2017 წლის აგვისტოში თანამდებობის პირების 6 სამსახურებრივი ავტომანქანის რემონტი ბიუჯეტს 8 000 ლარი დაუჯდა. გარემონტდა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის, მისი სამივე მოადგილის - ვანო ნასყიდაშვილის, თამაზ ქავთარაშვილისა და დავით ფოცხვერიშვილის, ზედამხედველობისა და სამხედრო აღრიცხვის სამსახურების უფროსების სარგებლობაში არსებული ავტომანქანები - 1 ერთეული „nissan pathfinder“, 1 ერთეული „nissan x-trail“, 3 ერთეული „mitsubishi airtek“ და 1 „ვაზ-21213“.
სარემონტო თანხების ამოწურვის გამო, ახმეტის გამგეობამ, იგივე ავტომანქანების გასარემონტებლად 13 სექტემბერს ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარს შეადგენს.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, თანამდებობის პირების უმრავლესობა სამსახურებრივ ავტომანქანებს სისტემატურად იყენებს პირადი მიზნებისათვის, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის ხარჯზე ყოველთვიურად ეძლევათ ექვსას–ექვსასი ლიტრი ბენზინი, გამგებლის მოადგილეებს - 300 – 300 ლიტრი, სხვადასხვა რაოდენობით საწვავი აქვთ გამოყოფილი გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე საკრებულოს უკლებლივ ყველა თანამდებობის პირს - თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს.
შედარებისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, მთელი წლის განმავლობაში:
- 40 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დასახმარებლად გამოყოფილია 4 000 ლარი;
- 15 უდედმამო ბავშვისთვის - 1 500 ლარი;
- მაღალმთიან თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის - 3 000 ლარი;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისთვის - 2 000 ლარი;
- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის - 1 000 ლარი.
პანკისის სათემო რადიომ ახმეტის გამგებელთან დაკავშირება ვერ მოახერხა, - ბექა ბაიდაური თავის მოადგილესთან თამაზ ქავთარაშვილთან ერთად ამჯერად ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში იმყოფება.