ფოლკლორისტი ზეპირსიტყვიერების დღევანდელ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს მისი დამახინჯება ხდება.
„ძალიან ბევრი ხელი ერევა დღევანდელობაში და ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო. გაგებაც არა აქვთ საერთოდ, შეგრძნებაც არა აქვთ ისეთი ადამიანები კიდებენ ხელს, ვითომ რაღაც საღამოებს ატარებენ. ბედნიერება იქნებოდა, რომ მგრძნობიარე და მცოდნე ადამიანი ედგას ასეთ საქმეს და რაც მეტი ჩატარდება მთელ საქართველოში, ეს იქნება ჩვენი ბედნიერება, მაგრამ სწორედ უნიჭოები კიდებენ სამწუხაროდ ხელს, რაღაც ფესტივალებს არქმევენ ამას. ეს არის გაუგონარი სიმახინჯე. ეს ძალიან ცუდ, მწარე ნაყოფს იძლევა“, - აღნიშნა პოეტმა.
ეთერ თათარაიძე პანკისის ხეობაში გუშინ იმყოფებოდა, სადაც მისი 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტის თქმით, დიდი ხნის შემდეგ, ის ახმეტის რაიონში გამართულ მსგავს ღონისძიებაზე პირველად მიიწვიეს.
„ძალიან მადლიერი ვარ დღეს, რომ სწორედ ჩემმა ბერდედის ძმებმა, ქისტებმა გადაწყვიტეს ჩემი მოწვევა. მე შეიძლება არავინ არ ვარ, მაგრამ მთელ საქართველოში სკოლა, უნივერსიტეტი, რეგიონი, რაიონი არ არის, სადაც არ მთხოვენ და არ ვყოფილვარ. საყვედურს კი არ ვეუბნები ჩემს რაიონს, არა. ოდესღაც ჩვენ, მე და ლელას ახმეტაში გვქონდა ასეთი შეხვედრა და ერთხელ ქვემო ალვანში“, - აღნიშნა ეთერ თათარაიძემ. მასთან ერთად სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე.