• შს მინისტრის მოადგილე ქისტებს – ჭკუით თუ არ იქნებით, აგყრით ხეობიდან! [Video]

    ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 17:36 view 10257
    შს მინისტრის მოადგილე ქისტებს – ჭკუით თუ არ იქნებით, აგყრით ხეობიდან! [Video]

    ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ერთადერთია, ვინც საჯაროდ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ეთნიკური ქისტების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. „ჭკვიანად თუ არ იქნებით, ხეობიდან აგყრითო“, – ასე მიუმართავს შს სამინისტროს მაღალჩინოსანს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებისა და ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებისთვის, კახეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე.

    „ძალიან არაკავკასიური საქციელი გამოიჩინა, არამხოლოდ არაკავკასიური. საერთოდ, ყველგან მიღებულია უფროსისადმი პატივისცემის კულტურა. გარდა იმისა, რომ ძალიან ქედმაღლურად იქცეოდა, იმუქრებოდა, დაახლოებით ასეთი ტექსტი ყოფილა, ჭკუით თუ იქნებით, აქედან აგყრითო. ძალიან მინდა პირადად შევხვედროდი ამ ადამიანს, უნდა მეკითხა, დავუშვათ ქისტები წავიდნენ ამ ხეობიდან, გამეზარდაშვილის ნაირები დაიცავდნენ ამ ხეობას, რომელიც დღემდე ქისტებმა მოიტანეს თავიანთი ვაჟკაცობით, ერთგულებით და დარაჯობენ დღემდე ამ ხეობას?!

    - ქალბატონო მექა, როდის და სად შედგა ეს შეხვედრა შს სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა და ეთნიკურ ქისტებს შორის?

    - თქვენ გახსოვთ ალბათ, რაღაც ხელოვნური კონფლიქტი რომ მოხდა მატნის მოსახლეობასა და ქისტ ახალგაზრდებს შორის. სამწუხაროდ, პერიოდულად ხდება ხოლმე მატანში მაცხოვრებლებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება. არადა, უნდა გითხრათ, რომ ვინც გვერდში დაუდგა ქისტ მოსახლეობას, როდესაც ისინი საქართველოში პირველად ჩამოსახლდნენ, სწორედ მატნის მოხლეობა იყო და ჩვენ ამას არასოდეს ვივიწყებთ და ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან.

    - ამ კონფლიქტს მოჰყვა ეს შეხვედრა?

    - დიახ, შეხვედრა ამ კონფლიქტს მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები ჩავიდნენ ახმეტაში, შეხვდნენ მატნის მოსახლეობას, არ შეხვდნენ ქისტებს, რაზედაც ძალიან გავნაწყენდით. იმიტომ კი არა, რომ მატნელებს შეხვდნენ და ქისტებს არა, არამედ იმიტომ, რომ ქისტებმა როცა გაიგეს, თანამდებობის პირები ხადორში იმყოფებოდნენ, მოსახლეობა გზაზე ელოდებოდა და ისე წავიდნენ, რომ ამ შეკრებილებს არ შეხვდნენ.

    ამის შემდეგ, თელავში, კახეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს უხუცესები და ამ კონფლიქტის მონაწილეები. უხუცესები ყოველთვის არიან კონფლიქტის მოგვარების მხარეს და მუდმივად არიან ხოლმე ჩართული ამ მოლაპარაკებებში. გამეზარდაშვილის მხრიდან იყო მუქარა. ამის შესახებ მე უხუცესებმა მითხრეს და დანარჩენებმაც, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ.

    - რა გითხრეს შეხვედრის მონაწილეებმა?

    - უხუცესებმა თქვეს, რომ გამეზარდაშვილმა ძალიან მკაცრი ტონით, მუქარით ისაუბრა და ამბობდა, რომ თქვენ თუ ჭკვიანად არ იქნებით, ხეობიდან აგყრითო“.

    კონფლიქტი მატნის მოსახლეობასა და პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს შორის ბოლოს 2013 წლის აგვისტოში მოხდა. ვითარება რამდენიმე დღის განმავლობაში დაძაბული იყო. სოფელ მატანში ადგილობრივები პანკისის ხეობისკენ მიმავალ გზაზე მოძრავ მანქანებს, მათ შორის მიკროავტობუსებს აჩერებდნენ და მანქანაში თუ ეთნიკურად ქისტი მამაკაცები აღმოჩნდნებოდნენ, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ქისტების კუთვნილი რამდენიმე მანქანა დააზიანეს კიდეც.

    შეხვედრა, რაზეც მექა ხანგოშვილი საუბრობს, 2013 წლის ბოლოს შედგა, თუმცა შს სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის მიერ ეთნიკური ქისტების მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

    შეხვედრას, სადაც ზურაბ გამეზარდაშვილი ეთნიკურ ქისტებს დაემუქრა, უხეცესთა საბჭოს წევრების გარდა პანკისის ხეობაში ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მექა ხანგოშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ორივე ჯგუფის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

    მუქარის განხორციელების მომენტისთვის ზურაბ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2013 წლის ნოემბერში გამეზარდაშვილი დააწინაურეს და სასაზღვრო პოლიციის უფროსად დანიშნეს. 2015 წლის აგვისტოდან გამეზარდაშვილი შს მინისტრის მოადგილეა. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის მეგობარია. 1996-2000 წლებში, როცა თამაზაშვილი ჯერ დედოფლისწყაროს, ხოლო შემდეგ კახეთის პოლიციის უფროსი იყო, ზურაბ გამეზარდაშვილი ლაგოდეხის შს რაიგანყოფილების უფროსის მოადგილედ -კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობდა.

    ეთნიკური ქისტების მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]