„სექტემბერში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ახმეტა – თიანეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. თიანეთი ჟინვალის მიმართულებით გზის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ფაქტობრივად, მთელი კახეთის ტვირთებს შესაძლებელობა ექნება, რომ ახმეტის გავლით იმოძრაონ. ამით ეს ორი რაიონი, ახმეტა და თიანეთი გაცოცხლდება. გარდა ამისა, ოთხ მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, ტენდერი უკვე გამოცხადებულია თუშეთის ომალოსა და ყაზბეგი – სნოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე. 200 კილომეტრამდე ექსტრემალური გზა იქნება. ამ გზით პანკისის ხეობაც დაიტვირთება. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორ მთის, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის“, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.
მანვე პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა. „ჩამოვიყვანეთ საწარმოების მეპატრონეები, რომლებიც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აწარმოებენ. გარკვეული კვლევები დაიწყეს. უკვე გადავწყვიტეთ, რომ ხილის ჩამბარებელი პუნქტი გაკეთდეს პანკისისა და მატნის საზღვარზე. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა სამხარაულმა.
პანკისის უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელის ზაურ გუმაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში სხვა კანდიდატებთანაც გაიმართება: „ძირითადად ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებდა მაჟორიტარობის კანდიდატის შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, დამოკიდებულება პანკისის ხეობის პრობლემებისადმი, მისი მიდგომები“, – უთხრა გუმაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ახმეტისა და თელავის N28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატები ოფიციალურად ხუთ პარტიას ჰყავს წარდგენილი.