„დღეს ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ. ეს ყველაზე მშვიდობიანი ადგილია, მაგრამ ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ვიყოთ საზიანო, ტერორისტები, ექსტრემისტები და ბევრი ცდილობს, რომ ეს იარლიყი მოგვაკეროს. თუ გინდათ, რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით ტერორისტებს. თუ თქვენ არ შექმნით ტერორისტებს, აქ ტერორისტები არ იქნებიან“, - განაცხადა პანკისში დღეს გამართულ საპროტესტო შეკრებაზე ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა, თეოლოგმა თემურ ქავთარაშვილმა.
"ამ წუთებში ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის. მას მძინარეს ესროლეს. მის შუბლში შემავალი ტყვია თავშია გასული და ოთახის კედელი აქვს გახვრეტილი. დღეს მე მეზიზღება საკუთარი თავიც, ხელისუფლებაც და საქართველოც. ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა წეღან, "ტერორისტებს ისინი თვითონ ქმნიანო". დიახ, დღეს ჩემი თავი ნამდვილად გამომყავს ტერორისტად იქამდე მიმიყვანეს", - განაცხადა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ხეობაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
პანკისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც პანკისის სათემო რადიოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.
პანკისის უხუცესთა საბჭოს, ქალთა საბჭოს და ხეობაში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციისთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება ოპერატიულად და ობიექტურად მოხდეს.
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის არიან გაგზავნილები.
„ხელისუფლებამ, რომელმაც ვერ მოახერხა აღეკვეთა ან დაუშვა საქართველოში დიდი ოდენობის იარაღით ადამიანების შემოსვლა, გადაადგილება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნიდა მომხდართან დაკავშირებით, დღეს, ძალის მაქსიმალური დემონსტრირებით პანკისში დაკავებული პირების აყვანის სპეცოპერაციას ატარებს და ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, მისივე საძინებელში ერთი შეხედვით აშკარად არაპროპორციულ ძალას იყენებს“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.