ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო სექტემბერში გამოცხადებული ტენდერით კიდევ 10 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ახმეტის ბიუჯეტში 55 ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის დასახმარებლად კი ერთ წელიწადში სულ 5 500 ლარია გამოყოფილი.
ახმეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 112 ლარია გამოყოფილი (დღგ-ს გარეშე).
ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.