• ხელისუფლება პანდემიას იყენებს კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალებად – გიორგი მშვენიერაძე

    კვირა, 25 აპრილი 2021 20:41 view 2411
    ხელისუფლება პანდემიას იყენებს კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალებად – გიორგი მშვენიერაძე

    28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში ცხოვრობს და მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ. რამდენად კანონიერია მოქმედი რეგულაციები და ცდილობს თუ არა ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა.

    ბატონო გიორგი, ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. დღემდე არ აუხსნია ხელისუფლებას, რა შედეგი მოაქვს მას, რატომ 9 საათი და არა 11? არის თუ არა ეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა?

    – ცალსახად, როდესაც მსგავსი რეგულაციები დგინდება ეს არის ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა შეზღუდვა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს უფლებებს არღვევს. იმისთვის, რომ გავცეთ პასუხი კითხვას, რამდენად თანზომიერია შეზღუდვა, რამდენად კანონიერია და მოაქვს კონკრეტული შედეგი, აუცილებელია გაცილებით მეტი ინფორმაცია გვქონდეს, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან მოწოდებული, რა სარგებლის მიღება მოხდება არსებული შეზღუდვების შენარჩუნებით, ან გარკვეულ ნაწილში გამკაცრებით. ცხადია, ასეთი ახსნა ძალიან იშვიათად გვინახავს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუ რისი მიღწევა სურს ხელისუფლებას 9 საათიდან 5 საათამდე კომენდანტის შენარჩუნებით. ჩვენ აქ მხოლოდ შეგვიძლია ჩვენი ვარაუდები გვქონდეს.

    მეორე საკითხი შეეხება შეკრების შეზღუდვებს. ამ კუთხით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიზანი ამ შეზღუდვების უნდა იყოს არა შეკრება-მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, არამედ სხვა სოციალური თავყრილობების შეზღუდვა, რადგან ასეთი თავყრილობები ხშირად იქცევა ხოლმე ვირუსის გავრცელების წყაროდ და ამის შესახებ განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია ხელისფლების წარმომადგენლების მხრიდან. აქ საუბარია დიდი ზომის ლხინზე, ქორწილზე, ცერემონიებზე, რაც ბუნებრივია ამ რისკს ზრდის.

    შეზღუდვები სახეზეა, მაგრამ შეზღუდვების ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია, რამდენად სწორად ხდება მათი გამოყენება და აქვე კიდევ ერთი საკითხი - ნებისმიერი შეზღუდვა მაშინ არის გამართლებული, თუ ამ შეზღუდვის მიზნის მიღწევა სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით არ არის შესაძლებელი და ჩვენ აქაც არსებით პრობლემას ვაწყდებით, რადგანაც ხელისუფლებას რომ ეფექტიანად განეხორციელებინა პოლიტიკა, მათ შორის, უზრუნველყო ვაქცინაციის დროულად დაწყება და ეფექტიანად წარმართვა, შესაძლოა ამ შეზღუდვების ნაწილი არ ყოფილიყო და სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება სხვა საკითხებს ვერ აწესრიგებს საზოგადოებას უწევს ამ საფასურის გადახდა, რასაც ჰქვია კომენდანტის საათი.

    ჩვენ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, როდესაც ქართული ოცნებისწევრები მართავენ წვეულებას კომენდანტის პერიოდში. ასევე, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხსნიან რესტორნებს და ქეიფობენ. გავიხსენოთ პოზნერის ვიზიტი, ამ დროს კი აჯარიმებენ რიგით მოქალაქეებს. ამით ხელისუფლება რას გვეუბნება, რომ კანონი ყველასთვის არ არის კანონი?

    – ასეთი ლოგიკით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებას ჰგონია, რომ საშვი იცავს ადამიანებს ვირუსისგან, რაც ასე არ არის. ცხადია, ვხუმრობ. საშვი არ არის ვირუსისგან დაცვა, ამიტომ, როდესაც ადამიანები სარგებლობენ საშვით იგულისხმება, რომ ისინი კონკრეტული მიზნით იყენებენ შეზღუდვებისგან გათავისუფლებას, თუმცა, როგორც ბევრჯერ აღმოჩენილა, ეს ასე არ ხდება პრაქტიკულად. ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული ადამიანები, დიახ, ხშირ შემთხვევაში საკუთარ პრივილეგიებს იყენებენ ისეთ შეკრებებში მონაწილეობისთვის, რომელთა თავიდან აცილებას ცდილობს ეს რეგულაციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირი არ არის, მეგობრებისთვის დასაშვებია ყველაფერი, ხოლო დანარჩენებისთვის მოქმედებს მკაცრი კანონი. ეს არის მიდგომა, რომელიც სამწუხაროდ არის ჩვენთან.

    წელიწადზე მეტია რაც საქართველოში პანდემიაა. თავიდან კორონავირუსი უცხო იყო ჩვენთვის, მაგრამ ახლა, როდესაც ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ და ეს არის ვაქცინა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს, თუ არ მართავს სიტუაციას და იყენებს ამ კრიზისს იმისთვის, რომ დააწესოს შეზღუდვები, ჩაახშოს მიტინგები და პროტესტი. რა ბერკეტია ეს ხელისუფლებისთვის?

