ხელყუმბარაზე, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს, მოკლული მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ აღარ არსებობს მტკიცებულება, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი მოქმედებაში მოყვანა უნდოდა.
პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახი, სადაც 19 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტებმა და გამომძიებლებმა დამატებით დაათვალიერეს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დარწმუნდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით ორჯერ არ უსვრიათ.
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. როგორც მან განაცხადა, პროკურატურამ საქმე უნდა გამოიძიოს არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით.