• ლტოლვილთა სამინისტრომ მიკაილ კადიევს თავშესაფრის მიცემაზე მესამედ უთხრა უარი

    პარასკევი, 26 იანვარი 2018 11:08 view 4299
    ლტოლვილთა სამინისტრომ მიკაილ კადიევს თავშესაფრის მიცემაზე მესამედ უთხრა უარი

    საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს მიკაილ კადიევს უარი უთხრა იმ განცხადების განხილვაზე, რომლითაც ის საქართველოში თავშესაფრის მიღებას ითხოვს. კადიევს, რომლსაც რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, სამინისტრომ არც თავშესაფრის მაძიებლის ცნობა მისცა.

    „ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. შეგიძლიათ ინტერნეტი გახსნათ და გეტყვით, თუ რა მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩეჩნეთში, გროზნოში ნარკოტიკი ჩაუდეს უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტეტიევს. დაღესტანში, სამი დღის წინ, ცეცხლი წაუკიდეს უფლებადამცველის მანქანას. ინგუშეთში უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. არ ვიცი კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო. ეს მხოლოდ ის არის, რაც ერთი თვის განმავლობაში მოხდა. მე არ ვამბობ, რა მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, - 23 ჟურნალისტი მოკლეს“, - ამბობს მიკაილ კადიევი.

    მან ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის მიღების თხოვნით დეკემბერში მიმართა. კადიევი ითხოვდა, რომ მისი საქმე 2017 წლიდან ამოქმედებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით განეხილათ. ლტოლვილთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ახალი კანონით ვერ მოხდება იმ ადამიანის საქმის ხელახლა შესწავლა, ვისაც თავშესაფრის მინიჭებაზე ძველი კანონით ეთქვა უარი.

    კადიევის ადვოკატის მალხაზ პატარაიას განცხადებით, ლტოლვილთა სამინისტროს არგუმენტი აბსურდულია და მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადიციის დასაჩქარებლად უწყება წინააღმდეგობებს განზრახ ქმნის.

    „ჩვენი განცხადება პირველად არ მიიღეს წარმოებაში, შემდეგ კი გვიპასუხებს, რომ ახალ კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს და საქმეს ხელახლა ვერ შეისწავლიან. ეს არის აბსურდი. სამართლის ზოგადი პრინციპია, რომ უპირატესობა ენიჭება ყველა კანონს, რომელიც პირის მდგომარეობას ამსუბუქებს და უკეთეს მდგომარეობაში აყენებს მას. ამაზე შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი, რაც ასევე არ მიიღეს წარმოებაში და განგვიმარტეს, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა. ძველი კანონით იქნება თუ ახლით, როგორც კი პირი განცხადებას წარადგენს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ, ეძლევა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს შესაბამის დოკუმენტს. ეს ცნობაც არ მოგვცეს. ეს საბუთი არა მხოლოდ ექსტრადიციისგან და დეპორტაციისგან იცავს კადიევს, არამედ აღჭურავს მას უფლებებით. საექსტრადიოციო საქმე ჯერ დაწყებული არ არის და როგორც ჩანს, ეს საქმე რომ დააჩქარონ ამისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ პანკსის სათემო რადიოსთან.

    მიკაილ კადიევი 4 წელია საქართველოში თავშესაფრის მიღებას ცდილობს. ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი პირველად 2014 წელს უთხრა. სამინისტრომ კადიევის საქმე მეორედ 2015 წელს მას შემდეგ განიხილა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს პირველი გადაწყვეტილება გააუქმა და უწყებას საქმის ახლიდან განხილვა დაავალა. ამჯერადაც სამინისტრომ არ დააკმაყოფილა კადიევის მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება 2017 წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ლტოლვილთა სამინისტრო თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ვერ დადასტურდა მიკაილ კადიევის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ის რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნება დაღესტანში ადამიანის უფლებების დასაცავად მისი სამოქალაქო აქტივობების და განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო.

    მიკაილ კადიევს რუსეთის ხელისუფლება 2009 წელს, მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებს. კადიევი მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, მკვლელობის დღეს ის არა მოსკოვში, არამედ დაღესტანში იმყოფებოდა, სამსახურში იყო და ამას არაერთი პირი ადასტურებს. მისივე თქმით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები მას განსხვავებული მოსაზრებებისა და სამოქალაქო აქტიურობის გამო დევნიან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]