    – ზოგადად, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლებები, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, შეეცადნენ პანდემიის, როგორც საფრთხის, მათთვის პოლიტიკურად სასურველი ადამიანის უფლებათა შემზღუდველი რეგულაციების გასამართლებლად გამოყენებას და ამას ეფექტიანად ახერხებენ. ერთი მხრივ, საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ამ შეზღუდვების გარეშე შეუძლებელი იქნება პანდემიის დამარცხება და მეორე მხრივ, ამ რეგულაციებს იყენებენ კრიტიკული აზრის, შეკრების, მანიფესტაციისთვის გარკვეული დაბრკოლების შესაქმნელად და ამას ვხედავთ საქართველოშიც. ეს მწარე, ცუდი რეალობაა, მთლიანად შესაცვლელია და ასე ვთქვათ, დეკონსტრუირება სჭირდება.

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში ეს ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, აჩენს ხელისუფლების რეალურ სწრაფვას, რეალურ მიზნებს და მათ შორის, შესაძლებლობის არ გამოტოვებას, რომ უფლებები შეიზღუდოს ქვეყანაში. ცალსახად, საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება პანდემიას იყენებს, როგორც ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალებად. 

    – ნამოხვანის პროტესტის და სხვა აქციების მონაწილეები, ვინც დაჯარიმდნენ კომენდანტის საათის დაღვევის გამო, აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან ჯარიმას, რადგან გამოხატვის უფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე კოვიდ-რეგულაცია. რა პროცესები მიდის არგდახდის შემთხვევაში და თუ არსებობს პრეცედენტი, რომ სასამართლოს ჯარიმის ოქმები გაეუქმებინა?

    – ეს არ არის იშვიათი შემთხვევები, რომ ყველას ვიცნობდეთ და ცხადია, ბევრი განსხვავებული გარემოების მქონე შემთხვევაა, თუმცა რაც ახსენეთ, ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტი, გუმათჰესთან პროტესტში მონაწილე ადამიანების დაჯარიმებები და თავად ეს კომენდანტის საათის გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ, რადგან ძალიანაც, რომ გინდოდეს ქუთაისში ჩახვიდე და იქიდან მხარი დაუჭირო პროტესტის მონაწილეებს, არ შეგიძლია იქ დარჩე, რადგან შეიძლება დაგაჯარიმონ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამით ანელებს პროტესტს, ნაკლებეფექტიანს ხდის პროტესტს და გამოხატვას.

    რაც შეეხება ჯარიმებს, ვიცი, რომ ბევრი მათგანი ყოფილა გასაჩივრებული. იშვიათად მსმენია ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც სასამართლომ ესეთი ჯარიმა გააუქმა, იმიტომ, რომ ადამიანების ნაწილი ნაკლებად არის უზრუნველყოფილი მსგავსი გასაჩივრებით. რამდენიმე საქმე ვიცი, როცა გასაჩივრდა, მაგრამ ეს არსებით სტატისტიკას ვერ მოგვცემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. იყო საჩივარი ზოგიერთი შეზღუდვის კანონიერებასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, კარანტინში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი დავა დაუსრულებელია.

    – ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ეფექტურ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ. ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი ვაქცინა, რომ სანდოობის მაჩვენებელი ჰქონდეს, ასევე არ მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია. საპასუხოდ ვიღებთ ახალ შეზღუდვებს, რეგულაციებს, რაც არის დროებითი ზომა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამ ვითარებაში კომფორტულად გრძნობს თავს. პანდემია კიდევ დიდ ხანს გასტანს და თქვენი აზრით, ხელისუფლებას ეს მდგომარეობა აწყობს?

    – ცხადია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით უფრო ილუზიას ქმნის ეფექტიანობის, ვიდრე ნამდვილ ეფექტზე არის ორიენტირებული, იმიტომ, რომ ვაქცინაციის მიმდინარე პროცესი თქვენ პრაქტიკულად შეაფასეთ თქვენს კითხვაში და ძალიან მძიმედ არის ამ თვალსაზრისით საქმე, არც ვაქცინა გვაქვს ხარისხიანი, საიმედო და არც ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოება დაარწმუნოს ვაქცინაციის ეფექტიანობასა და სისწორეში. ეს თავისთავში გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია მიმდინარე პროცესი და საფრთხეები დაკავშირებული პანდემიასთან კიდევ მინიმუმ ერთი წელი გაგრძელდეს როგორი ვარაუდებიც არის. ეს ერთი წელი ხელისუფლება რეგულაციებს შეინარჩუნებს, ნაწილობრივ შეინარჩუნებს საჭიროების შემთხვევაში, რაც მას დახმარებას უწევს პოლიტიკური პროცესის გადავლაში. ამიტომ ვამბობდი თავში და ვიმეორებ, პანდემია ჯანმრთელობისთვის საშიში მოვლენაა, თუმცა ავტორიტარული რეჟიმები სხეულში ორმაგად საშიში არის, რადგანაც ის არა მარტო ხორცს, სულსაც ვნებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]