• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    ირაკლი ალასანია - დღეს მთავარი პანკისის ხეობის სოციალური დეპრესიიდან გამოყვანაა

    ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2016 17:57 view 5368
    ირაკლი ალასანია - დღეს მთავარი პანკისის ხეობის სოციალური დეპრესიიდან გამოყვანაა

    რა გავლენა იქონია პანკისში 2001–2002 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ხეობის დღევანდელ მდგომარეობაზე? რამდენად სწორი და თანმიმდევრულია სახელმწიფოს პოლიტიკა? რა ფაქტორები უწყობს ხელს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას? პანკისის სათემო რადიო WAY-ის რეპორტიორი ისლამ გორგიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას ესაუბრა.

    - 2001-2002 წლებში თქვენ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყავით და პანკისის ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციას ხელმძღვანელობდით. რა გავლენა იქონია მაშინ პანკისში მიმდინარე მოვლენებმა ხეობის მომავალზე? განსაზღვრა თუ არა იმ სიტუაციამ ხეობის დღევანდელი მდგომარეობა?

    - გვახსოვს, 2001-2003 წლებში ისეთი ვითარება იყო პანკისში, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია იქ არ ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ფლობდნენ ვითარებას. გვახსოვს ასევე მებრძოლების მომატებული რიცხვი, რომლებიც გადმოსული იყვნენ ჩეჩნეთიდან. როდესაც ჩვენ გავუხსენით გზა დევნილებს, მათთან ერთად მებრძოლებიც შემოვიდნენ. იყო არაბულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი ხალხიც და ჩვენ ვალდებული ვიყავით ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომ პანკისის ხეობაში განხორციელებულიყო ანიტერორისტული ოპერაცია, რომელიც ძირითადად იყო უმტკივნეულო. მოლაპარაკების შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მეომრების დიდმა ნაწილმა პანკისის ხეობა დატოვა. მაგრამ ასევე მოგვიწია რამდენიმე ისეთი ოპერაციის ჩატარება, რომლის დროსაც რადენიმე ადამიანი დავაკავეთ. ჩემი აზრით, მაქსიმალურად უსისხლოდ, მაქსიმალურად სწორად მოხდა პანკისის ხეობის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება. სამართალდაცვითი ნაწილი როდესაც დასრულდა, უფრო მეტი სოციალური ინტერვენცია უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, როგორც სკოლების, ახალგაზრდების, სპორტული განვითარების ხელშეწყობის კუთხით და დღესაც მთავარი პრობლემა იქ არის სოციალური საკითხების მოგვარება და ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაღვიძება და გამრავალფეროვნება.

    დღეს პანკისის ხეობა ისეთივე ნაწილია ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის, როგორიც ნებისმიერის სხვა, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. ხალხმა და საზოგადოებამ უნდა იგრძნოს მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ასევე, მეტი თვითმართველობის უფლებები უნდა ჰქონდეს პანკისს.

    - მას შემდეგ, რამდენად სწორი და თანმიმდევრული იყო სახელმწიფოს პოლიტიკა პანკისიის ხეობასთან მიმართებაში? ვგულისხმობთ იმ პერიოდსაც, როცა თქვენ თავდაცვის მინისტრი იყავით.

    - სამწუხაროდ, პანკისი ახსენდება სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრესაში ან საერთაშორისო დონეზე დაისმება ხოლმე საკითხი, რომ იქ, პანკისში ხდება მებრძოლების მომზადება, მიდიან სირიაში და ა.შ.

    - მაგალითად, როგორიც იყო სერგეი ლავროვის განცხადება...

    - კი ბატონო, მუდმივად იყო ასეთი ბრალდებები, თუმცა ამ ბრალდებებს 2002-2003 წლის ოპერაციების შემდეგ პრაქტიკულად საფუძველი გამოეცალა და ჩვენ არ უნდა დავაბრუნოთ პანკისი ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ხეობაში მიმდინარე მოვლენები ხდებოდა საერთაშორისო ტრიბუნებიდან ხმამაღალი განცხადებების საფუძველი. ამის საფუძველი ლავროვს არ აქვს, რუსეთს არ აქვს. მე ვიტყოდი, რომ პანკისის ხეობაში დღეს არ არის ტერორისტული საფრთხე. პანკისში არის სხვა, სოციალური საფრთხე - ახალგაზრდებსაც და საზოგადობასაც სჭირდება მხარდაჭერა, სოციალური პროექტები, რომელიც აუცილებებლია ისეთი ხეობისთვის როგორიც პანკისია.

    - რა ფაქტორები უწყობს ხელს პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას და როგორია თქვენი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

    - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ არ ხდება სოციალური პროექტების წარმოება, პანკისის ხეობის სოციალური დეპრესიიდან გამოყვანა და ეკონომიკური განვითარების გეგმის დადება. მეორე არის განათლება და ასევე ახალგაზრდებისთვის ალტერნატივების შეთავაზება. დღეს იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ჩვენ ვერაფერს ვთავაზობთ. უნდა ვთავაზობდეთ სპორტულ განვითარებას, განათლების შესაძლებლობას და ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევის მთავარი ასპექტი. რაც შეეხება სამართალდაცვით ნაწილს, ის თავისთავად უნდა მუშაობდეს, უნდა იყოს კონტრდაზვერვითი და კონტრტერორისტული საქმიანობა ჩართული იმისთვის, რომ ის კონტაქტები, რომელიც არის ზოგჯერ საბრძოლო ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იყოს აღმოფხვრილი. მაგრამ, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს პანკისის ხეობის სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაზე. მე ასე ვხედავ.

    - როდესაც პანკისზეა საუბარი, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ლაფანყურის საქმე, რომელიც მრავალი დაპირების მიუხედავად უკვე 3 წელია გამოუძიებელია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

    - რაც მაშინ მოხდა, ეს ტრაგედია იყო დაპირისპირება თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. აბსოლუტურად არასწორი კოორდინაცია და არასწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული ოპერაციის დროს, რასაც ორივე მხრიდან ემსხვერპლნენ ადამიანები. გამოძიება პროკურატურის საქმეა და მათ უნდა ჰკითხოთ.

    გადაცემის აუდიო ჩანაწერი:

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]