პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „სტარტაპ საქართველო“ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ყველაზე ახალგაზრდული, პერსპექტიული და ოპტიმისტური პროდუქტია. მისივე თქმით, ახალი პროექტი დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, დიდი ბიზნესის მიმართულებით „გასასვლელი ჭიშკარი“ იპოვონ.
„სტარტაპ მეგობრული“ ახალ სტარტაპებსა და მსხვილ, დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმატებულ ბიზნესებს შორის ურთიერთობის ფორმატის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ეს ფორმატი აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ სტარტაპს სჭირდება კომუნიკაცია ახალ ტექნოლოგიებთან და დიდ კაპიტალთან. ამიტომ, ეს ფორმატი, რომელიც დღეს იქმნება, სწორედაც არის ის ხიდი, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენებს, ჰქონდეთ გასასვლელი ჭიშკარი დიდი ბიზნესის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალ პროექტში პირველი „თიბისი ბანკი“ ჩაერთო, რომლის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თავის დროზე ბანკი 500 აშშ დოლარით დააფუძნა.
„ასეთი მაგალითებით იქმნება ქვეყნის ეკონომიკა. ასეთი მაგალითების ენთუზიაზმი არის ის, რასაც ქვეყანა წინ მიჰყავს. „სტარტაპ მეგობრული“ იქნება ის ფორმატი, რომელიც წაახალისებს და ერთგვარად სოციალურ პასუხისმგებლობად აქცევს დიდი ბიზნესისთვის სტარტაპ კომპანიებთან მეგობრობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი არის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს მოგცემთ საშუალებას, გახდეთ დიდი ეკონომიკის ნაწილი. თქვენ ხართ დიდი ეკონომიკის საუკეთესო ნაწილი. ერთ-ერთი მთავარი შედეგიც ამ პროექტის, გახლავთ ის, რომ მსხვილმა ბანკებმა სტარტაპებს არ შეხედონ, როგორც გერს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეც საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ბანკირი ვარ და ვიცი ბანკებში ჩამოყალიბებული პრაქტიკა. ამიტომ, ჩვენ, როგორც სტარტაპ ეკონომიკას გვჭირდება სხვანაირი მიდგომები, მსხვილი კომპანიების მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება ასეთი დამწყები, ინოვაციურად მოაზროვნე ბიზნესმენებისადმი“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას ახალგაზრდებისთვის კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს.