„ქართველ და ქისტ ხალხს მეგობრობის, თანაცხოვრებისა და სიახლოვის საუკუნოვანი ტრადიცია აქვთ. ეს ურთიერთობები სამაგალითოა და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
ის, რომ დღეს ჩვენ შიდა ქართლში ამ ღონისძიებას ვატარებთ, ალბათ სიმბოლურიც არის, რადგან ეს არის რეგიონი, რომელსაც ყველაზე მეტად ატყვია გადაუჭრელი კონფლიქტის იარა, სადაც მავთულხლართები გადის და რომელიც ასე ახლოა ცხინვალის რეგიონთან. ეს ჩვენი გზავნილიცაა მავთულხლართების მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის - ოსებისთვის, აფხაზებისთვის, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც ერთის მხრივ, მრავალფეროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეფუძნება და მეორეს მხრივ, საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს უდებს საფუძველს იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქე თანასწორი იყოს. ამ მომავლის მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობას ვთავაზობთ. ესაა ერთადერთი გზა მომავლისკენ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ვაინახური კულტურის კვირეული გორის სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ კვირეულის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურის თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების – ენის, ტრადიციების, შემოქმედების ნიმუშებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, ქართულ-ვაინახური ურთიერთობების განმტკიცება.