირებულება მაინც ამოიღოს. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია ამ კუთხით მიდგომა. მაშინ, მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა ვატარო, რომელიც მე არ გამაჩნია. შედარებით დიდ ქალაქებს, როგორიც არის თელავი, სახელმწიფომ გამოუყო მუნიციპალური ტრანსპორტი.

    – პანდემიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმის სფეროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. რა ინფრასტრუქტურული პროექტები ან რა სახის ღონისძიებები განხორციელდა 2020 წელს ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით?

    – პანდემიიდან გამომდინარე ვერ უზრუნველვყავით ყველა პროექტის განხორციელება. თუმცა, გავიყვანეთ გირევთან მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზა. დაანონსებული გვქონდა ხითანის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, შევისყიდეთ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე ვერ შედგა, რადგან ჯერ ერთი ტურისტები ნაკლებად იყვნენ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მთათუშეთში და ამ პროექტსაც შესაბამისი ფინანსები სჭირდებოდა. პროექტი გვიდევს მზად, ველოდებით როგორც ქვეყანაში, ისე მუნიციპალიტეტში მდგომარეობის გამოსწორებას. ტურისტი არ მყავდეს და ინფრასტრუქტურა რა მოვაწყო?! პროექტი მზადა გვაქვს. თუ წელს იყო ნება-სურვილი რომ პროექტები განხორციელდეს, პირველ რიგში, მოხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.

    ყველა საოჯახო სასტუმრომ, რომელმაც სახელმწიფოს მიმართა და გააგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მიიღო შესაბამისი დაფინანსება. რაღაც შეღავათები მაინც ჰქონდათ. ტურიზმის კუთხით თვითონ სახელმწიფო ზრუნავდა და ზრუნავს ამ ეტაპზე. მუნიციპალიტეტი ამ კითხით ვერ ერევა.

    – ჩვენ ვესაუბრეთ საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლებს თუშეთიდან, პანკისის და ილტოს ხეობებიდან და მათი თქმით, არ მიუღიათ დახმარება სახელმწიფო მხრიდან

    – არ ვიცი. ეგ უკვე მათზეა დამოკიდებული რამდენად სრულყოფილად წარადგინეს დოკუმენტაცია.

    – როგორც ჩვენთვის არის ცნობილი დამტკიცდა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანმა ეკონომიკური განვითარების გეგმამ, რომლის ძირითადი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებაა. რას გულისხმობს ეს გეგმა? პანდემიისგან დაზარალებული ტურიზმის ხელშეწყობა თუ იგულისხმება?

    – პანდემიისგან დაზარალებული ტურიზმი ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდეს, უნდა მოისპოს პანდემია და არა მარტო ქვეყანაში, მთლიანად მსოფლიოში. ამ კუთხით მშვიდი ვითარება უნდა იყოს. მანამდე რა დაფინანსება ან ღონისძიება უნდა გავატაროთ? მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გარკვეული პროექტები განხორციელდა. მაგალითად, სივრცითი მოწყობა მარტო ერთ რამედ ღირს. ლაპარაკია, საჰაერო გზაზე, ბაგირებზე თუშეთის მხარეს, რომ ტრანსპორტირება და გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ძალაში იყო გრანდიოზული შემოვლითი გზა, რომელიც აქედან, პანკისიდან უნდა შესულიყო ალაზნის თავში და შემდეგ შესულიყო ომალოში, მაგრამ ჯერჯერობით, გარკვეულწილად გაჩერებულია ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული სადაზვერვო სამუშაოები შესრულებულია, შესაძლებელია მისი განხორციელება და მე როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები საპროექტო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროექტის მომზადება - საბაგიროსა და პანკისი თუშეთის დამაკავშირებელი გზის.

    – რა იქნება მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები 2021 წლის ბიუჯეტში?

    – სახელმწიფო მიდგომაა და მუნიციპალიტეტმა ჩათვალა საჭიროდ, რომ, პირველ რიგში, პრიორიტეტი მიენიჭოს საბავშვო ბაღებს, სასმელ წყალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უნდა იყოს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

    – წლებია შუა ხალაწანში საბავშვო ბაღის პრობლემა დგას და არსებულ შენობაში, რომელიც კერძო სახლს წარმოადგენს, გაუსაძლისი პირობებია. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ იგეგმება მუშაობა?

    – როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ, მუნიციპალიტეტი ახალ ბაღებს არ ვაშენებთ. ეს პრობლემა არა მარტო შუა ხალაწანშია, არამედ არის სოფელ აწყურშიც, სადაც შესაბამისი დასკვნა არსებობს, რომ იქ სწავლის პროცესის განხორციელება არ შეიძლება, რადგან ავარიული შენობაა. ეს ორი ბაღია, რომელიც ასაშენებელია ახლიდან.

    ვმუშაობთ როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს ამ ორი ბაღის მშენებლობის დაწყება. საბავშვო ბაღებთან მიმართებაში ძალიან გამკაცრდა მოთხოვნები, რომლებსაც კერძო სახლებში განთავსებული საბავშვო ბაღები ვერანაირად დააკმაყოფილებენ.

    – დღეს სად დგას და სად არა წყლის პრობლემა ახმეტის მუნიციპალიტეტში?

    – სამწუხაროდ, სოფლებში, სადაც არც წყლის სათავე არის და ალტერნატივა არ გვაქვს, გვიხდება ჭაბურღილებზე ორიენტაციის აღება. ჭაბურღილს სჭირდება ელექტროენერგიის მოხმარება, მოითხოვს დამატებით დაფინანსებას. ასეთი სოფლებია - წინუბანი, ფიჩხოვანი, აწყური, ოდლისი და ახალშენი. სულ 6 ასეთი ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება. რაც შეეხება პანკისის ხეობის სოფელ ომალოს წყალმომარაგებას, გამზადებულია პროექტი, რათა სახელმწიფოს გადავცეთ და ვცდილობთ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი დაფინანსება ისევე, როგორც მატანში მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ, სახელმწიფო დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია. ომალო საკმაოდ დიდი სოფელია. ვიცით, დიდი ხანია დგას წყლის პრობლემა და ვფიქრობთ, რომ ომალოს ამ კუთხით ვუშველით, სახელმწიფო გამოყოფს თანხებს მისი წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის.

    – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტის განხორციელება 2021 წელს მოხდება?

    – საქმის კურსშია ხელისუფლებაც, შესაბამისი სამინისტრო და მოვახდენთ მის რეალიზებას. 862 ათასი ლარია გამოყოფილი. ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე დაიდება საბოლოო პასუხი.

    – ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე. რა ფორმით იგეგმება მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა?

    – არ ვიცი არსებული ვითარება რამდენად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჩართულობას. ეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ ვადგენთ პროექტს და შემდეგ საკრებულოში შეგვაქვს განსახილველად. ამ პანდემიის პირობებში რამდენად შესაძლებელი იქნება დისტანციურად ან ონლაინ რეჟიმში მოსახლეობის ჩართვა, ვერ გეტყვით. ისე, კარი ღიაა ყველასთვის.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]