• სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

    სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017 21:25 view 22570
    სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, შოთა გეწაძემ და მირანდა ერემაძემ დააკმაყოფილეს საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჩივარი და გააუქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28 ივლისის გადაწყვეტილება.

    2017 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე და სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

    მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ კადიევი, რომლის ექსტრადირებასაც რუსეთის ხელისუფლება ითხოვს, დაუცველი დატოვა. ადვოკატის თქმით, საექსტრადაციო პროცედურა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურით იყო შეჩერებული, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი საექსტრადიციო პროცედურის გაგრძელების სამართლებრივი წინააღმდეგობა აღარ არსებობს.

    „სააპელაციო სასამართლომ მიიღო ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, უარი უთხრა დაღესტნელ უფლებადამცველს მიკაილ კადიევს თავშესაფრის მიცემაზე და გაწირა პუტინისთვის გადასაცემად. ის ფაქტიურად დაუცველია. სამინისტროს არგუმენტია, რომ რუსეთში კადიევი არ იდევნება, რომ მის სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება. მათ საჩივარში უწერიათ, რომ რუსეთი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა და რომ იქ კარგი პენიტენციალური სისტემაა“, – აღნიშნავს მალხაზ პატარაია.

    ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლოსთან ურთიერთობის მდივნის, ლევან ბარდაველიძის განცხადებით, მიკაილ კადიევს სურდა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღებით საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება მოეპოვებინა და ამით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა. „კადიევის ბიოგრაფიაში არ არსებობს მოტივი, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სიკვდილი ან რაიმე მსგავსი საშინელება ელოდება“, – აცხადებს ლევან ბარდაველიძე.

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

    მიკაილ კადიევს რუსეთის პროკურატურა 2009 წელს, მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. კადიევი მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, მკვლელობის დღეს ის არა მოსკოვში, არამედ დაღესტანში იმყოფებოდა, სამსახურში იყო და ამას არაერთი პირი ადასტურებს. მისივე თქმით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები მას განსხვავებული მოსაზრებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიან.

    ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მიკაილ კადიევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი პირველად 2014 წელს უთხრა. სამინისტრომ კადიევის საქმე მეორედ 2015 წელს მას შემდეგ განიხილა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს პირველი გადაწყვეტილება გააუქმა და სოზარ სუბარის უწყებას საქმის ახლიდან განხილვა დაავალა.

    მიკაილ კადიევი და მასთან ერთად მყოფი მისივე ახლობელი რიზვან ომაროვი 2013 წლის 13 ივნისს თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შს სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „მომზადების სტადიაზე აღკვეთილ იქნა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“. სინამდვილეში, პროკურატურამ კადიევს და ომაროვს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა წარუდგინა. კადიევი და ომაროვი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იარაღი მათ კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებისას ჩაუდეს.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ კადიევს და ომაროვს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მსჯავრდებულებმა გაასაჩივრეს, მაგრამ განაჩენი უცვლელი დარჩა. კადიევი და ომაროვი პატომრობიდან სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, 2015 წლის ივნისში გათავისუფლდნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]