„მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მაგალითის მიმცემი უნდა ვიყო თუნდაც ჩემი პედაგოგებისთვის“, – ამბობს დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური, რომელიც 12 აგვისტოს კორონავირუსზე აიცრა. ის ამ სკოლაში პირველი იყო, ვინც ვაქცინაცია ჩაიტარა. მას შემდეგ კიდევ 6 პედაგოგი აიცრა. ლილი სვიაკაური იმედოვნებს, რომ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის სკოლის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ვაქცინირებული იქნება.
ერთ თვეში ახალი სასწავლო წელი იწყება. იმ ფონზე, როცა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შესაქმნელად მასწავლებელთა აცრა მთავარი რეკომენდაციაა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების 726 თანამშრომლიდან 87-ია აცრილი. აქედან 70 მასწავლებელია.
პანკისის ხეობის სოფლებიდან წინუბნიდან, ზემო, ქვემო და შუა ხალაწნიდან დუისის საჯარო სკოლაში 67 მოსწავლე ირიცხება, რომლებსაც მოსწავლეთა ტრანსპორტის უზრუნველყოფის პროგრამით, მხოლოდ 2 მიკროავტობუსი ემსახურება. პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორმა 16 ნოემბერს დაითვალა, რომ ერთ მიკროავტობუსს 19, ხოლო მეორე მიკროავტობუსს 26 მოსწავლე გადაჰყავდა. მოსწავლეები მიკროავტობუსებში ფეხზეც იდგნენ.